მთავარი ევროპა უკრაინა ბუჩაში ისევ ეძებენ ოჯახის წევრებისა და ახლობლების ცხედრებს

ბუჩაში ისევ ეძებენ ოჯახის წევრებისა და ახლობლების ცხედრებს

ბუჩას მცხოვრებთა ნაწილი სამალავებიდან სახლებში ბრუნდება. ისინი საკუთარი თვალით ხედავენ ნამდვილ კატასტროფას, რომელიც მათ ქალაქს თავს დაატყდა. უყურებენ ცხედრებს, დანგრეულ შენობებს, ხიდებს, დამწვარ ავტომობილებს, უმოწყალოდ დახოცილი მეზობლების, მეგობრების, ახლობლების პირად ნივთებს. ვლადისლავა ლიუბანეცი ერთ თვეზე მეტ ხანს ცხოვრობდა სარდაფში შვილებთან ერთად. ისინი გადარჩნენ.

„35 დღე ვიყავით სარდაფში. მხოლოდ სროლა გვესმოდა. არანაირი ინფორმაცია არ გვქონდა. არც ტელეფონი მუშაობდა. ბავშვებს საშინლად სციოდათ. ჩახუტებით ვათბობდი. ვეუბნებოდი, რომ ყველაფერი კარგად იქნებოდა და მალე მოვიდოდნენ უკრაინელი ჯარისკაცები, რომლებიც აუცილებლად გაგვათავისუფლებდნენ. ვუხსნიდი, საჭიროების შემთხვევაში როგორ დაეცვათ თავი. ჩვენს თავშესაფარს ბომბებისგან დასაცავად ერთი კედელი ფანჯრების გარეშე ჰქონდა. თუმცა ბავშვებმა მაინც დაინახეს როგორ იმსხვრეოდა მოპირდაპირე კედელზე ფანჯრები, როგორ ჩამოვარდა კარი, ჭაღები. როგორ დაიმსხვრა კარადა. მათ ეს ყველაფერი დაინახეს“ – ჰყვება ვლადისლავა ლიუბანეცი.

ვლადისლავას მსგავსად, სარდაფს აფარებდა თავს მისი დაც. ის მეზობელ უბანში ცხოვრობდა. 42 დღის შემდეგ მათ 6 აპრილს პირველად ნახეს ერთმანეთი.

„რამდენი ხანია ერთმანეთი არ გვინახავს. ჩემი და აქ იყო, ამ თავშესაფარში, მე კი სულ სხვა ადგილას. ერთმანეთს ვერ ვუკავშირდებოდით. დღეს  შეხვდით და აი, ახლა ვუთხარით ერთმანეთს, რომ ცოცხლები ვართ, გადავრჩით“ – ამბობს ვლადისლავა ლიუბანეცი.

ბუჩასა და სხვა ქალაქებში უკრაინის ხელისუფლება ისევ მუშაობს ასობით ცხედრის ამოცნობაზე. რუსული ჯარების გასვლის შემდეგ გროვდება მტკიცებულებები ომის დანაშაულის შესახებ. ბუჩაში, ქალაქის ცენტრში, საერთო სასაფლაოზე უკვე დაკრძალეს ასობით დაღუპული. ადამიანები ისევ ეძებენ ოჯახის წევრებისა და ახლობლების ცხედრებს  ქუჩებში, სარდაფებში, სახლებში, ნანგრევებში – ყველგან, სადაც რუსმა ჯარისკაცებმა გაიარეს.

უახლესი

სხვა ამბები

Send this to a friend