მთავარი საქართველო ქართველი პოლიტიკოსები უკრაინაში გაემგზავრებიან

ქართველი პოლიტიკოსები უკრაინაში გაემგზავრებიან

რამდენიმედღიანი მსჯელობის შემდეგ „ქართულმა ოცნებამ“ დღეს განაცხადა, რომ უკრაინაში, სავარაუდოდ, ოპოზიციასთან ერთად ჩავლენ.

„ჩვენ ამ თემასთან დაკავშირებით კონსულტაციები გვქონდა. გადაწყვეტილება მიღებულია, რომ უმრავლესობის წარმომადგენლები წავლენ უკრაინაში, შემადგენლობა მოგვიანებით დაზუსტდება. დელეგაცია კი კონკრეტული კრიტერიუმების მიხედვით შედგება. უკრაინაში ვიზიტი იქნება ჩვენი სოლიდარობის გამოხატვა უკრაინელი ხალხისა და უკრაინის სახელმწიფოს მიმართ, რომელიც გმირულად იბრძვის რუსული აგრესიის წინააღმდეგ. რაც შეეხება ჩემ ჩასვლას, პრაქტიკულად, პარლამენტის თავმჯდომარის ვიზიტი და მმართველი პარტიის თავმჯდომარის ვიზიტი რანგით ერთი და იგივე გამოდის. შესაბამისად, ამ რანგის ვიზიტის ორგანიზებისთვის გვჭირდება გარკვეული წინაპირობების არსებობა.“, – განაცხადა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ.

ქალაქ ბუჩაში შალვა პაპუაშვილი რამდენიმე დღის წინ მისმა უკრაინელმა კოლეგამ მიიწვია. თუმცა, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ მიწვევა არასათანადოდ მიიჩნია და ამის ერთ-ერთ მიზეზად დაუსაბუთებელი დიპლომატიური დემარშები და კონტრაბანდაში უსაფუძვლოდ დადანაშაულება დაასახელა.

ოპოზიციამ კი საპარლამენტო უმრავლესობას მოუწოდა, რომ უკრაინაში ყოველგვარი პირობების გარეშე ჩავიდნენ და მხარი დაუჭირონ რეზოლუციას, რომელიც ოპოზიციამ პარლამენტში დააინიცირა.

„დღეში რამდენჯერმე იცვლის პოზიციას „ქართული ოცნება“ უკრაინაში ვიზიტთან დაკავშირებით. გუშინ გამოვიდა ბატონი მდინარაძე და თქვა, რომ დიახ, წავლენ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები. შემდეგ გამოვიდა ბრიფინგზე ბატონი კობახიძე და გამოაცხადა, რომ რაღაც პირობებს აყენებს „ქართული ოცნება“, დღეს კიდე სხვა რამეს ამბობს. მე მინდა, საზოგადოებას ესმოდეს, რეალობა რა არის. უკრაინაში ვიზიტი, რა თქმა უნდა, სოლიდარობის აქტია, მაგრამ ეს ასევე არის, ძალიან სერიოზული პოლიტიკური განაცხადი. „ქართულ ოცნებას“ არ აქვს შესაბამისი პოლიტიკური ნება, იმიტომ, რომ, როგორც ჩანს, ჯერ ვერ შეათანხმეს ივანიშვილთან და მის შუამავლებთან მოსკოვში, რა შედეგი ექნება ივანიშვილისთვის იმას, რომ მისი პოლიტიკური პროექტის წარმომადგენლები ჩავიდნენ დღეს უკრაინაში“, – აღნიშნა „ლელოს“ დეპუტატმა, სალომე სამადაშვილმა.

„ნაციონალური მოძრაობის“ მაღალი თანამდებობის პირები, მათ შორის, ფრაქციის ხელმძღვანელი კიევში გაგანია ომის დროს იყო. ვგულისხმობ ხატია დეკანოიძეს, პეტრე ცისკარიშვილს, დავით ხაჯიშვილს. „ნაციონალური მოძრაობიდან“ გია ბარამიძე ომის დაწყებიდან იქ არის, კიევშია. შესაბამისად, ცხადია, ყველა ჯერზე, სადაც საჭირო იქნება, რომ სოლიდარობა გამოვუცხადოთ ჩვენს მეგობრებს, ვიქნებით იქ“, – თქვა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ლევან ხაბეიშვილმა.

ქართველი პოლიტიკოსები უკრაინაში, სავარაუდოდ, მიმდინარე კვირის ბოლოს გაემგზავრებიან. დელეგაციის შემადგენლობა კი მოგვიანებით დაზუსტდება.

ანა ალელიშვილი

უახლესი

სხვა ამბები

Send this to a friend