მთავარისაქართველოევროპარლამენტის ვებ-საიტზე საქართველოს შესახებ ახალი ანგარიში გამოქვეყნდა

ევროპარლამენტის ვებ-საიტზე საქართველოს შესახებ ახალი ანგარიში გამოქვეყნდა

„საქართველომ სერიოზულად დაიხია უკან ძირითადი დემოკრატიული პრინციპებისა და იმ მთავარი პოლიტიკური ვალდებულებების თვალსაზრისით, რომლებიც ასოცირების შეთანხმების ფარგლებში იკისრა“, – ნათქვამია ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების შეთანხმების შესრულების თაობაზე ახალ ანგარიშში, რომელიც ევროპარლამენტის გვერდზე გამოქვეყნდა.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ მნიშვნელოვნადაა გაუარესებული კანონის უზენაესობის საკითხი, რასაც მოწმობს ოპოზიციის ლიდერების დაკავება, 2019 წლის ივნისი-2021 წლის ივლისის ძალადობრივი ინციდენტების ეფექტური გამოძიების არარსებობა და „სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის“ გაუქმების გადაწყვეტილება. დოკუმენტში ასევე საუბარია 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე და ნათქვამია, რომ ის მკვეთრად პოლარიზებულ გარემოში ჩატარდა.

ავტორები დოკუმენტში ყურადღებას ამახვილებენ საქართველოში არსებულ მედიაგარემოზეც და წერენ, რომ მნიშვნელოვნადაა გაუარესებული ქართული მედიის მდგომარეობა. ანგარიშის მიხედვით, ჟურნალისტების სამუშაო გარემო კიდევ უფრო რთული გახდა მედიის მუშაობაში პოლიტიკური ჩარევის, ასევე ჟურნალისტების წინააღმდეგ სიტყვიერი და ფიზიკური თავდასხმების გამო.

ანგარიშში ხაზგასმულია ის დადებითი ნაბიჯებიც, რომლებიც 2020-2022 წლებში გადაიდგა. მათ შორისაა ის, რომ საქართველო მუდმივად ასრულებს ევროკავშირის ძირითად მოთხოვნებს უვიზო რეჟიმთან დაკავშირებით და ეფექტიანად თანამშრომლობს ევროკავშირის სტრუქტურებთან და წევრ სახელმწიფოებთან კრიმინალთან ბრძოლის საქმეში.

დოკუმენტში დადებითად ფასდება თანამშრომლობა საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის თვალსაზრისით. თუმცა, იქვე წერია, რომ საქართველომ უარი თქვა 2022 წლის თებერვლის ბოლოს უკრაინაში შეჭრის შემდეგ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებთან შეერთებაზე.

„ევროპარლამენტის კვლევის ცენტრი, პირველ რიგში, იმისთვის არსებობს, რომ ევროპარლამენტის წევრებს, მათ თანამშრომლებს მეტი ანალიტიკური ინფორმაცია ჰქონდეთ იმ საკითხებთან დაკავშირებით, რომლებზეც შემდეგ გადაწყვეტილებები მუშავდება – ამ კონტექსტში პირდაპირი კავშირი, რა თქმა უნდა, ევროპარლამენტის პოზიციასთან, ან ევროპარლამენტის მიერ რაღაც პოლიტიკის ხედვასთან დაკავშირებით, პირდაპირ ასე გავლენა ამ ანგარიშს არ აქვს, მაგრამ, აქვს ირიბი გავლენა, რადგან საბოლოო ჯამში, კვლევითი ცენტრი არის ის ორგანიზაცია ევროპარლამენტში, რომელსაც ანგარიშს უწევენ, როგორც ინფორმაციის წყაროს“, – განაცხადა ევროპული კვლევების დირექტორმა, კახა გოგოლაშვილმა.

ეს ანგარიში ქვეყნდება იმ ფონზე, როდესაც საქართველომ ერთი თვის წინ გააკეთა განაცხადი ევროკავშირში დაჩქარებული წესით მიღებაზე.

 

ანა ალელიშვილი

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend