მთავარისაქართველოშუალედური არჩევნები: საარჩევნო ადმინისტრაციაში ამ დროისთვის 5 საჩივარია შესული

შუალედური არჩევნები: საარჩევნო ადმინისტრაციაში ამ დროისთვის 5 საჩივარია შესული

შუალედურ არჩევნებზე ბათუმის საოლქო საარჩევნო კომისიაში 18:00 საათის მდგომარეობით, 5 საჩივარი შევიდა. აქედან ორი საჩივარი საქართველოს „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას” ეკუთვნის, 3 კი – „სამართლიან არჩევნებს”.

ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნების” შეფასებით, ბათუმის 77-ე, 79-ე, 89-ე და 91-ე უბნებზე შეიმჩნევა კოორდინატორებისა და პოლიტიკური მიზნით მოქმედი დამკვირვებლების ყოფნა საარჩევნო უბნების გარე პერიმეტრზე და მათ მიერ ამომრჩეველთა მობილიზება.

“სამათლიანი არჩევნების” მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ბათუმში ზოგიერთ უბანზე დაფიქსირდა ელექტრონულ ხმის მიცემასთან დაკავშირებული ხარვეზები, ძირითადად, ვერიფიკაციის აპარატების და რიგ შემთხვევებში, სკანერების გაუმართაობის გამო.

ასევე, “სამართლიანი არჩევნების” დამკვირვებლების ინფორმაციით, ბათუმის ზოგიერთ საარჩევნო უბანზე ფართის სიმცირისა და უბანზე ყოფნის უფლების მქონე პირების სიმრავლის გამო, შეინიშნება ქაოსი და გართულებულია პროცესზე სრულყოფილად დაკვირვება.

ცესკოს ინფორმაციით, სადამკვირვებლო ორგანიზაციების საჩივრები უბნების მოწყობის წესის დარღვევასა და პროცედურულ ხარვეზებს ეხება.

როგორც ცესკოს პრესსპიკერმა, ნათია იოსელიანმა განმარტა, საოლქო კომისიები საჩივრების შესახებ გადაწყვეტილებებს კანონით განსაზღვრულ, 4 დღის ვადაში მიიღებენ. რაც შეეხება რუსთავს – საარჩევნო ადმინისტაციაში განმარტავენ, რომ რუსთავი-გარდაბნის ოლქში 17:00 საათის მდგომარეობით, არცერთი საჩივარი არ შესულა. შუალედური არჩევნებისთვის სულ 135 საარჩევნო უბანია გახსნილი.

კენჭისყრის პროცესი 20:00 საათზე დასრულდება, რის შემდეგაც საუბნო კომისიები ხმების დათვლას დაიწყებენ.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend