შავ ზღვაში აღმოჩენილმა ნაღმებმა რეგიონის ქვეყნების შეშფოთება გამოიწვია. რუმინეთის საზღვაო ძალები ყოველდღიურად გადიან წვრთნებს, თუ როგორ უნდა აღმოაჩინონ ნაღმები და გაანეიტრალონ ისინი. შავ ზღვაში შესასვლელად და გასავლელად კი გემების ეკიპაჟებს რეკომენდაციებს აძლევენ, რომ უსაფრთხო დერეფნებით ისარგებლონ.
ერთ კვირაზე მეტია რუმინეთის საზღვაო ძალები სრულ მზადყოფნაშია. სამხედროები აცხადებენ, რომ საფრთხე ძალიან დიდია. ნაღმები, სავარაუდოდ, ყველგანაა და შესაძლოა, ისინი დინებამ ნაპირებთან ახლოს გამორიყოს. სამხედროები ცდილობენ, ნაღმები ისეთ ადგილას გადაიტანონ, სადაც მათი განადგურება უსაფრთხო იქნება. ნაღმები ზომით პატარაა და რთულად შესამჩნევია, განსაკუთრებით ზღვის ძლიერი ღელვისას.
ნაღმების აღმოჩენის ასეთი მისიები ყოველდღე ტარდება. სამხედროები განსაკუთრებით რუმინეთის პორტების შესასვლელებსა და გასასვლელებს ამოწმებენ.