მთავარისაქართველოსაქართველოს რუსულ ხორბალზე დამოკიდებულება და გამოწვევები

საქართველოს რუსულ ხორბალზე დამოკიდებულება და გამოწვევები

საქართველოს რუსეთზე დამოკიდებულება ეკონომიკური თანამშრომლობის მიმართულებით, დიდია. მაგალითად, იმპორტირებული ხორბლის დაახლოებით 95% სწორედ რუსეთის ფედერაციიდან შემოდის. დანარჩენი წილი ყაზახურ და უკრაინულ ხორბალზე მოდის. მას შემდეგ, რაც რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ ომი დაიწყო, გაჩნდა მოსაზრება, რომ ხორბლის იმპორტის პრობლემები შეიქმნებოდა, თუმცა ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციაში ამბობენ, რომ საქართველოს ორთვიანი სტაბილური მარაგები აქვს და ასევე იმპორტიორი კომპანიები  სხვა ალტერნატიული ბაზრების მოძიებაზე მუშაობენ.

„ხორბლის იმპორტი, ხორბლის ადგილობრივი წარმოება, წისქვილკომბინატები და პურის ქარხნები სტაბილურად მუშაობს და პრობლემა არ არსებობს არც მარაგების და არც პურ-პროდუქტებზე ფასის მხრივ. ქვეყანაში ხორბლის საკმაოდ დიდი მარაგებია, დაახლოებით ორი თვის. ფასთან მიმართებაში – არის სტაბილური ფასი, რომელიც გადადის პურის ფასში და შესაბამისად, პურის ფასიც სტაბილურია. ამის გარდა იმპორტიორი კომპანიები სახელმწიფოსთან ერთად ვმუშაობთ ალტერნატიული ბაზრების მოძიებაზე. განვიხილავთ ყაზახეთის, რუმინეთის, ევროპის სხვა ქვეყნებისა და ამერიკულ ბაზრებს. რუსეთზე დამოკიდებულება, იმის მიუხედავად, რომ ომამდე ხორბლის წილი სწორედ ამ ქვეყნიდან შემოდიოდა, თანადათან მცირდება“, – განაცხადა  ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ლევან სილაგავამ.

რატომ ვართ რუსეთის ხორბალზე დამოკიდებული და აქამდე რატომ არ მოხდა ამ არასტაბილური, შეიძლება ითქვას, პოლიტიკური ბაზრის ჩანაცვლება? – ამ კითხვაზე სოფლის მეურნეობის სამინისტროში გვიპასუხეს, რომ რუსეთი ახლომდებარეობიდან და ხორბალზე დაბალი ფასიდან გამომდინარე ყველაზე სასურველი ბაზარი იყო. ომის დაწყების შემდეგ კი სახელმწიფო კერძო იმპორტიორებთან ერთად, ალტერნატიული ბაზრის მოძიებასა და ადგილობრივი წარმოების ზრდაზე მუშაობს.

„დღესდღეობით ჩვენ ორი თვის მარაგი გვაქვს, როგორც ხორბლის, ასევე ფქვილის. ასევე, შემქნილი ვითარებიდან გამომდინარე, ინტენსიურად ვმუშაობთ ალტერნატიული ბაზრების მოძიებაზე. უკვე რამდენიმე ქვეყანასთან მიდის აქტიური მოლაპარაკებები, რომ კრიზისის შემთხვევაში ამ ქვეყნებიდან მოხდეს ჩვენი ქვეყნის ხორბლით მომარაგება. მინდა დავამშვიდო მოსახლეობა და ვუთხრა, რომ კრიზისი არ გველოდება და არც პურზე ფასის მატებაა მოსალოდნელი. თუ მსოფლიო ბაზრებზე ხორბალი გაძვირდება, ფასმეტობას სახელმწიფო დაასუბსიდირებს. რაც შეეხება რუსეთზე დამოკიდებულებას, ვადასტურებ, რომ ხორბლის დაახლოებით 95% რუსეთიდან შემოდის და ზოგადად ექსპორტ-იმპორტის მხრივ რუსეთის ბაზარი ჩვენთვის ყველაზე ხელსაყრელია. აქ გასათვალისწინებულია ახლომდებარეობა, იაფი მიწოდება და დაბალი ფასიც ხორბალსა და სხვა პროდუქტებზე. თუმცა, უკვე სხვა ბაზრების მოძიებაც საჭიროა. ასევე, ვმუშაობთ ადგილობრივ ფერმერებთან, რათა დავეხმაროთ ადგილობრივი წარმოების გაზრდაში და რამდენიმე წელში ხორბლის ადგილობრივი მოსავლის რაოდენობამ იმატოს. ამჟამად, ქართული ხორბლის მოსავალი საერთო მოხმარების 15%-ს შეადგენს“, – განაცხადა სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლის მეურნეობისა და სურსათის დეპარტამენტის უფროსმა თენგიზ კალანდაძემ.

იმისათვის, რომ ხორბლის ქართულმა მოსავალმა საერთო მოხმარების 50% დააკმაყოფილოს, რამდენიმეწლიანი მუშაობაა საჭირო. შესაბამისად ადგილობრივი ფერმერები ჯერ მზად არ არიან ბაზრის მომარაგებისთვის. რა პროგრამებს შეიმუშავებს სახელმწიფო ახლო მომავალში, ჯერ უცნობია.

ალეკო გვეტაძე

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend