მთავარიფოკუსიდუბაის ხამანწკის რიფები

დუბაის ხამანწკის რიფები

არაბთა გაერთიანებულ საამიროებს რამდენიმეკილომეტრიანი სანაპირო ზოლი  გასდევს, სადაც  ზღვის ფლორის ათასობით სახეობა ბინადრობს. დუბაიში უამრავი რესტორანი სთავაზობს კლიენტს ადგილობრივ ზღვის პროდუქტს და ხამანწკა სწორედ ერთ-ერთი ასეთი დელიკატესია. რესტორან  Maine New England Brasserie Company-ში ხამანწკები მენიუს თავში დგას. მომხმარებელი თვეში 50 ათას  ხამანწკას უკვეთავს. ხამანწკების ნიჟარებს თავდაპირველად ყრიდნენ. მაგრამ ახლა ეს რესტორანი ადგილობრივ ეკოლოგიურ სკოლასთან და ზღვის დამცველ ჯგუფთან  თანამშრომლობს, რათა ხამანწკის ნიჟარები ისევ ზღვაში დააბრუნოს.

ამ რესტორანში მთელი კვირის განმავლობაში ათასობით ხამანწკას ამზადებენ, არჩევენ და მიირთმევენ. შემდეგ კი  მათი ზღვაში დაბრუნების დრო დგება.

Maine ხამანწკების ყველაზე მსხვილი მიმწოდებელია რეგიონში, რასაც  საკუთარი სამი რესტორნის საშუალებით ახერხებს. მისი დამფუძნებელი და მმართველი პარტნიორი ჯოი გაზალი ამბობს, რომ კომპანია ყოველ თვეში ხამანწკის ნიჟარების უზარმაზარ გროვას ყრიდა. „დუბაის ხამანწკის პროექტი“ (Dubai Oyster Project) ხამანწკის რიფების აღმდგენი პირველი პროექტია, რომელიც ზღვაში ხელოვნური რიფების შესაქმნელად Maine-ს ხამანწკების ნიჟარებს იყენებს.

„როდესაც ჩემს მომხმარებელს ვეუბნები, რომ იმ ხამანწკების ნიჟარებს, რომლებსაც ჩვენთან მიირთმევს, ზღვაში ვაბრუნებთ და რომ თითოეულ აღდგენილ ხამანწკას დღეში 50 გალონი წყლის გაფილტრვა შეუძლია და რომ ისინი წყლის ბუნებრივ ფილტრს ქმნიან, რითაც აჯანსაღებენ გარემოს, ეს კი თავისთავად ხელს უწყობს გადაშენების გზაზე მყოფი ზღვის კუს გამრავლებას, აღტაცებას გამოთქვამენ, რადგან თვლიან, რომ გარემოს დასაცავდ ისინიც აკეთებენ რაღაცას,“ – ამბობს ჯოი.

ამ სამ გუნდს შორის თანამშრომლობას დუბაიში დასაქმებულმა მეწარმემ შეუწყო ხელი.

ფადი აბუ გალი, Dubai Oyster Project-ის თანადამფუძნებელი:

„ჯოი  ჩვენთან მოვიდა ამ პრობლემის მოსაგვარებლად და ჩვენ დავფიქრდით, რა გამოსავალი შეიძლებოდა მოგვეძებნა. მე Arbor School-ის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი ვარ და ჩვენ 18 წლის განმავლობაში ვთანამშრომლობდით „საამიროების ზღვის გარემოსდამცველთა ჯგუფთან“ (Emirates Marine Environmental Group – EMEG), ასე რომ, საკმაოდ კარგად ვიცნობ ჯებელ ალის ნაკრძალს. ამიტომ ვიფიქრე, ეს ყველაფერი ერთმანეთისთვის შემეთავსებინა. და ისეთი მრავალმხრივი პროექტი შემექმნა, რომელიც ერთმანეთთან დააკავშირებდა განათლებას, გარემოსდაცვასა და საკვების ნარჩენების მართვის პრობლემას. ამის გაკეთებას ძალიან დიდი ხნის განმავლობაში ვფიქრობდი. შვილები მყავს და ყოველთვის მინდოდა, რომ ჩვენი ბავშვებისთვის უკეთესი გარემო დამეტოვებინა. ეს ყველაფერს მოიცავს, იქნება ეს გარემოს დაცვა, განათლება თუ საკვების ნარჩენების მართვა. ასე რომ ძალიან ბევრ რამეს გულისხმობს.“

ეს პროექტი დუბაის სანაპირო წყლის ზოლში  ბუნებრივი რიფების სისტემის აღდგენას ისახავს მიზნად, რათა ზღვის ბიომრავალფეროვნება გამოაცოცხლოს და ბუნებრივი გარემო შექმნას ზღვის კუს იმ სახეობისთვის, რომელსაც გადაშენების საფრთხე ემუქრება.  Arbor school-ის უნიკალური ეკოლოგიური ცოდნის გადაცემაზე გათვლილი სასწავლო პროგრამა აქვს. ეს მოწაფეები არაბთა გაერთიანებული საამიროების ოკეანოლოგიას სწავლობენ. ამ კლასის მოსწავლეები თევზის ხაფანგებს ხამანწკის ნიჟარებით ავსებენ. ეს ნიჟარები ისეთ სტრუქტურას შექმნიან, რომელიც ზღვის ფლორისა და ფაუნის გამრავლებას შეუწყობს ხელს.

ბენ ვრენი, Arbor School-ის მრჩეველი გარემოსდაცვითი განათლების საკითხებში:

„ხამანწკების პროექტი საშუალებას იძლეოდა, თეორიული სასწავლო პროგრამა რეალურ გარემოში გადაგვეტანა. ჩვენი მოწაფეები აქ, პლაჟზე, დიდ დროს ატარებენ და კარგად იცნობენ ზღვის გარემოსდაცვით პრობლემებს.  რიფების ნაწილი უკვე ჩავდგით, სადაც საჭირო იყო, მაგრამ მათი მონიტორინგი უფრო ადვილი რომ იყოს, ბავშვები  სანიმუშო ყუთებს ამზადებენ, რომლებსაც რიფებს  მიამაგრებენ. ამ ყუთების მოხსნა, წყლიდან ამოღება და სპეციალური მოწყობილობით სანაპიროზე დათვალიერება ჩვენთვის მოსახერხებელ დროს უფრო მარტივია. ეს პროცესი ბავშვებს საშუალებას აძლევს, უფრო ახლოს გაეცნონ, თუ რა ხდება რიფებზე. ექვს თვეში უკან დავბრუნდებით ამ კლასთან, რომელიც ამ დროს უკვე მეცხრე კლასი იქნება და  მერვე კლასთან ერთად, რათა უფროსკლასელებმა გადასცენ მათ თავიანთი პროექტი.“

„საამიროების ზღვის გარემოს დაცვის ჯგუფის“ დახმარებით სკოლის მოწაფეებმა ყუთები ჩადგეს და მათი მონიტორინგიც განახორციელეს. ეს ყუთები ბიოლოგიურ ბლოკებად გარდაიქმნება და  „საამიროების ზღვის გარემოს დაცვის ჯგუფის“ ნაკრძალში განთავსდება. ამ პროცესს ეკოლოგიის აღდგენას უწოდებენ. თუ ამ პროექტმა გაამართლა, შესაძლოა, იგი სხვა ნაკრძალებშიც დაინერგოს, რაც საამიროების ზღვის ეკოსისტემის გაჯანსაღებას შეუწყობს ხელს.

Arbor School-ის მოწაფე გოგონა იმანი კმაყოფილია სასწავლო პროგრამით:

„ეს მართლა ძალიან კარგია, რადგან ბევრ სკოლაში არ აქვთ ბავშვებს, საკუთარი ხელით რამის   გაკეთების საშუალება. ჩვენ ძირითადად თეორიას ვსწავლობთ, თეორია გეხმარება, რომ რეალურ ცხოვრებაში გააკეთო საქმე. ეს გეხმარება, პრობლემა შეისწავლო და გაარკვიო, რა არის გამოსავალი.“

მისი თანაკლასელი ბიჭი ფლორისი ეთანხმება:

„ჩემი აზრით, ძალიან მაგარია. რომ შეგვიძლია გამოყენებული ნიჟარა უკან დავაბრუნოთ. ეს ეკოციკლს ჰგავს.“

დათვლილია, რომ ბოლო ექვსი თვის განმავლობაში  Maine-მა 250 ათასი ხამანწკის ნიჟარა გადასცა Arbor school-ს. მათი მიზანია, რომ ეს რიცხვი წლის ბოლოსთვის მილიონამდე გაიზარდოს.

ავტორი: ნატალი ლინდო

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend