მთავარისაქართველო„ახალი თამაში" - სპეციალური საჭიროების მქონე პირების სპექტაკლი უკრაინელი ბავშვების დასახმარებლად

„ახალი თამაში” – სპეციალური საჭიროების მქონე პირების სპექტაკლი უკრაინელი ბავშვების დასახმარებლად

სპეციალური საჭიროების მქონე პირები უკრაინელი ბავშვების დასახმარებლად სპექტაკლს დგამენ.

„ახალი თამაში“ ასე ჰქვია სპექტაკლს, რომელშიც სპეციალური საჭიროების მქონე პირები მონაწილეობენ. 6 აპრილს ისინი კოტე მარჯანიშვილის სახელობის თეატრის სცენაზე უკრაინელი ბავშვების დასახმარებლად ითამაშებენ. გაყიდული ბილეთებიდან შემოსული თანხით, მათ კიევის ინკლუზიური საბავშვო ცენტრის, „ევას“, დახმარება სურთ.

ირა კოხრეიძის ინკლუზიური თეატრი „კონტაქტი“ 2015 წლიდან არსებობს. თეატრის ხელმძღვანელები ამბობენ, რომ ამ სპექტაკლის პრემიერა უკრაინაში ომის დაწყებამდე უნდა გამართულიყო, თუმცა ომმა ყველა გეგმა შეცვალა.

სცენაზე ახლა  სპექტაკლის რეპეტიცია მიმდინარეობს. მსახიობები ცეკვავენ, დარბაზში კი ისმის ჩანაწერის ხმა: „ყოველ ფიგურას თავისი მნიშვნელობა აქვს და მათი მთავარი მიზანი მოძრაობაა“. ეს მოყვარული მსახიობები, ირა კოხრეიძის ინკლუზიური თეატრალური დასის წევრები არიან და მათი მიზანიც მუდამ წინსვლა და მოძრაობაა. ამჯერად კი ისინი ერთი მიმართულებით მოძრაობენ – უნდათ, რომ უკრაინელ ბავშვებს დაეხმარონ.

სპექტაკლს კი ჰქვია „ახალი თამაში“. პიესის ერთ-ერთი ავტორი, გიორგი მიქაბერიძე ამბობს, რომ იგი იმ სოციალურ პრობლემებს უკავშირდება, ადამიანების ურთიერთობას რომ უშლის ხელს.

„ჩვენ ვეხმიანებით არა კონკრეტულ მოვლენას, რომელიც რაღაცის შესახებ არის, არამედ ყველაფერს რაც ადამიანს გარშემო აკრავს და რასაც თავად ქმნის.“

პრემიერისთვის თითქმის მზად იყვნენ, და ამ დროს, რუსეთი უკრაინაში შეიჭრა… ამ ომმა კი ყველა გეგმა შეცვალა.

„ჩვენ დავიწყეთ ფიქრი რა შეიძლებოდა გაგვეკეთებინა ჩვენი უკრაინელი კოლეგებისთვის და ბავშვებისთვის, იმიტომ რომ სპეციალური საჭიროების მქონე პირებისთვის მშვიდობიან გარემოშიც რთულია სოციალიზაცია, საომარ სიტუაციაში კი ეს ასმაგად გართულებულია. ჩვენი დასის წევრები კი იმით გამოირჩევიან, რომ არ არიან აჟიტირებულები და ხშირად ბევრ მოვლენას უფრო რაციონალურად აღიქვამენ, ისინი განიცდიან ადამიანების ტრაგედიას და სწორედ ესაა მთავარი, ეს ყველაზე გულახდილი პოზიციაა“

პრემიერამდე რამდენიმე დღე რჩება, მსახიობები კიდევ და კიდევ უბრუნდებიან პიესის ტექსტს, იმეორებენ მოძრაობებს და მთელი მონდომებით ცდილობენ სათქმელი მაყურებლამდე მიიტანონ.

დასში პროფესიონალი მსახიობებიც არიან მოწვეულები.  ისინი სიამოვნებით მუშაობენ სპეციალური საჭიროების მქონდე პირებთან და ამობობენ, რომ ეს ძალიან კარგია ახალბედა მსახიობების  განვითრებისთვის.

„თავიდან ცოტა შევშინდი, რადგან არ ვიცოდი განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირებთან ურთიერთობა და ის, თუ როგორ უნდა მეთამაშა მათთან. მოგეხსენებათ, სპექტაკლის დადგმა უამრავ სტრესთან არის დაკავშირებული და არ ვიცოდი, მათთან ურთიერთობა როგორ გამომივიდოდა. მაგრამ პირველივე დღეს, ამდენი ბავშვი ჩემკენ გამოიქცა, ჩამეხუტა და მაჩუქა დიდი სიყვარული. სპექტაკლში ნახავთ, რამხელა ენერგიით სიყვარულით და პროფესიონალიზმით აკეთებენ ამ საქმეს.“ – გიორგი ტიელიძე, პანტომიმის თეატრის მსახიობი.

ირა კოხრეიძის ინკლუზიური თეატრი „კონტაქტი“ 2015 წელს დაარსდა და მისი 25 წევრიდან, 15 სპეციალური საჭიროების მქონე პირია.

ახლა მათ იციან, რომ 6 აპრილს მარჯანიშვილის თეატრის სცენაზე უკრაინელი ბავშვებისთვის უნდა ითამაშონ. სჯერათ, რომ სოლიდარობის ამ აქტით ბევრს მიაწვდენენ ხმას.

„ჩვენ ყველა ერთად ვითამაშებთ თქვენთვის და უკრაინელი ბავშვებისთვის მარჯანიშვილის თეატრის დიდ სცენაზე…“

ნინი ჯალაბაძე

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend