მთავარისაქართველო3 აპრილის მონაცემებით, საქართველოში 20 723 უკრაინელი ლტოლვილია, მათ შორის 4 500...

3 აპრილის მონაცემებით, საქართველოში 20 723 უკრაინელი ლტოლვილია, მათ შორის 4 500 ბავშვია

ანდრიი კასიანოვი: „უკრაინის უმაღლესი რადის თავმჯდომარემ მიმართა ყველა პარლამენტარს, ჩამოვიდნენ ბუჩაში და საკუთარი თვალით ნახონ ეს დანაშაული. შესაბამისი მოწვევა გუშინ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმაც მიიღო"

3 აპრილის მონაცემებით, საქართველოში 20 723 უკრაინელი ლტოლვილია, მათ შორის 4 500 ბავშვია – ასე განუცხადა „ევრონიუს ჯორჯიას“ უკრაინის საელჩოს საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა ანდრიი კასიანოვმა.

მისი განმარტებით, უკრაინის მოქალაქეებს საქართველოში პრობლემები არ აქვთ, რადგან ამ საკითხთან დაკავშირებით საელჩო საქართველოს სხვადასხვა უწყებასა და საერთაშორისო ორგანიზაციასთან ერთად მუშაობს.

ანდრიი კასიანოვმა დღეს უკრაინის საელჩოში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ბუჩაში მომხდარი ტრაგედიის უკეთ აღსაქმელად ქალაქში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან მიიწვიეს პარლამენტარები. უკრაინის უმაღლესი რადის თავმჯდომარემ მოწვევა გუშინ, 7 აპრილს, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს შალვა პაპუაშვილსაც გაუგზავნა.

„უკრაინის უმაღლესი რადის თავმჯდომარემ ბატონმა სტეფანჩუკმა მიმართა ყველა პარლამენტარს, ჩამოვიდნენ ბუჩაში და საკუთარი თვალით ნახონ ეს დანაშაული. შესაბამისი მოწვევა გუშინ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმაც მიიღო.  გუშინ გაერომ რუსეთს ადამიანის უფლებათა საბჭოს წევრის სტატუსი შეუჩერა. მადლობას ვუხდით ყველას, ვინც ამ გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირა. მადლობას ვუხდით საქართველოს, რომელიც ამ გადაწყვეტილების თანაავტორი იყო. მაგრამ… შეაჩერა ამ გადაწყვეტილებამ ომი? არა! არ შეაჩერა!“

ანდრიი კასიანოვის თქმით, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეხუთე პაკეტი მიიღეს, რომელიც რუსეთის ეკონომიკას კიდევ უფრო დაანგრევს  და მსოფლიოსგან მის იზოლაციას უფრო მეტად შეუწყობს ხელს. თუმცა კასიანოვის განმარტებით, სანქციები საკმარისი არ არის, რადგან მას შემდეგ, რაც რუსეთი უკრაინას დაესხა თავს, ევროპამ რუსეთს 35 მილიარდი დოლარი გადაურიცხა ენერგორესურსებით მომარაგებისთვის. უკრაინამ ევროპისგან კი დახმარების სახით მხოლოდ ერთი მილიარდი დოლარი მიიღო.

ანანო ღუდუშაური

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend