სწორი ფერის შერჩევა, მატრიცის დამზადება, შემდგომ საღებავის ქსოვილზე გადატანა. ვახტანგ კაიშაური უკვე 11 წელია ასე ამზადებს ტრადიციულ ქართულ ლურჯ სუფრებს. ახლა ის ფერს აზავებს, რომ შემდეგ ქართული სუფრის გამორჩეული ფერი – ინდიგო, ქსოვილზე გადაიტანოს.
“ამას ზოგი შაბლონს ეძახის. ჩვენ მატრიცას ვეძახით. ამაზე ხდება საღებავის წასმა. ორნამენტიდან გამომდინარე ბადის ზომას ვარჩევთ. ეს არის სპეციალური რეზინა, რითაც საღებავი ქსოვილზე გადაგვაქვს”, – ამბობს ვახტანგ კაიშაური.
ვახტანგ კაიშაური ტრადიციული ტექნოლოგიით ლურჯი სუფრის დამზადებაში დაინტერესებულ ახალგაზრდებსაც ეხმარება. სამხატვრო აკადემიის მაგისტრანტი
“ადვილად ავითვისე იმიტომ, რომ ლამაზი გამოდის. როცა ატყობ, რომ ნამუშევარი ლამაზი და კარგია , უფრო მეტადაც ინდომებ, რომ კიდევ უფრო კარგი გააკეთო”, – თქვა სამხატვრო აკადემიის სტუდენტმა ნიკოლოზ ჭურღულაშვილმა ევრონიუს ჯორჯიასთან საუბარში.
ლურჯი სუფრის ტექნოლოგიის შესასწავლად და შემოქმედებითი მეწარმეობის წასახალისებლად, სამხატვრო აკადემიის წარმომადგენლები ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებს საქართველოს ხუთ რეგიონში ასწავლიდნენ ხელობას – შიდა ქართლში, ბოლნისში, მარნეულში, პანკისსა და დუშეთში. UNESCOS მხარდაჭერილი პროექტის, „ტრადიციული ლურჯი სუფრა შემოქმედებითი ინდუსტრიების განვითარებისთვის“, მიზანია ადგილობრივი ქალების დასაქმების ხელშეწყობა.
„ამ პროექტის მიზანია რეგიონების ჩართვა და მთელი ქვეყნის მასშტაბით ლურჯი სუფრის წარმოების პოპულარიზაცია. აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, ამ ყველა რეგიონში ჩატარდა ვორქშოფები. ამისთვის სპეციალური ჯგუფი იყო გამოყოფილი. თითოეულ რეგიონში ჩავდიოდით, სადაც რამდენიმედღიანი ვორქშოფი ტარდებოდა და ადგილზევე ვაჩვენებდით თვითონ წარმოების პროცესს“, – ამბობს სახელოსნო “ლურჯი სუფრის” ხელმძღვანელი თინათინ კლდიაშვილი.
პროექტში სამხატვრო აკადემიის სტუდენტებიც მონაწილეობდნენ.
“რეგიონებს თავისი დამახასიათებელი ნაწარმი და ტექნიკა აქვს. არამარტო რეგიონებს, არამედ ავტორებსაც. შეიძლება რეგიონში სხვადასხვა ნაწარმს ქმნიდნენ, მაგრამ თვითონ ავტორისთვის დამახასიათებელი ტექნოლოგია ჰქონდეს. თუ ასეთ ტექნიკას არ ფლობდნენ, ამასაც ვასწავლიდით და უკვე არსებულ მასალაზე მუშაობდნენ, რასაც იცნობდნენ. ეს ლურჯი სუფრის იდეა, სიმბოლიკა, თემა გადაიტანეს ამ მასალებში”, – ჰყვება პროექტის მონაწილე თორნიკე მაჭარაშვილი.
რა არის „ლურჯი სუფრა“, რატომ იზიდავს ქართველებსა თუ უცხოელებს და რით არის იგი ასეთი გამორჩეული ქართულ ტრადიციული რეწვის ნიმუშებს შორის?
„ლურჯი სუფრა არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ატრიბუტი, ტრადიციულ ქართულ ყოფაში, რომელსაც ჰქონდა სადღესასწაულო და რიტუალური დატვირთვა. ლურჯი სუფრა ძალიან საინტერესო ფენომენია, თავისი კოლორიტით და ორნამენტული დეკორით, რომელიც მისთვის არის სახასიათო. თვითონ ლურჯი სუფრის ტექნოლოგია, როგორც ჩანს აღმოსავლეთიდან არის წამოსული“, – განმარტავს ხელოვნებათმცოდნე ირინა კოშორიძე.
პროექტის შედეგად, UNESCO-ს ეროვნული კომისიის შემოთავაზებითა და დახმარებით, – გორსა და პანკისში ახალი საწარმოები გაიხსნა და ადგილობრივ ქალებს შემოსავლის წყარო გაუჩნდათ.
„ამ სასწავლო პროგრამის შედეგად, გორსა და პანკისში, როგორც მულტიკულტურულ და ტურისტული პოტენციალის მქონე რეგიონებში, შემოქმედებითი ინდუსტრიების სახელოსნოები დაფუძნდა. ამ სახელოსნოებმა ფუნქციონირება უნდა დაიწყონ და მათში სწორედ ის ქალბატონები უნდა იყვნენ ჩართული, რომლებმაც ლურჯი სუფრის ტექნოლოგიები შეისწავლეს და უკვე იციან, თუ როგორ შექმნან ეს პროდუქტი“, – ამბობს სამხატვრო აკადემიის საერთაშორისო ურთიერთობის განყოფილების უფროსი მაია ყიფიანი.
31 აგვისტოს კი სამხატვრო აკადემიაში გამოფენა გაიმართება, რომელზეც “ლურჯი სუფრის“ ახალი ოსტატების, სტუდენტებისა და ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლების დამზადებული ნამუშევრები გამოიფინება.
თორნიკე კოპლატაძე