მთავარისაქართველოსამოქალაქო სექტორის სამუშაო შეხვედრა: საქართველოს წინაშე არსებული საფრთხეები და რეაგირება

სამოქალაქო სექტორის სამუშაო შეხვედრა: საქართველოს წინაშე არსებული საფრთხეები და რეაგირება

რუსეთის უკრაინაში შეჭრა და გავლენა საქართველოზე – 30- მა არასამთავრობო ორგანიზაციამ დახურულ კარს მიღმა შეხვედრა გამართა. სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებმა ყველა იმ გამოწვევასა და პრობლემაზე იმსჯელეს, რის წინაშეც დღეს საქართველო დგას.

შეხვედრის თანაორგანიზატორი „საერთაშორისო გამჭვირვალობა  საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორი ეკა გიგაური მიიჩნევს, რომ საქართველოს ხელისუფლება აცდენილია დასავლურ ღირებულებებს და არ გამოხატავს ქართველი ხალხის ნებას.

„ყველანი ვხვდებით, რომ საქართველოში კრიზისული ვითარებაა, უკრაინაში მიმდინარე ომი გავლენას ახდენს და მოახდენს საქართველოს ვითარებაზე, ასევე იმაზე, თუ როგორ განვითარდება მოვლენები ჩვენს ქვეყანაში. ყველას გვადარდებს მთავრობის პოზიციები და გადაწყვეტილებები, ასევე ის, თუ სად მიდის ჩვენი ქვეყანა. ჩემი აზრით, არასწორი მიმართულებით მივდივართ,  დასავლელ პარტნიორებს უკვე აქვთ კითხვები თუ სად ვართ. მთავრობა სოლიდარობას არ უცხადებს უკრაინას, არ უერთდება საერთაშორისო სანქციებს და ამით არ გამოხატავს მხარდაჭერას დასავლელი პარტნიორების მიმართ.

ჩემი აზრით, ასე გაგრძელება აღარ შეიძლება, მთავრობამ, ფაქტობრივად, ამოაშენა კედელი და არავის ელაპარაკება, არ ვიცით რა გადაწყვეტილებებს იღებენ, ან რატომ. არ მჯერა, რომ მათ  პრაგმატული პოლიტიკა ალაპარაკებთ. შეიძლება ვივარაუდოთ, რომ გარკვეული კავშირები, ან ვალდებულებები აქვთ რუსეთთან“, – განაცხადა ეკა გიგაურმა.

ამ შეხვედარზე მყოფი არასამთავრობო ორგანიზაციების ხელმძღვანელები ამბობენ, რომ საქართველოს მთავრობა, ქართველი ხალხისგან განსხვავებით, სათანადო მხარდაჭერას არ უცხადებს უკრაინას. ასევე, სწორად ვერ აფასებს რუსულ საფრთხეებს და იმ უპირატესობებს, რაც დღეს საქართველოს ევროკავშირსა თუ ნატოში ინტეგრაციის მიმართულებით აქვს.

„ძალიან მნიშვნელოვანია საქართველომ ერთმნიშვნელოვანი მხარდაჭერა და სოლიდარობა დააფიქსიროს უკრაინის მიმართ, მაგრამ, ასევე, იფიქროს, თუ რა არის მისი მთავარი გამოწვევები და როგორი ნაბიჯები უნდა გადაიდგას. ვწუხვართ, რომ ხელისუფლების მესიჯები არ არის ისეთი, როგორიც უნდა იყოს საქართველოს მხრიდან, იმ ფონზე, როდესაც რუსული აგრესიის გამოცდილება გვაქვს. სამოქალაქო სექტორს მნიშვნელოვანი როლი გვაკისრია, რომ ერთი მხრივ, სწორად შევაფასოთ საფრთხეები და ასევე, სწორი რეაგირება გვქონდეს.“ – განაცხადა „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების (ISFED)“ თავმჯდომარე ნინო დოლიძემ.

სამოქალაქო სექტორმა დაგეგმა, თუ რა ფორმით მოახერხებენ პოლიტიკურ აქტორებთან და საზოგადოებასთან ახლო მომავალში შედეგზე ორიენტირებულ კომუნიკაციას. მათი განცხადებით, მთავარია ხელისუფლებამ რეალურად გამოხატოს ქართველი ხალხის ნება და დაასრულოს ორპოლუსიანი თამაში, რომელსაც მთავრობა პრაგმატულ პოლიტიკას უწოდებს.

ალეკო გვეტაძე

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend