კვირას საფრანგეთში საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდება. წინასწარი გამოკითხვების თანახმად, არჩევნებში მოქმედი პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი ლიდერობს. მეორე ადგილზე კი ულტრამემარჯვენე კანდიდატი მარინ ლე პენია. არჩევნების საბოლოო შედეგები, სავარაუდოდ, 24 აპრილს, მეორე ტურში, გაირკვევა.
ხუთი წლის წინ ემანუელ მაკრონი 39 წლის ასაკში საფრანგეთის ყველაზე ახალგაზრდა პრეზიდენტი გახდა. ის მოსახლეობას ახალი პოლიტიკური ცხოვრების დაწყებას და მემარჯვენეებსა და მემარცხენეებს შორის არსებული დაპირისპირების დასრულებას ჰპირდებოდა.
კამპანიის დროს მაკრონი თავს ცენტრისტ, პროევროპელ პოლიტიკოსად წარმოაჩენდა, თუმცა მოგვიანებით კრიტიკოსები „მდიდრების პრეზიდენტად“ და „ქამელეონ პრეზიდენტად“ მოიხსენიებდნენ. მისი მმართველობის განმავლობაში დასაბამი მიეცა „ყვითელი ჟილეტების“ საპროტესტო მოძრაობას, რომლის მონაწილეები საფრანგეთში შექმნილ სოციოეკონომიკურ მდგომარეობას აპროტესტებდნენ.
2022 წლის არჩევნებში ემანუელ მაკრონის მთავარი კონკურენტი კვლავ ულტრამემარჯვენე კანდიდატი მარინ ლე პენია. მისი კამპანია ძირითადად ანტისაიმიგრაციო რიტორიკაზე დგას, თუმცა ბოლო დროს სოციალურ საკითხებსაც ეხება. მარინ ლე პენმა ამომრჩევლთა გული ნაკლებად რადიკალური განცხადებებით მოიგო.
მარკ ლაზარი, Sciences-Po-ს უნივერსიტეტის დეკანი: „თუ მეორე ტური მაკრონსა და ლე პენს შორის გაიმართება, მაკრონი აგრესიულ კამპანიას აწარმოებს რამდენიმე თემის გარშემო. იგი ლე პენს პოპულისტ ულტრამემარჯვენედ და დემოკრატიის წინაშე არსებულ საფრთხედ წარმოაჩენს. იგი ადრეც ამბობდა, რომ პოპულიზმი ევროპული დემოკრატიის მთავარი გამოწვევაა. ის ასევე ყურადღებას გაამახვილებს სოციალურ პრობლემებზე, რათა მემარცხენედ განწყობილი ამომრჩევლები მოიზიდოს.“
წინასწარი მონაცემებით, 2017 წელთან შედარებით 2022 წლის არჩევნებზე ნაკლები აქტივობა იქნება. ბევრ ამომრჩეველს ჯერ კიდევ ვერ გადაუწყვეტია, ვის მიცეს ხმა, განსაკუთრებით ახალგაზრდებსა და მუშათა კლასის წარმომადგენლებს.