მთავარისაქართველოირაკლი ღარიბაშვილის განცხადება, რუსეთ-უკრაინის ომის შესახებ, ოპონენტებმა გააკრიტიკეს

ირაკლი ღარიბაშვილის განცხადება, რუსეთ-უკრაინის ომის შესახებ, ოპონენტებმა გააკრიტიკეს

„ამაზე ვსაუბრობდი მე ჯერ კიდევ 25 თებერვალს, რომ თუ ვინმე დაიჩაგრებოდა და დაისჯებოდა ამ ომით, იქნებოდა უკრაინა, შეეწირებოდა ათასობით უკრაინელის სიცოცხლე, მათი ტერიტორიული მთლიანობა დაირღვეოდა და ასეც არის“, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ამ განცხადებას მწვავე კრიტიკა მოჰყვა ოპოზიციასა და საზოგადოების ნაწილში. ოპოზიციაში ფიქრობენ, რომ „ქართული ოცნების“ ლიდერები აგრძელებენ ანტიეროვნული და ანტისახელმწიფოებრივი განცხადებების გაკეთებას.

„პრემიერის მინიშნება უკრაინის დასჯასა და დაჩაგვრაზე იმის ხაზგასმისა და დაგმობის გარეშე, თუ ვინ სჩადის ამ ომის დანაშაულებს და საშინელებებს, პასუხისმგებლობის უკრაინისთვის დაკისრების მცდელობაა – თითქოს უკრაინას შეეძლო ომის თავიდან აცილება. ეს არის ანტიქართული, ანტიეროვნული შინაარსის განცხადებები“, – აღნიშნა „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ.

„საქართველოს პრემიერ-მინისტრს ან მითითება და ან თვითინიციატივა აქვს იმისა, რომ საქართველოსა და უკრაინის ურთიერთობა რაც შეიძლება დააზიანოს. თუ ეს აზრის ჩამოყალიბების უუნარობაა, ეს უბედურებაა, ხოლო თუ პრემიერი მართლა იმას გულისხმობდა, რაც თქვა, სრული კოშმარია“, – თქვა პარლამენტის ოპოზიციონერმა წევრმა, გრიგოლ ვაშაძემ.

მმართველ პარტიაში ფიქრობენ, რომ პრემიერ-მინისტრის ამ ფრაზას უარყოფითი კონტექსტი არ აქვს. პარტიაში ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას განმარტავენ და ამბობენ, რომ რუსეთი ცდილობს, თავისუფლების მოყვარე ხალხი და ქვეყნები დასაჯოს და, მათივე თქმით, საუბარი სწორედ ამაზეა.

„რაც შეეხება ამ განცხადებას, რა თქმა უნდა, არათუ დღეს უკრაინაში, არამედ 2008 წელს საქართველოში, რუსეთი ცდილობს, თავისუფლების მოყვარე ხალხი, რომელიც ცდილობს გაწევრიანდეს ნატოსა და ევროკავშირში, დასაჯოს ამ თავისუფლების სიყვარულისთვის. ამაზეა საუბარი და საერთაშორისო საზოგადოების პასუხისმგებლობაც სწორედ ისაა, რომ ამას წინ აღუდგეს და არ დაუშვას 21-ე საუკუნეში, ხალხი და ქვეყნები, რომლებიც საკუთარი სუვერენიტეტის შენარჩუნებას ცდილობენ, ამის გამო რუსეთი მათ დასჯასა და დაჩაგვრას შეეცადოს. ამას უნდა აღუდგეს საერთაშორისო საზოგადოება წინ და ეს არის მთავარი ამოცანა, რაც საერთაშორისო საზოგადოებას უნდა ჰქონდეს. ამიტომ სულისკვეთებას, რომელიც პრემიერ-მინისტრმა გამოხატა, სრულად ვიზიარებ იმასთან დაკავშირებით, რომ ისევე როგორც 2008 წელს იყო საქართველოს დასჯის მცდელობა, ახლაც ეს არის უკრაინის დასჯის მცდელობა. საქმე ის არის, რომ ამის შესაძლებლობა არ უნდა მისცეს საერთაშორისო საზოგადოებამ“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა.

ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას დღეს სახალხო დამცველიც გამოეხმაურა. ნინო ლომჯარია მოუწოდებს ხელისუფლებას, რომ რიტორიკა შეცვალოს და შესაბამისობაში იყოს საქართველოს მოსახლეობის განწყობებთან.

„ომის დაწყების დღიდან მე არაერთხელ დამიფიქსირებია პოზიცია, რომ არ ვეთანხმები და არ ვიზიარებ პრემიერ-მინისტრის პათოსსა და რიტორიკას უკრაინაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით. უკრაინისადმი გულწრფელი თანაგრძნობა და ემპათია პრემიერ-მინისტრისა თუ სხვა პოლიტიკური თანამდებობის პირების განცხადებებსა და ქმედებებში, სამწუხაროდ, არ იკითხება. რა თქმა უნდა, მე არ ვგულისხმობ იმას, რომ ქართველ ერში ეს ემპათია არ არის, მაღალი დოზით არის ჩვენში ეს თანაგრძნობა, თუმცა, საქართველოს დღეს საქართველოს ხელისუფლება წარმოადგენს და, ვფიქრობ, უნდა შეცვალოს რიტორიკა და შესაბამისობაში მოვიდეს ქართველი ხალხის განწყობებთან“, – აღნიშნა სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ.

რამდენიმე კვირის წინ, CRRC-მ კვლევა გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც, მოსახლეობის 61% მიიჩნევს, რომ საქართველოს მთავრობამ უკრაინას მხარი უფრო მეტად უნდა დაუჭიროს.

ანა ალელიშვილი

 

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend