გაეროში ამბობენ, რომ უკრაინის იმ ტერიტორიებიდან, რომლებიც რუსეთს ჰქონდა დაკავებული, ვრცელდება ცნობები მშვიდობიანი მოსახლეობის გაუპატიურებისა და ძალადობის შემთხვევებთან დაკავშირებით. სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში კი აცხადებენ, რომ ყოველ აღრიცხულ შემთხვევაზე უკვე დაწყებულია გამოძიება.
გაეროს ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ ქალებს უკრაინაში უფრო მეტი დაცვა სჭირდებათ, რადგან სულ უფრო მეტი ინფორმაცია ვრცელდება გაუპატიურებისა და სექსუალური ძალადობის შემთხვევების შესახებ იმ ტერიტორიებიდან, რომლებიც გარკვეული დროის განმავლობაში რუსებს ჰქონდათ დაკავებული. ჯგუფური გაუპატიურება, თავდასხმა იარაღის მუქარით და ბავშვების თვალწინ ხალხის გაუპატიურება – ეს იმ საშინელი ჩვენებების ნაწილია, რომლებიც გამომძიებლებმა შეაგროვეს.
გაეროს ქალთა ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორი სიმა ბაჰოუსი ამბობს, რომ იზრდება გაუპატიურებისა და სექსუალური ძალადობის შემთხვევების რაოდენობა. მისი აზრით, ეს დანაშაული ცალკე უნდა იქნეს გამოძიებული, დამნაშავეები კი პასუხისგებაში უნდა მიეცნენ. მასობრივი გადასახლება, წვევამდელთა და დაქირავებულ მებრძოლთა დიდი რაოდენობა და უკრაინელი მშვიდობიანი მოქალაქეების მიმართ ჩადენილი სისასტიკე ნამდვილად საგანგაშოა.
ელენა (სახელი შეცვლილია), სხვა ქალების მსგავსად, სექსუალური ძალადობის მსხვერპლია. იგი 2 რუს ჯარისკაცს გაუპატიურებაში ადანაშუალებს. ისინი ელენას სახლში შეჰყვნენ. ტელეფონის აღებაც ვერ მოასწრო, ისე მიიყვანეს საწოლთან ავტომატის მიბჯენით, ტანსაცმელი გახადეს და გააუპატიურეს.
გაუპატიურება ომის დანაშაულად და საერთაშორისო ჰუმინატარული კანონის დარღვევად ითვლება. უკრაინის გენერალურ პროკურატურასა და სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში განაცხადეს, რომ გაუპატიურების შემთხვევებზე აუცილებლად დაიწყება გამოძიება.