მთავარისპორტიხვიჩა კვარაცხელია ეროვნულ ლიგაში დაბრუნდა

ხვიჩა კვარაცხელია ეროვნულ ლიგაში დაბრუნდა

საქართველოს ეროვნული ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი, ხვიჩა კვარაცხელია, საქართველოს ეროვნულ ლიგაში დაბრუნდა. საფეხბურთო კლუბ „თელავთან“ შეხვედრაში კვარაცხელია „დინამო ბათუმის“ მაისურით 46 წუთზე შევიდა მოედანზე. კვარაცხელიამ, რომელიც რუსული რუბინის ღირსებას იცავდა, ფიფას მიერ მიღებული გადაწყვეტილებით ისარგებლა და რუსულ გუნდთან კონტრაქტი გაწყვიტა.

ფიფამ რუსეთის პრემიერლიგაში მოთამაშე ლეგიონერებს უფლება მისცა, შეაჩერონ რუსულ კლუბებთან მოქმედი კონტრაქტები და სხვა გუნდებში გადავიდნენ. ახალი წესი გამოიყენა “ურალში“ მოთამაშე 19 წლის ნახევარმცველმა ლუკა გაგნიძემ, რომელიც სეზონის ბოლომდე პოლონეთის ერთ-ერთ ლიდერ გუნდ „რაკუვში“ ითამაშებს. რუსული გუნდები დატოვეს ზურიკო დავითაშვილმა, ლუკა წულუკიძემ და ჯიმი ტაბიძემაც, თუმცა ახალ გუნდთან მათ კონტრაქტი ჯერ არ გაუფორმებიათ.

ფიფას გადაწყვეტილება მოქმედებს უკრაინის ჩემპიონატში მოთამაშე ლეგიონერ ფეხბურთელებზეც, რითაც 26 წლის ნახევარმცველმა ბექა ვაჩიბერაძემ ისარგებლა. ის ქუთაისის ტორპედოში ითამაშებს. სპორტული ჟურნალისტი ლევან სალუქვაძე მიესალმება ქართველი ფეხბურთელების გადაწყვეტილებას რუსული კლუბების დატოვების შესახებ.

„რაც შეეხება, ხვიჩა კვარაცხელიას, ძალიან სწორად მოიქცა, რომ საქართველოში დაბრუნდა და „დინამო ბათუმში“ ითამაშებს. ჯერ ერთი, იმიტომ, რომ იქ დარჩენას აზრი არ ჰქონდა. იქიდან წავიდნენ კარგი ფეხბურთელები. ჩემპიონატის დონე დაეცემა. მეორე – მიზანი აღარ აქვთ. ევროთასებიდან მოკვეთლები არიან და მარტო შიდა ჩემპიონატისთვის თუ ივარჯიშებდნენ,“ – ამბობს სპორტული ჟურნალისტი ლევან სალუქვაძე.

უკრაინაში რუსეთის შეჭრის გამო ფიფამ რუსეთს სანქციები დაუწესა. რუსეთის ეროვნულ ნაკრებს და რუსულ გუნდებს ყველა საერთაშორისო ტურნირზე აეკრძალათ ასპარეზობა. შესაბამისად რუსული გუნდები ევროტურნირებიდან მოიხსნენ. ამიტომ, ფიფას გადაწყვეტილებით, რუსეთში მოასპარეზე ლეგიონერებს გუნდის დატოვება შეუძლიათ. გამონაკლისის სახით დაშვებული ეს წესი სეზონის დასრულებამდე, 30 ივნისამდე, იმოქმედებს. ისინი ჩაითვლებიან თავისუფალ აგენტებად და ახალ კლუბებთან ყოველგვარი ჯარიმის გარეშე შეძლებენ ხელშეკრულების გაფორმებას. ნებისმიერ კლუბს რუსეთსა და უკრაინაში მოთამაშე სპორტსმენის დარეგისტრირება 7 აპრილამდე შეეძლება. თითოეულ კლუბს მხოლოდ ორი ასეთი მოთამაშის დამატების უფლება აქვს. ლევან სალუქვაძე მიიჩნევს, რომ ეს ქართული გუნდებისთვის გაძლიერების კარგი შესაძლებლობაა.

„რა თქმა უნდა, ქართულ გუნდებს შეუძლიათ ამ წესით ისარგებლონ, ვინაიდან ეს მოთამაშეები, რომლებიც უკრაინასა და რუსეთში გამოდიან, შეძლებენ ჩვენს გუნდებში გადმოსვლას უკვე როგორც თავისუფალი აგენტები, ანუ საკონტრაქტო თანხები არ იქნება გადასახდელი. რა თქმა უნდა, უპირველესად ის ქართველი მოთამაშეები, რომლებიც იქ არიან შეგვიძლია გამოვიყენოთ და რატომაც არა, ლეგიონერები თუნდაც იგივე უკრაინელები, რომლებიც გააძლიერებენ ჩვენს გუნდებს ეროვნულ ჩემპიონატშიც და მერე შესაძლოა ევროთასებზეც დავიხმაროთ,” – ამბობს ლევან სალუქვაძე.

ფიფას ოფიციალურ განცხადებაში განმარტებული არ იყო, თუ რა რეგულაციები იმოქმედებს 30 ივნისის შემდეგ. ფიფაში ამბობენ, რომ ისინი უკრაინაში განვითარებულ მოვლენებს კვლავ დააკვირდებიან და ამის მიხედვით გადაწყვეტენ, შენარჩუნდება თუ არა სანქციები რუსეთის წინააღმდეგ.

თორნიკე კოპლატაძე

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend