მთავარიგადაცემებიOceanქალები, რომლებიც ლურჯი ეკონომიკის სტერეოტიპს ამსხვრევენ

ქალები, რომლებიც ლურჯი ეკონომიკის სტერეოტიპს ამსხვრევენ

აკვიტანია, საფრანგეთის სამხრეთი-დასავლეთი რეგიონი, ცნობილია თავისი ქვიშითა და დიუნებით, ბორდოს ღვინოებითა და გემრიელი ზღვის პროდუქტებით.

ქალაქ არკაშონში  მდებარე ამ საოჯახო მაღაზიაში ყველა სახის  თევზი, მოლუსკი და კიბორჩხალა იყიდება როგორც ნედლი, ისე მომზადებული. მაღაზიის მომხმარებელთა უმეტესობას კანგაცლილი თევზის ყიდვა ურჩევნია.

მაიდერ ტოდინი, La Poissonnerie de l’Aiguillon-ის თევზით მოვაჭრე:

“ჩვენ თევზს კანს ვაცლით, რადგან, როგორც წესი, ხალხს არ უყვარს მისი ჭამა, განსაკუთრებით ფილეს მომზადების დროს – ასე რომ, კანს ვყრით, არაფერში გვჭირდება.“

თევზის გადაყრილი კანი, როგორც შემოსავლის წყარო

მაგრამ ის, რასაც ერთი ქალი უვარგისად თვლის, მეორეს  განძად მიაჩნია.

რამდენიმე წლის წინ ადგილობრივმა მეწარმემ მარიელ ფილიპმა იპოვა გზა, თუ როგორ აქციოს თევზის კანი ფერად ტყავად – მან აღადგინა უძველესი სკანდინავიური ტექნოლოგია, რომელიც დედისგან ისწავლა.

მარიელ ფილიპი, Femer Peau Marine-ის დამფუძნებელი:

“აკვიტანიაში Aquitaine ზღვის გრძელი სანაპიროა, აქვეა არკაშონის ყურეც — აქ ბევრ თევზს მიირთმევენ. აქ არის ასევე წყლის მეურნეობებიც, განსაკუთრებით საკალმახე მეურნეობები. რატომ არ უნდა გადავამუშაოთ ამ სექტორის ნარჩენი – თევზის კანი – და ვაქციოთ  ტყავად? „

მაღაზიებისა და საბითუმო ვაჭრების  მიერ გადაყრილი თევზის კანს მარიელი თავის პატარა საამქროში ამუშავებს,

მარიელ ფილიპი, Femer Peau Marine-ის დამფუძნებელი:

“საკმაოდ ხანგრძლივი პროცესია. ნედლი კანისგან შეღებილი დასრულებული ტყავის მიღებას დაახლოებით ორი კვირა სჭირდება. მათ რამდენიმეჯერ ვალბობ აბაზანაში – ჯერ სათრიმლ და საღებავის  აბაზანებში, მერე მექანიკურად ვამუშავებ – კანს ვაბრტყელებ და ვწელავ, რის შემდეგაც უფრო მოქნილი და ნაზი ხდება…მთელ ამ პროცედურაში მხოლოდ დაფქვილ მცენარეებს ვიყენებთ, არავითარი ქიმიკატი არ გვჭირდება, ამიტომ ეს საკმაოდ ეკომეგობრული ტექნოლოგიაა…“

როდესაც თევზის კანს ტყავად აქცევს, მარიელი ბოლო ლაქს უსვანს და აპრიალებს.

“ეს იგივეა, რაც კლასიკური ტყავი. ერთადერთი განსხვავება ის არის, რომ ქერცლის ფორმა ეტყობა, ზუსტად ისევე, როგორც სირაქლემის, ნიანგისა და გველის ტყავს, რომელთაც ასევე არ აქვთ გლუვი ზედაპირი – ასე რომ, თევზის ტყავიც ე.წ. ეგზოტიკურ კატეგორიაში შედის,“  – ამბობს მარიელი.

ეკომეგობრული მოდა

დღეს მარიელი თავის „ზღვის ტყავს“ ინტერნეტით ჰყიდის და ადგილობრივ მცირე საწარმოებს ამარაგებს. ევროპის ზღვის, მეთევზეობისა და აკვაკულტურის ფონდის დახმარებით თევზის კანის გადამამუშავებელი ეს  ინოვაციური  წარმოება წარმატებულ ბიზნესად იქცა.

სხვა ეგზოტიკური ტყავის მასალის მსგავსად, თევზის ტყავს უამრავი მოდური სამოსის, აქსესუარისა და ფეხსაცმლის გასაფორმებლად იყენებენ.

კარინ კუტიერი, Pas Kap-ის  ტყავის ოსტატი:

“ყველაფერში ვიყენებთ, იქნება ეს ბავშვისა და ქალის ფეხსაცმელი, პატარა ტყავის საფულე თუ დიდი სამგზავრო  ჩანთა, ხელჩანთა, სამაჯური – სია უსასრულოდ გრძელდება…ჩემი აზრით, თევზის ტყავი ძვირფასი და ორიგინალურია, თანაც მისი დამზადების დროს გარემო არ ზიანდება. მეამაყება, რომ ამ მასალით ვმუშაობ, ძალიან მეამაყება!“

ქალი და ლურჯი ეკონომიკა

მარიელის მსგავსი ქალების წარმატება თვალშისაცემია იმ სექტორში, რომლებშიც კაცები დომინირებენ. ევროპაში თევზმჭერ გემებზე დასაქმებულთა შორის 4 პროცენტზე ნაკლები ქალია, აკვაკულტურის სექტორში კი  –  მეოთხედზე ნაკლები.

მაგრამ საბერძნეთის კუნძულ კეფალონიაზე, მიუხედავად ტენდენციისა, აკვაკულტურით დაკავებულ კომპანიას ქალი ხელმძღვანელობს. კომპანიას Kefalonia Fisheries ლარა ბარაზი გასული საუკუნის 90-იანი წლების ბოლოდან ხელმძღვანელობს. კომპანიამ წარმოება 30-ჯერ გაზარდა და არც გარემოს აზიანებს. კომპანია  ზღვის ქორჭილასა და  კაპარჭინას ზღვაში ჩადგმულ გალიებში ამრავლებს და  მომხმარებელს მთელ მსოფლიოში აწვდის.

ლარა ბარაზი-გერულანუ, კომპანია Kefalonia Fisheries-ის ხელმძღვანელი:

«ჩვენს მმართველ გუნდში უმეტესობა ქალია – შესანიშნავი ქალები გვყავს კვლევისა და განვითარების მიმართულებით, გაყიდვების, ხარისხის კონტროლის, საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტებში ძირითადად სულ ქალები არიან. მხოლოდ ორი დეპარტამენტია გამონაკლისი.“

აქ კაცები ძირითადად ფიზიკურ სამუშაოს ასრულებენ, როგორიცაა, მაგალითად, თევზის გამოკვება ან ბადის გამართულობის შესამოწმებლად ყვინთვა, ქალები კი მენეჯმენტსა და ადმინისტრაციაში წამყვან პოზიციებს იკავებენ. კომპანია მიესალმება ასეთ ტენდენციას და ხელს უწყობს ქალებს, რომ სამსახურისა და ოჯახის საქმეები შეათავასონ.

ლარა ბარაზი-გერულანუ, კომპანია Kefalonia Fisheries-ის ხელმძღვანელი:

“ჩვენ ძალიან მოქნილი პოლიტიკა გვაქვს, როცა საქმე დეკრეტულ შვებულებას ეხება ან სახლიდან დისტანციურად მუშაობას. თუ ვინმე იტყვის, რომ იცით, დღეს ცოტა ადრე მინდა წასვლა, ბავშვი მყავს გამოსაყვანი და სხვა დროს დამატებით საათებს ვიმუშავებ ან უქმეებზე გამოვალ – მე სავსებით მაკმაყოფილებს ეს.“

ზღვაში ფიზიკურად შრომა შესაძლოა ძალიან რთულია, განსაკუთრებით წელიწადის ცივ დროს, მაგრამ ეს არ აშინებს კატერინა კაციკას: ის უკვე 30 წელია, რაც გალიებზე მუშაობს და ახლა თევზის ჯანმრთელობაზე ზრუნავს. ყოველ წელს მისი გუნდი, რომელიც ძირითადად ქალებისგან შედგება, მილიონობით ლიფსიტას ცრის, რომ დაავადებებისგან დაიცვას ისინი.

კატერინა კაციკა, კომპანია  Kefalonia Fisheries-ის ჯანსაღი თევზის დეპარტამენტის ხელმძღვანელი:

„ზამთარში ძალიან ცივა და ზღვა ღელავს, მაგრამ, ჩემი აზრით, იმ ქალებს, რომლებიც ასეთ სამუშაოს ირჩევენ, ეს მოსწონთ. ძალიან სასიამოვნოა ბუნებასთან ახლოს მუშაობა, როცა ზღვა გიყვარს. არ მგონია, რომ რომელიმე მათგანი ამას პრობლემად თვლიდეს, მათ ეს მოსწონთ!“

ადელაიდა კატერელუ, კომპანია  Kefalonia Fisheries-ის  იქთიოლოგი:

„გარკვეული საქმის შესრულებას ღონე სჭირდება, მაგრამ ყველაფერს  – არა, აქ ყველა საქმე მამაკაცის ხელს არ ითხოვს. ქალსაც შესანიშნავად შეუძლია, თავი გაართვას.“

უწყვეტი კვლევითი სამუშაოები აკვაკულტურის ბიზნესში ძალიან მნიშვნელოვანია – წარმადობა დამოკიდებული ინკუბატორზე, რომელიც ლაბორატორიაშიც ეწყობა და უშუალოდ მეურნეობაშიც.

ევი აბატზიდუ კომპანია Kefalonia Fisheries-ის ინკუბატორს მართავს. თავის კოლეგებთან ერთად იგი ზედამხედევლობას უწევს თევზის სანაშენის სელექციასა და ლიფსიტების ზრდის სრულ პროცესს აკვირდება – ჯერ ქვირითს, მერე გამოჩეკილ ლიფსიტას და ბოლოს  წამოზრდილ თევზს.

თევზი ინკუბატორში რჩება მანამ, სანამ ისე არ დამსხვილდება, რომ ზღვაში ჩადგმულ გალიებში გადაყვანა გახდეს შესაძლებელი.

ევი აბატზიდო, კომპანია  Kefalonia Fisheries-ის  ინკუბატორის, კვლევისა და განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელი:

“ჩვენ საუკეთესო თევზს ვარჩევთ – ისეთს, რომელიც სწრაფად იზრდება და ფორმაც უკეთესი აქვს. სწორედ ასეთ თევზს ვარჩევთ გასამრავლებლად. ინკუბატორში ძალიან მეცნიერული პროცესები მიდის – ეს სამუშაო მოითხოვს ზედმიწევნით სიზუსტეს და სიფრთხილეს. ქალებს კი ეს ძალიან კარგად გამოსდით.“

კომპანიის  Kefalonia Fisheries-ის ქალები ხარისხის კონტროლის მხრივაც  წამყვან სიტყვას ამბობენ, ეს ვრცელდება თევზის რეწვაზე, ნადავლის დამუშავებასა და დაფასოების ოპერაციებზეც. ბიზნესის ყველა რგოლის ფემინიზაცია ამ ინდუსტრიაში მისაბაძ მაგალითად ითვლება.

„ელინური აკვაკულტურის პროცედურების ორგანიზაციას“ [The Hellenic Aquaculture Producers Organisation – HAPO], რომელიც ბერძნული აკვაკულტურის 80 პროცენტს წარმოადგენს, ახალგაზრდა ქალებისთვის სპეციალური პროექტები აქვს. მისი მიზანია სტერეოტიპის დამსხვრევა და ამ სექტორში მეტი გოგონას მიზიდვა.

ისმინი ბოგდანუ, HAPO-ს კომუნიკაციის დირექტორი და საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი:

“ვცდილობთ, სკოლებში აკვაკულტურის შესახებ ინფორმაცია გავავრცელოთ. ვაწყობთ სემინარებს, ვწერთ სტატიებს აკვაკულტურაში  დასაქმებულ ქალებზე და ვაჩვენებთ ქალის განსხვავებულ გზას და კარიერას, რომლის განვითარებაც სურვილის შემთხვევაში შესაძლებელია ამ სექტორში. ეს არ გულისხმობს მხოლოდ დაფასოებასა და მთელი დღე წყალში დგომას, შეიძლება იყო ინჟინერი, მეცნიერი, მკვლევარი, კვების სპეციალისტი და კაპიტანიც კი, თუ ამის სურვილი იქნება.“

გენდერული თანასწორობის მიღწევას დრო სჭირდება. თუმცა თევზის რეწვის ინდუსტრია ნელი, მაგრამ მტკიცე ნაბიჯებით შორდება იმ დრომოჭმულ სტერეოტიპს, რომლის მიხედვითაც,  ეს სექტორი მხოლოდ კაცებისთვისაა.

ავტორი: დენის ლოქტიე

 

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend