უკრაინული სამხედრო დაზვერვის ინფორმაციაზე ოფიციალური კიევი საქართველოსგან მტკიცებულებებსა და დამაჯერებელ არგუმენტებს ელოდება. საქართველოს ხელისუფლება კი მოითხოვს, რომ უკრაინის შესაბამისმა სამსახურებმა წარმოადგინონ რაიმე სახის მტკიცებულება საქართველოსთვის წაყენებული ბრალდების შესახებ.
„კატეგორიულად მოვითხოვოთ, რომ უკრაინის შესაბამისმა სამსახურებმა წარმოადგინონ რაიმე სახის მტკიცებულება საქართველოსთვის წაყენებული ამაზრზენი ბრალდების შესახებ ან საჯაროდ, იმავე წყაროებით და ფორმით უარყონ საკუთარი აბსურდული განცხადებები მეგობარი და პარტნიორი ქვეყნის – საქართველოს მიმართ. სრულიად გამაოგნებელია, რომ ამ ყველაფერზე საუბარი გვიწევს რუსეთის მიერ უკრაინაში წარმოებული ღია აგრესიის, ომის და იმ უკიდურესად შემაშფოთებელი კადრების ფონზე, რასაც ჩვენ ბოლო დღეებში და ზოგადად, ომის დაწყების დღიდან ვხედავთ. მიუხედავად ყველაფრისა, საქართველო არასდროს შეწყვეტს უკრაინის და უკრაინელი ხალხის მხარდაჭერას ყველა საერთაშორისო პოლიტიკურ პლატფორმაზე“, – განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ.
4 აპრილს უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის სამსახურმა ინფორმაცია გაავრცელა, რომ რუსეთი სანქცირებული სამხედრო დანიშნულების პროდუქციას კონტრაბანდის სახით, საქართველოს ტერიტორიის გავლით, ხელისუფლების თანხმობით მიიღებს. უკრაინული სამხედრო დაზვერვის ინფორმაციას ოპოზიციაშიც გამოეხმაურნენ.
„საკითხი დგას ძალიან მარტივად. არსებობს სამხედრო და ორმაგი დანიშნულების, ანუ სამხედრო და თან სამოქალაქო მოწყობილობები, ჩიპები, სხვადასხვა დანადგარების საქონელი, რომლის შეტანაც რუსეთში აკრძალულია, მაგრამ საქართველოში შემოტანა აკრძალული არ არის, იმიტომ, რომ საქართველო არ არის სანქცირებული ქვეყანა. რაც შეეხება საქართველოდან რუსეთში რეექსპორტს, ეს აკრძალული საქართველოს ხელისუფლებას არ აქვს. შესაბამისად, ჩნდება ლოგიკური კითხვა – თუ ამ ორმაგი დანიშნულების დანადგარების რუსეთში შეტანა აკრძალული არ გვაქვს, მაშინ არსებობს საფრთხე, რომ საქართველოს ტერიტორიის გავლით ეს საქონელი აღმოჩნდეს რუსეთის ტერიტორიაზე. ამაზე პასუხი უნდა იყოს მარტივი, რომ საქართველოდან რუსეთში სამხედრო და ორმაგი დანიშნულების პროდუქციის, დანადგარების საქონლის გატანა არის აკრძალული“, – აღნიშნა „ევროპული საქართველოს“ წევრმა, ოთარ კახიძემ.
საქართველოში ამერიკისა და ევროკავშირის ელჩები მიიჩნევენ, რომ ეს ძალიან სერიოზული ბრალდებაა, რაზეც ქართულმა და უკრაინულმა მხარეებმა სათანადო კომუნიკაციის საფუძველზე უნდა მოახერხონ ინფორმაციის გაცვლა. მისივე თქმით, მას არანაირი საეჭვო ინფორმაცია ან მტკიცებულება არ აქვს საქართველოს მხრიდან ფარულ ქმედებებთან დაკავშირებით.
„ეს ძალიან სერიოზული ბრალდებაა და ის შესაბამისი არხებით უნდა გაირკვეს მთავრობებს შორის, ესაა ამგვარი საკითხის გამოძიების სწორი გზა. აქ მთავრობამ განაცხადა, რომ საქართველო არ იქნება სანქციების გვერდის ავლისთვის გამოყენებული და ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი“, – განაცხადა აშშ-ის ელჩმა საქართველოში, კელი დეგნანმა.
„რაც შეეხება ძალიან სერიოზულ ბრალდებებს უკრაინის სამხედრო დაზვერვის მხრიდან. ეს არის სერიოზული თავისი ბუნებით და სერიოზულად უნდა მივუდგეთ კიდეც. ამასთანავე მოვისმინეთ ძალიან მკაფიო პასუხი საქართველოს ხელისუფლების მხრიდან, რომ ასეთი რაღაც არ ხდება. არც პრაქტიკის და არც რისკის თვალსაზრისით. რაც შემეხება პირადად მე, ამ ეტაპზე არანაირი ინფორმაცია ან სადაზვერვო მასალა არ გამაჩნია, რომელიც დაადასტურებდა უკრაინული მხარის ბრალდებებს. მთავარია, ორივე მხარემ გააგრძელოს ინფორმაციის გაცვლა, რათა დროულად გადაჭრან ეს პრობლემა“, – აღნიშნა ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, კარლ ჰარცელმა.
ევროკავშირის ელჩი საქართველოში ამბობს, რომ ისეთი პარტნიორისგან, როგორიც საქართველოა, ევროპა ელის, რომ საქართველო უკრაინისა და უკრაინის მოსახლეობის მიმართ იქნება სოლიდარული და მიიღებს საჭირო ზომებს, რათა რუსეთის იზოლაცია მოხდეს.
ანა ალელიშვილი