მთავარისაქართველოაშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი საქართველოში მართლმსაჯულების რეფორმას კრიტიკულად აფასებს

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი საქართველოში მართლმსაჯულების რეფორმას კრიტიკულად აფასებს

„რეფორმამ არ იმოქმედა სასამართლო სისტემაში არაფორმალური გავლენიანი ჯგუფების როლზე“

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა წლიური ანგარიში გამოაქვეყნა. მასში მიმოხილულია ადამიანის უფლებრივი მდგომარეობა და პოლიტიკური ვითარება იმ ქვეყნებში, რომლებიც ამერიკისგან დახმარებას იღებენ ან გაეროს წევრები არიან. ანგარიში ეხება საქართველოსაც. სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელთა აზრით, საქართველოს მთავრობამ სათანადოდ არ გამოიძია და არ დასაჯა 2021 წლის 5 ივლისის ძალადობრივი აქციის ორგანიზატორები. სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში ასევე ყურადღება ეთმობა მართლმსაჯულების სისტემაში არსებულ გამოწვევებს, მედიის თავისუფლებას, საქართველოში ჩატარებულ ბოლო საპარლამენტო არჩევნებს და რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას.

რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ყოველწლიურ ანგარიშში ერთ-ერთი მთავარი საკითხია. საუბარია ადამიანის უფლებების უხეშ დარღვევაზე, უკანონო დაკავებებსა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მძიმე ჰუმანიტარულ მდგომარეობაზე. დოკუმენტში ნათქვამია, რომ რუსი მესაზღვრეები საქართველოს მოქალაქეებს მუდმივად უზღუდავენ გადაადგილების თავისუფლებას.

„დე ფაქტო ხელისუფლებამ ე.წ. სამხრეთ ოსეთში საერთაშორისო ორგანიზაციებს ჰუმანიტარული დახმარების მიზნით შესვლის უფლება არ მისცა. გრძელდება უკანონო ბორდერიზაცია, რამაც კიდევ უფრო შეზღუდა გადაადგილება და მოსახლეობა საარსებო წყაროს გარეშე დარჩა. რუსეთის დე ფაქტო ხელისუფლებათა წარმომადგენლები კვლავ დაუსჯელად არღვევდნენ კანონს“ – ნათქვამია დოკუმენტში.

სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში საუბარია 2021 წლის 5-6 ივლისის ძალადობრივ აქციის შესახებ და ნათქვამია, რომ ხელისუფლებამ სათანადოდ არ გამოიძია და არ დასაჯა ამ აქციის ორგანიზატორები. დოკუმენტში ასევე წერია, რომ ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების მიზეზის დადგენის ნაცვლად, სამართლდამცავი ორგანოების განცხადებები მისი დისკრედიტაციისკენ იყო მიმართული.

„11 ივლისს ტვ პირველის ოპერატორი ლექსო ლაშქარავა საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. 5 ივლისის თავდასხმების შედეგად ის სასტიკად იყო ნაცემი. მალევე გამოჩნდა სამართალდამცავი ორგანოების განცხადებები, რომლებიც მისი გარდაცვალების მიზეზების დადგენის ნაცვლად, ჟურნალისტის დისკრედიტაციას ემსახურებოდა. ლაშქარავას გარდაცვალების შემდეგ 70-ზე მეტმა მედია ორგანიზაციამ გაავრცელა ერთობლივი განცხადება, რომ ქვეყანაში მედიის წარმომადგენლების უფლებების დარღვევის შემთხვევებმა კრიტიკულ ზღვარს მიაღწია. 30 სექტემბერს „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომ“  განაცხადა, რომ ქვეყანაში კრიტიკული მედიის წარმომადგენლები განსაკუთრებული რისკის ქვეშ არიან, რაც განპირობებულია ხელისუფლების წარმომადგენლების აგრესიული რიტორიკით და ძალადობრივი ინციდენტების არაადეკვატური გამოძიებით“ – წერია ანგარიშში.

დოკუმენტში, რომელსაც ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი ყოველწლიურად აქვეყნებს, ნათქვამია, რომ 2013-2021 წლებში განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებები შეიძლება შეფასდეს, როგორც სასამართლო სისტემის ინსტიტუციური შეცვლის მოჩვენებითი და არასრული მცდელობა, რამაც საბოლოოდ დადებითი გარდაქმნების იმიტაცია შექმნა და რეალური, სისტემური ცვლილება არ მოუტანია.

„2012 წელს ხელისუფლების ცვლილება ფუნდამენტური რეფორმების კარგი წინაპირობა იყო, მაგრამ პოლიტიკური ნების ნაკლებობამ და ბოლო ცხრა წლის განმავლობაში განხორციელებულმა ფრაგმენტულმა საკანონმდებლო ინიციატივებმა ვერ გადაჭრა საქართველოს ყველაზე მნიშვნელოვანი გამოწვევა – რეფორმამ არ იმოქმედა სასამართლო სისტემაში არაფორმალური გავლენიანი ჯგუფების როლზე“ – ნათქვამია სახელმწიფო დეპარტამენტის წლიურ ანგარიშში.

სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში მოხვდა საქართველოს მესამე პრეზიდენტის დაკავება და მისი უფლებების შესაძლო დარღვევის საკითხიც. საუბარი ეხება მიხეილ სააკაშვილის გადაყვანას რუსთავის საპატიმროდან გლდანის ციხის სამკურნალო დაწესებულებაში.

„სახალხო დამცველის აპარატში აცხადებენ, რომ 2021 წლის 11 ნოემბერს იუსტიციის სამინისტრომ დაარღვია პატიმრის პატივის, ღირსებისა და პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლება. სახალხო დამცველის აპარატი ასევე ამტკიცებდა, რომ საქართველოს მე-3 პრეზიდენტს შეეზღუდა სამართლიანი სასამართლოს უფლება, ვინაიდან მას სამჯერ არ მიეცა საკუთარ სასამართლო პროცესზე დასწრების შესაძლებლობა“ – წერია დოკუმენტში.

საქართველოს შესახებ მომზადებულ დოკუმენტში საუბარია სახელმწიფო ინსპექტორი სამსახურის გაუქმების შესახებაც და ნათქვამია, რომ პარლამენტმა რამდენიმე დღეში, დაინტერესებულ მხარეებთან კონსულტაციის გარეშე მიიღო გადაწყვეტილება.

„სახელმწიფო ინსპექტორის თანამდებობიდან გათავისუფლება 2022 წლის მარტში დაიგეგმა, მიუხედავად იმისა, რომ მას კონსტიტუციით დაკისრებული უფლებამოსილების ვადის გასვლამდე სამი წელი რჩებოდა. მმართველმა პარტიამ პარლამენტში დააჩქარა კენჭისყრა და კანონპროექტი სამივე მოსმენით, ერთ კვირაზე ნაკლებ დროში, დაინტერესებულ მხარეებთან კონსულტაციის გარეშე, საერთაშორისო კრიტიკის ფონზე მიიღო“ – ნათქვამია ანგარიშში.

ყოველწლიური ანგარიშში ასევე საუბარია საქართველოში ჩატარებულ ბოლო საპარლამენტო არჩევნებზე, სადაც ნათქვამია, რომ კენჭისყრისას დაცული იყო ამომრჩევლის ძირითადი უფლებები, თუმცა ამომრჩეველზე ზეწოლამ, ასევე მმართველ პარტიასა და სახელმწიფოს შორის ზღვრის მოშლამ საარჩევნო პროცესის მიმართ მოქალაქეების ნდობა შეამცირა.

ნანუკა მეშველაშვილი

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend