მთავარიამბები„მისამართების სია“: უკრაინის პოლიცია კარდაკარ დადის, რათა დაღუპულთა ცხედრები ეზოებიდან გადაასვენოს

„მისამართების სია“: უკრაინის პოლიცია კარდაკარ დადის, რათა დაღუპულთა ცხედრები ეზოებიდან გადაასვენოს

უკრაინის პოლიცია კარდაკარ დადის, რათა დაღუპულთა ცხედრები ეზოებიდან გადაასვენოს

კიევის მიმდებარე რაიონებში, რომლებიც გასულ კვირას რუსმა სამხედროებმა დატოვეს, პოლიციის ოფიცრები კარდაკარ დადიან, რათა მოსახლეობას ცხედრების გადასვენებაში დაეხმარონ. საქმე ის არის, რომ რუსი ჯარისკაცების შიშით ადგილობრივები დაღუპულ მეგობრებს, ნათესავებსა და ოჯახის წევრებს დროებით საკუთარ ეზოებსა და ბაღებში მარხავდნენ.

პოლიციის ოფიცრებს სიები აქვთ, სადაც წერია იმ ოჯახების მისამართები,  რომლებმაც ამ დროისთვის უკვე მიმართეს პოლიციას ცხედრის გადასვენებაში დახმარების თხოვნით. ახლა კიდევ უფრო ნათლად ჩანს აქ დატრიალებული სისასტიკის მასშტაბები.

ერთ-ერთი ოფიცერი, რომელიც ცხედრების გადასვენებაში დასახმარებლად კარდაკარ დადის იური ნეჩაია. ის ამბობს, რომ ცხედრების დანახვისას უკვე ვეღარაფერს გრძნობს, რადგან ტკივილს შეეჩვია.

„უკვე ერთი თვეა ჩვენს ტერიტორიაზე ომია. მე ვნახე როგორ აფეთქდა ჩემი მეგობარი. მას შემდეგ საერთოდ ვერაფერს ვგრძნობ, როცა ცხედრებს ვხედავ“- აცხადებს იური ნეჩაი.

9 აპრილს, იური და მისი კოლეგები დაბა ანდრიივკაში, ერთ-ერთ ოჯახში მივიდნენ, საიდანაც ორი ცხედარი უნდა გადაესვენებინათ. ერთ-ერთი მსხვერპლი კიევის მერის, ვიტალი კლიჩკოს ახლო ნათესავი იყო. მას ჯერ მეგობარი მოუკლეს თვალწინ, შემდეგ კი სარდაფში ჩაიყვანეს და იქ ესროლეს. ანდრიივკის მერი, ანატოლი კებუკევიჩი იხსენებს, თუ როგორ მოკლეს რუსმა სამხედროებმა ორი ადამიანი მის ეზოში: „მათ ჯერ ვიტალიკი მოკლეს. ხელები შეუკრეს და აიძულეს მუხლებზე დამდგარიყო. მერე ესროლეს… ამის შემდეგ ვადიმთან გადაინაცვლეს… ჯერ სარდაფში ჩაიყვანეს, როგორც ჩანს ის უარს ამბობდა დამდგარიყო მუხლებზე. ამის გამო, ჯერ ფეხებში ესროლეს, ის დაეცა, შემდეგ კი კისერშიც ესროლეს…“

ჯერ არ არის ცნობილი ზუსტად რამდენი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა კიევის მიმდებარე ტერიტორიებზე დატრიალებულმა წარმოუდგენელმა ტრაგედიამ. იურისა და მის კოლეგებსაც არ აქვთ ჯერ სრული სურათი. მისამართების სია ყოველდღიურად იზრდება.

 

სოფო მაქაცარია

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend