მთავარისაქართველოუკრაინული დაზვერვის განცხადება და პასუხები საქართველოდან

უკრაინული დაზვერვის განცხადება და პასუხები საქართველოდან

4 აპრილს უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის სამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსეთი სანქცირებული სამხედრო დანიშნულების პროდუქციას კონტრაბანადის სახით, საქართველოს ტერიტორიის გავლით, ხელისუფლების თანხმობით მიიღებს.

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური უკრაინულ მხარეს მოუწოდებს, დაუყოვნებლივ მიაწოდონ მათი დაზვერვის მთავარი სამმართველოს მიერ გავრცელებული ინფორმაციის დამადასტურებელი მტკიცებულებები.

„მოვუწოდებთ უკრაინულ მხარეს, დაუყოვნებლივ მოგვაწოდონ ამ ინფორმაციის დამადასტურებელი მტკიცებულებები, მათზე სამართლებრივი რეაგირების მიზნით. საქართველოს ხელისუფლება იქნება უკომპრომისო ამგვარი დანაშაულის ნებისმიერ შესაძლო შემთხვევასთან დაკავშირებით. წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩაითვლება, რომ გავრცელებული განცხადება წინასწარ განზრახული დეზინფორმაციაა, უკიდურესად არამეგობრული და პროვოკაციული ნაბიჯია და მიზნად ისახავს შიდა არეულობის პროვოცირებას საქართველოში, რაც, ნებსით თუ უნებლიეთ, ემსახურება მხოლოდ საქართველოსადმი მტრულად განწყობილი ძალების ინტერესებს“, – ნათქვამია სუსის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

უკრაინის ბრალდებას შეფასებები მოჰყვა პოლიტიკურ წრეებში. პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე გამორიცხავს მსგავს ქმედებას და უკრაინულ მხარეს მტკიცებულებების წარმოდგენას თხოვს.

„სამხედრო დანიშნულების პროდუქტი, რაზეც უკრაინის ხელისუფლება საუბრობს, რუსეთში უნდა შევიდეს საიდანღაც. საქართველოს გავლით და როგორც ექსპერტები ამბობენ, ასეთ პროდუქტს აწარმოებენ ის ქვეყნები, რომლებიც უერთდებიან სანქციებს. აქედან გამომდინარე, ალოგიკურობის ჯაჭვია. ეს არის აბსურდი, ყველანაირი წითელი ხაზია გადაკვეთილი, თუმცა, მაინც არ გვაქვს უფლება უკრაინის ხელისუფლებას უხეშად დავუპირისპირდეთ, ერთი მარტივი მიზეზის გამო, ეს ხელისუფლება ომის მდგომარეობაშია და ამას ანგარიში უნდა გავუწიოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ამდენი ალოგიკური ნაბიჯის შედეგად ჩვენი რეაქცია უნდა ყოფილიყო დემარში, მაგრამ ამას არ გავაკეთებთ, ისევ და ისევ უკრაინელების ინტერესიდან გამომდინარე. რაც შეეხება ბრალდების დამტკიცება, არ დამტკიცებას, ეს არის, რა თქმა უნდა, პირველ რიგში, უკრაინის ხელისუფლების პასუხისმგებლობა. დამბრალებელმა თვითონ უნდა დაამტკიცოს რამდენად შეესაბამება მისი განცხადება სიმართლეს. ხელისუფლების პოზიცია არის მარტივი, უკრაინის ხელისუფლებამ უნდა წარმოადგინოს წყარო და ამის შემდეგ შეგვიძლია ვიმსჯელოთ ყველაფერზე, თუმცა, დარწმუნებულები ვართ, რომ ამ წყაროს და მტკიცებულებებს ვერ წარმოადგენენ, რადგან ეს არის აბსურდი“, – განაცხადა კობახიძემ.

უკრაინის დაზვერვისგან მტკიცებულებების წარმოდგენას ითხოვენ საპარლამენტო ოპოზიციაშიც. ამასთან, ხელისუფლებას უკრაინასთან მჭიდრო კომუნიკაციასა და მყისიერი რეაგირებისკენ მოუწოდებენ.

„რა თქმა უნდა, ყველასთვის, არ აქვს მნიშვნელობა რომელ პოლიტიკურ ძალას მივეკუთვნებით, მძიმე მოსასმენია, რომ საქართველოს ხელისუფლებას შესაძლებელია ჰქონდეს არაკანონიერი დერეფნები, რომელიც ხელს უწყობს სანქციებში მოყოლილ პროდუქციას. მეც ველოდები კონკრეტულ მტკიცებულებებს და მე დღეს თქვენს კოლეგებს, უკრაინელებს, ეს ვუთხარი, მაგრამ მე რომ ვიყო საქართველოს ხელისუფლების ადგილას, მოვიქცეოდი შემდეგნაირად და (გეტყვით), როგორ უნდა მოიქცეს ხელისუფლება – აუცილებლად მექნებოდა კონტაქტი იმ კოლეგებთან, მათ შორის, ძალოვანი უწყებების თანამშრომლებთან, ვინც ამაზე საუბრობს, ჩვენ გვაქვს ორმხრივი თანამშრომლობა უკრაინასთან და უკრაინა ჩვენი მეგობარი ქვეყანაა. რა თქმა უნდა, ასეთი ინფორმაციის გაცვლა უნდა მოხდეს ორმხრივ ფორმატში, ურთიერთთანამშრომლობა უნდა შედგეს. მე რომ ხელისუფლების ადგილზე ვიყო, შევქმნიდი მცირე საგამოძიებო ჯგუფს, მოვიწვევდი უკრაინელ და საერთაშორისო ექსპერტებს და დავადგენდი, რატომ მოვიდა უკრაინიდან ასეთი მძიმე ინფორმაცია და მყისიერად გავაცნობდი ყველა დეტალს საზოგადოებას. თუ ხელისუფლება იქნება თავდაცვის რეჟიმში და მხოლოდ “ნაციონალურ მოძრაობაზე” ისაუბრებენ, ეს სერიოზულ ეჭვებს გააჩენს. ის ნაბიჯები, რაზეც ვისაუბრე, დაუყოვნებლივ უნდა გადადგას საქართველოს ხელისუფლებამ,”- განაცხადა პარლამენტის ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ხატია დეკანოიძემ.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელი ნედ პრაისი კი აცხადებს, რომ საქართველო საერთაშორისო თანამეგობრობის გვერდით დგას.

„მე არ ვარ იმ თანამდებობაზე, რომ არსებითად ვისაუბრო უკრაინის ბრალდებებზე. ქართველმა ხალხმა კარგად იცის, რას ნიშნავს რუსული აგრესია, მათ შორის – რუსეთის მცდელობები, მიიტაცოს სუვერენული ტერიტორიები. ჩვენ ყველამ ვნახეთ, რომ საქართველოს მთავრობა და ქართველი ხალხი საერთაშორისო თანამეგობრობის გვერდით დგას, მაშინაც გვერდით იდგა, როცა გაეროში მიმდინარეობდა კენჭისყრა კრემლის მიერ უკრაინაში განხორციელებული ქმედებების წინააღმდეგ. მიმდინარე ამბებთან დაკავშირებით მჭიდრო კონტაქტი გვაქვს ჩვენს კოლეგებთან საქართველოში და ასე გავაგრძელებთ. ქვეყნები, რომლებიც ეცდებიან, გვერდი აუარონ აშშ-სა და მისი პარტნიორების დაწესებულ სანქციებს, ან ის ქვეყნები, რომლებიც რამე გზით მხარს დაუჭირენ კრემლის ქმედებებს, ფინანსურად თუ იარაღის მიწოდებით, შედეგების წინაშე დადგებიან.” – განაცხადა პრაისმა.

რა გაგრძელება მოჰყვება უკრაინის დაზვერვის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ჯერ უცნობია. ქართული მხარე მეგობარი ქვეყნისგან მტკიცებულებების წარმოდგენას ელოდება.

ალეკო გვეტაძე

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend