მთავარისაქართველომთავრობის შემადგენლობაში ცვლილებებია

მთავრობის შემადგენლობაში ცვლილებებია

საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობას ილია დარჩიაშვილი დაიკავებს. დავით ზალკალიანი კი ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს ელჩი იქნება

მთავრობის შემადგენლობაში ცვლილებებია. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის, ადგილს ილია დარჩიაშვილი იკავებს, თავად ზალკალიანი კი ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად ინიშნება.

„ამერიკის შეერთებული შტატები ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი სტრატეგიული პარტნიორია და, ბუნებრივია, როდესაც ჩვენი მთავრობა ასეთ საპასუხისმგებლო თანამდებობაზე ნიშნავს ასეთი მდიდარი დიპლომატიური გამოცდილების მქონე კადრს, ამით ყველაფერია ნათქვამი. ჩვენი ამოცანა და სურვილია, რომ კიდევ უფრო სხვა ნიშნულზე გადავიყვანოთ ამ ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობები. მჯერა, რომ დათო ამას წარმატებით შეძლებს. რაც შეეხება მის შემცვლელს, მე საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობაზე წარმოგიდგენთ მთავრობის ადმინისტრაციის ყოფილ უფროსს – ილია დარჩიაშვილს. ილიას აქვს მრავალმხრივი გამოცდილება“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე, საქართველოს პრემიერ-მინისტრის შემდეგ დავით ზალკალიანმა და ილია დარჩიაშვილმა ისაუბრეს. დავით ზალკალიანის განცხადებით, საქართველოსთვის საგარეო პოლიტიკა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მიმართულებაა. იგი ამაყობს, რომ ბოლო 4 წლის განმავლობაში ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობას იკავებდა.

„საქართველოს რომ წარმოადგენდე ჩვენს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორ ქვეყანაში, ამერიკის შეერთებულ შტატებში, უდიდესი პასუხისმგებლობაა. მე პირობას გაძლევთ, რომ კიდევ უფრო მაღალი პასუხისმგებლობით მოვეკიდები ამ საქმეს. ასევე გპირდებით, რომ ჩვენი ამერიკასთან თანამშრომლობა ჩემი ელჩობის პერიოდში კიდევ უფრო მაღალ ნიშნულზე ავა“, – ამბობს დავით ზალკალიანი, საქართველოს ელჩი ამერიკის შეერთებულ შტატებში.

„საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, თითოეული ქართველი დიპლომატი ჩვეული შემართებით გააგრძელებს ჩვენი ქვეყნის საუკეთესო ინტერესების დაცვას საზღვრებს გარეთ“, – ამბობს ილია დარჩიაშვილი, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი.

ცვლილებებს საქართველოს მთავრობაში ოპოზიციის წევრები გამოეხმაურნენ. მათი თქმით, „ქართული ოცნების“ მმართველობის პირობებში მინისტრთა კაბინეტის ხშირი ცვლილება  არაფერს ცვლის.

„ივანიშვილის რეჟიმის პირობებში არათუ საგარეო საქმეთა მინისტრის, არამედ პრემიერ-მინისტრის გადაადგილებაც კი არსებითად არაფერს ცვლის, რადგან ის კაცი მართავს ყველაფერს. მიუხედავად ამისა, ეს მაინც ტენდენციებზე მეტყველებს ხოლმე. ყველაფერი მიანიშნებს, რომ ღარიბაშვილის პირადი ასისტენტი და თანაშემწე დაინიშნა საგარეო საქმეთა მინისტრად. ეს კი იმ ტენდენციის გაღრმავებაა, რომელიც ყველაზე საგანგაშოა ჩვენი ქვეყნისთვის“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ, პარტია „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა.

„დავით ზალკალიანი უარს ამბობდა ანტიეროვნული რიტორიკის ერთი ერთში გამეორებაზე, რასაც აკეთებენ „ქართული ოცნების“ ლიდრები. ამიტომ ის დაუყოვნებლივ, დაჩქარებული წესით ჩაანაცვლეს იმ ადამიანით, რომელიც გაიმეორებს პრემიერ-მინისტრის, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ასევე პარლამენტის თავმჯდომარისა და სხვების  ანტიეროვნულ და ანტისახელმწიფოებრივ განცხადებებს“,  – განაცხადა გიორგი ვაშაძემ, პარტია „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთმა ლიდერმა.

„ერთ კლასიკურ ნაწარმოებში ნათქვამია – ცა ანგელოზებს დავუტოვოთ და ჩვენ, როგორც მარქსისტებმა, მიწებზე ვიმუშაოთო. რაც მოხდა, მოხდა. კარგი იქნებოდა, საქართველოში იყოს ნორმალური, ეფექტური და პროდასავლური მთავრობა, რომელიც 2024 წლის არჩევნებამდე მიიყვანს ქვეყანას“, – განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ, საქართველოს პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა.

დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგს ილია დარჩიაშვილი მინისტრის რანგში პირველად დაესწრო. ის  2017-დან 2021 წლამდე საქართველოს სრულუფლებიანი ელჩი იყო პოლონეთში. შემდეგ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის თანამდებობაზე მუშაობდა. დავით ზალკალიანი კი 4 წლის განმავლობაში იკავებდა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობას.

ანანო ღუდუშაური

უახლესი

სხვა ამბები

00:02:52
spot_imgspot_img
Send this to a friend