მთავარიგადაცემებიExploreძაღლის ბედი დუბაიში

ძაღლის ბედი დუბაიში

დუბაიში შინაური ცხოველები თავს ისე გრძნობენ, როგორც საკუთარ სახლში  – მათ  ემსახურებიან სპეციალურ სასტუმროებში, რესტორნებსა და სალონებში, როგორც, მაგალითად, აქ. ყველას სიამოვნებს პატივისცემა და გამონაკლისი არც ჩვენი ოთხფეხა მეგობრები არიან. ამ საოჯახო სალონში, რომელსაც Shampooch-ი ჰქვია, ძაღლებს ყოველმხრივ აწესრიგებენ. ოთხფეხა კლიენტებს  შამპუნით ბანენ, უსვამენ  ბალზამს, კრეჭენ და პედიკურს უკეთებენ. პროცედურების ბოლოს კლიენტს სუნამოს ასხურებენ და ფოტოსაც უღებენ: პროცედურის გავლამდე და –  პროცედურის შემდეგ.

შაჰინ შაჰანი, Shampooch-ის მმართველი პარტნიორი:

„შამპუჩში“ Shampooch სხვადასხვა ტიპის კლიენტები გვყავს. ზოგს იმიტომ მოჰყავს ძაღლი, რომ გაანებივროს და გაპრანჭოს. უამრავი საქმიანი კლიენტიც გვყავს, რომლებიც დილით სამსახურში მიდიან და ძაღლები აქ მთელი დღით მოჰყავთ,  როგორც სკოლაში. ძაღლები აქ დარბიან, ერთმანეთს უმეგობრდებიან, სახლში დაქანცული, მაგრამ ბედნიერი და კმაყოფილი ბრუნდებიან, რაც პატრონებს ძალიან მოსწონთ.“

ძაღლების კიდევ ერთი თავშესაფარი, სახელწოდებით  My Second Home,  2015 წელს დუბაის საინვესტიციო პარკში გაიხსნა.

ეს ლუქსორული სპა-სალონი ოთხფეხ მეგობრებს ხუთვარსკვლავიან მომსახურებას სთავაზობს – დაბანა-დავარცხნას, სადღეღამისო მოვლას, გაწრთვნას და გართობას – თქვენ წარმოიდგინეთ საცურაო აუზიც კი აქვთ.

შონ პარკერი, My Second Home-ის დირექტორი და გენერალური მენეჯერი:

„ჩვენ მთელი ღამეც ვიტოვებთ ცხოველებს. ვიტოვებთ დღის განმავლობაშიც და გვაქვს სკოლაც, სადაც ძაღლებს წვრთნიან. ძაღლებს ვვარცხნით, გვაქვს სპეციალური პარკი, სადაც პატრონებს შეუძლიათ თავიანთ ძაღლებთან ერთად გაერთონ, გვაქვს ძაღლების ლიმუზინით წაყვანის მომსახურებაც. თითოეული ოთახი, იქნება ეს სტანდარტული თუ საპრეზიდენტო, ვებკამერით არის აღჭურვილი, რათა მზრუნველმა  პატრონმა დაინახოს, როგორ სძინავს მის ცუგას.“

დუბაიში ისეთი სასტუმროებიც არის, სადაც ადამიანს მოგზაურობის დროს  თავის ოთხფეხა მეგობართან ერთად შეუძლიათ ღამის გათევა. ერთი ასეთი სასტუმროს დიზაინის ავტორი აწ გარდაცვლილი  დიზაინერი დამე ზაჰა ჰადიდია. სასტუმრო Me Dubai-ის „განსაკუთრებული ძაღლის“ პაკეტში შედის ძაღლის საწოლი, მოვლის საშუალებები –  სავარცხელი და შამპუნი, ასევე ძაღლის თასები და  საჭმლის ოთახში მიტანის სერვისი. საჭმელს შეფმზარეული ჯეიმს ნაიტ-პაჩეკო ამზადებს.

ჯეიმს ნაიტ-პაჩეკო, Melia Hotels International-ის აღმასრულებელი შეფმზარეული:

„ჩემთვის, როგორც შეფმზარეულისთვის, ძალიან რთული გამოდგა ცხოველების მენიუს შედგენა. როგორც წესი, ადამიანისთვის ვამზადებ. ამიტომ უამრავი კვლევა ჩავატარე ძაღლისა თუ კატის კვება რომ შემესწავლა. მენიუს მხრივ, სხვადასხვა რამ არის გასათვალისწინებელი: საკვები ლეკვისთვის გვინდა თუ მოზრდილი ძაღლისა და კატისთვის. ყველა საკვებს თავისი სახელი აქვს, მაგალითად, Raise the Woof ან Notorious D.O.G, თუმცა ყველა მათგანი პროტეინზეა დამზადებული და ცოტა ნახშირწყალს შეიცავს.“

თუ გსურთ თქვენს ოთხფეხა მეგობართან ერთად ისაუზმოთ ან ისადილოთ, დუბაიში სპეციალურ რესტორნებს ეწვიეთ. მაგალითად, ასეთია  რესტორანი Reform Social & Grill Dubai. გარდა იმისა, რომ აქ შინაური ცხოველებისთვის განკუთვნილი სპეციალური საჭმელი და სასეირნო ბილიკებია, აქ ოთხფეხა კლიენტებს სხვა მხრივაც ანებრივებენ. მაგალითად, როცა პატრონი სადილობს, შეუძლია, ლუკმა ოთხფეხა მეგობარსაც გაუზიაროს.

სულ სხვა თავგადასავალი გელოდებათ დუბაის ერთადერთ დახურულ ჯუნგლებში Green Planet, რომელიც სითი ვოლქის უბანში მდებარეობს.

აქ შეგიძლიათ, ახლოს ნახოთ და ხელითაც შეეხოთ სხვადასხვა ცხოველს, იქნება ეს ეგზოტიკური ფრინველი, ჩანთოსანი თუ  ზარმაცასებრი.

ერიკ რორკასტე, Green Planet-ის ცხოველთა მოვლის ზედამხედველი:

„აქ შეგიძლიათ რამდენიმე სხვადასხვა ცხოველს შეხვდეთ. გვყავს ჩანთოსანი მფრინავი ციყვი, რომელსაც შეგიძლია  15-20 წუთით ესტუმრო. სტუმრები მოდიან ამ სახეობის მთელი ოჯახის სანახავად. მათ ნებას ვაძლევთ ცხოველს მისი საყვარელი სასუსნავი მიაწოდონ, მაგალითად  მატლი ან ყურძენი. სტუმრებს შეუძლიათ შეეხონ და ხელში დაიჭირონ და ყველაფერი გაიგონ ამ პაწაწინა საინტერესო ცხოველების შესახებ. კიდევ ერთი ცხოველი, რომლის ხელის ხლებაც ნებადართულია, ზარმაცაა. ეს შესაძლებელია ყოველ შუადღეს ორის ნახევარაზე. ამ დროს სტუმრებს შეუძლიათ 20-30 წუთი გაატარონ ზარმაცებთან. ზარმაცა ლიამი ჩვენს მისაღებ სივრცეში დაგხვდებათ დასკუპებული. შეგიძლიათ შეეხოთ და ნახოთ, როგორი ბეწვი აქვს. შეგიძლიათ, გამოკვებოთ, მიაწოდოთ მათი საყვარელი ბოსტნეული, სტაფილო ან რამე ხილი, ქლიავი ან ყურძენი. ძალიან  თვინიერები არიან. დღეში 12-18 საათი სძინავთ. დიდი ენერგია არ აქვთ. მთელ ენერგიას საჭმლის მონელებაზე ხარჯავენ. თავის ბუნებრივ გარემოში ზარმაცები ფოთლებით იკვებებიან და ფოთლის მონელებას დიდი დრო სჭირდება.“

წლის დასაწყისში Green Planet-მ ერთი კარგი ამბავი გაავრცელა: ზარმაცა ლიამს და მის პარტნიორს ნაშიერი შეეძინათ –  დედალი ზარმაცა, რომელსაც ლაიმი დაარქვეს.  ეს პირველი ზარმაცაა, რომელიც ამ რეგიონში დაიბადა.

ავტორი: სარა ჰედლეი ჰაიმერსი

 

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend