მთავარისაქართველოუკრაინის ელჩის გაწვევას საქართველოში პოლიტიკური შეფასებები მოჰყვა

უკრაინის ელჩის გაწვევას საქართველოში პოლიტიკური შეფასებები მოჰყვა

თითქმის ერთთვიანი კონსულტაციების შემდეგ, უკრაინის პრეზიდეტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ საქართველოში უკრაინის ელჩის იგორ დოლგოვის საბოლოოდ გაწვევის განკარგულებას ხელი მოუწერა.

ასეთივე გადაწყვეტილება მიიღო ჩრდილოეთ აფრიკის სახელმწიფო მაროკოსთან დაკავშირებით. პრეზიდენტმა ამის მიზეზად ელჩების არასათანადო მუშაობა დაასახელა.

„დღეს ხელი მოვაწერე განკარგულებას უკრაინის ელჩის მაროკოდან გაწვევის შესახებ. ასევე დაბრუნებულია ელჩი საქართველოდან. დიდი პატივისცემის მიუხედავად, არ იქნება იარაღი, არ იქნება სანქციები, არ იქნება შეზღუდვები რუსული ბიზნესისთვის – გთხოვთ, ეძებეთ სხვა სამსახური“, – განაცხადა ზელენსკიმ.

ვოლოდიმირ ზელენსკის ამ გადაწყვეტილებას აფასებენ ქართველი პოლიტიკოსები. საპარლამენტო ოპოზიცია ხელისუფლების ქმედებებისა და უკრაინისადმი არასათანადო მხარდაჭერის ლოგიკურ შედეგს უკავშირებს უკრაინის პრეზიდენტის გადაწყვეტილებას.

„უკრაინის პრეზიდენტმა უკრაინის სახელმწიფოს პოზიცია ჩამოაყალიბა, რომ ქვეყნები რომლებიც არაფერში ეხმარებიან, სანქციებსაც არ უჭერენ მხარს და არც სხვა პროცესებში შედიან, მისთვის არ წარმოადგენენ საინტერესო მეგობრებს, რადგან უკრაინას ამაზე მეტი რა უნდა გაუჭირდეს. მისი არსებობის ეგზისტენციალური საკითხი დგება და როცა ამ დროს გულგრილი ხარ და არც ერთ მითითებას არ ითვალისწინებს, რაც ახლა რუსეთთან ბრძოლის ფარგლებში არსებობს, ასეთ ქვეყანაში ელჩებმა სხვა სამსახური უნდა იპოვონ. საქართველოში უკრაინის ელჩს რა უნდა ექნა, რომ „ქართული ოცნება“ სხვანაირად მოქცეულიყო? მაინც მგონია, რომ საქართველო ამას შეიძლება მაინც არ იმსახურებდეს, მაგრამ ელჩის გაწვევის გარჩევა რომ დავიწყეთ, რამდენად სწორად გაითხოვა ზელენსკიმ, იმის ნაცვლად, რომ შენიშვნები გაგვეზიარებინა, რომელიც ბრძოლაში მყოფი პრეზიდენტის მიერ იყო ნათქვამი, ეს იყო „ქართული ოცნების“ შეცდომა. ჩვენც მსგავს სიტუაციაში ვართ და ჩვენთან ასეთი ტონით ლაპარაკის მორალური უფლება აქვს, რადგან ჩვენც მისი დახმარება გვჭირდება და დიდი ხანია, ერთად მივდივართ ამ გზაზე. საქართველომ რეზოლუციებს რომ მხარი დაუჭირა, ეს დასაფასებელია“, – განაცხადა დეპუტატმა იაგო ხვიჩიამ.

სანამ უკრაინაში ომი მიმდინარეობს და პრეზიდენტი ზელენსკი წინა ხაზზეა, „ქართული ოცნების“ წევრების თქმით, დეტალური განხილვისგან თავს შეიკავებენ. საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატები კვლავ საქართველოს მხრიდან უკრაინის ურყევ მხარდაჭერაზე საუბრობენ.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი აცხადებს, რომ უკრაინის პრეზიდენტის განცხადება საქართველოდან ელჩის გაწვევის შესახებ არ არის სამართლიანი გადაწყვეტილება.

„თავის დროზე კონსულტაციები, გაწვევა, ახლა მოხსნა ელჩის, ეს ჩვენ არ მიგვაჩნია სამართლიან გადაწყვეტილებად, არ არის ახსნადი ჩვენთვის, თუმცა მეორე მხრივ, ჩვენ ვამბობთ, რომ ეს არ არის ის პერიოდი, როდესაც ჩვენ უნდა ვისაუბროთ ამ შეფასებებზე. დღეს ჩვენ სრულად სოლიდარული ვართ უკრაინელი ხალხის მიმართ და მთავარია ვკონცენტრირდეთ იმაზე, რომ დასრულდეს ომი უკრაინაში. ეს საკითხები იმდენად უმნიშვნელოა, იმ საერთო მიზანთან შეფარდებით, რასაც ჰქვია ადამიანური ტრაგედიების დასრულება, რომ ჩვენ რა თქმა უნდა, ამ ეტაპზე ამ საკითხთან დაკავშირებით ზედმეტ კომენტარს არ ვაკეთებთ“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

უკრაინის პრეზიდენტმა ელჩი საქართველოდან კონსულტაციებისთვის მარტის დასაწყისში გაიწვია. ამის მიზეზად ვოლოდიმირ ზელსნკიმ ვიდეო მიმართვაში ორი ფაქტორი დაასახელა:

„მოხალისეების არგამოშვებისა და სანქციებთან დაკავშირებით ამორალური პოზიცია”, – ვოლოდიმირ ზელენსკი.

საქართველოში უკრაინის ელჩის მოვალეობას ამჟამად საელჩოს თანამშრომელი ანდრიი კასიანოვი ასრულებს.

ალეკო გვეტაძე

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend