გასული თვის განმავლობაში პოლონეთმა, ევროპის სხვა ქვეყნებთან შედარებით, ყველაზე მეტი ლტოლვილი – 2 მილიონ 300 ათასი ადამიანი მიიღო. იზრდება საცხოვრებლის, ჯანდაცვისა და კვების ხარჯები, პოლონეთის მთავრობა დახმარებას ითხოვს.
პოლონეთის ჯანდაცვის მინისტრი ადამ ნეძელსკი ამბობს, რომ ყოველთვიურად ლტოლვილებთან დაკავშირებული ხარჯები მილიონობით ზლოტს შეადგენს. მისი თქმით, ევროპული სოლიდარობა მხოლოდ სიტყვებით არ უნდა გამოიხატოს და საჭიროა ფინანსური დახმარება, რადგან პოლონეთს ყველაზე მეტი ხარჯი აწევს ტვირთად.
უკრაინელები, რომლებიც პოლონეთის საზღვარზე გადადიან, თავს უსაფრთხოდ გრძნობენ. ერთ-ერთი ლტოლვილი უკრაინიდან ნიკოლაი ნაზაროვი ჰყვება, რომ მამამისმა ინსულტი 3-ჯერ გადაიტანა და დამოუკიდებლად ვერ მოძრაობს. რომ არა იქ მყოფთა თანადგომა, აქ ჩამოსვლა ძალიან გაუჭირდებოდათ.
ოლია კოვალიოვამ კი უკრაინიდან გაქცევა მაშინ გადაწყვიტა, როდესაც რუსმა სამხედროებმა მათი ქალაქი აიღეს. მისი თქმით, იქ ბავშვებს ვერც სკოლაში ატარებდნენ და ვერც ბაღში. ოლიას აღარც სამსახური ჰქონდა.
პოლონეთიდან უკრაინელები სხვადასხვა ქვეყანაში გადადიან, თუმცა ბევრ ადამიანს სხვა გზა არ აქვს, ისინი კვლავ რჩებიან პოლონეთში და ომის დასრულებას ელოდებიან.