მთავარისაქართველოსაქართველოს მთვარობასა და პრეზიდენტს შორის დავა კომპეტენციებზე გრძელდება

საქართველოს მთვარობასა და პრეზიდენტს შორის დავა კომპეტენციებზე გრძელდება

ელჩების დანიშვნისა და ბრიუსელში გამართული ვიზიტების საკითხმა პრეზიდენტის, აღმასრულებელი ხელისუფლისა და პარლამენტის უწყებებს შორის ბოლო დროს კომპეტენეციების გაუგებრობა წარმოშვა.

მმართველი პარტია პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს ამჟამად ელჩების დანიშვნის გაჭიანურების საკითხზე ედავება. პრეზიდენტმა სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ განცხადებაში თქვა, რომ მის მიმართ არსებული პრეტენზიები ტყუილს ეფუძნება და ზრდილობასაც მოკლებულია. სალომე ზურაბიშვილის განცხადებაში ნათქვამია:

„საქართველოს პრეზიდენტისა თუ მისი ადმინისტრაციის ტყუილში დადანაშაულება, რომელიც ზრდილობასაც და ყოველგვარ საფუძველს მოკლებულია, იწვევს საზოგადოებაში არასასურველ დაძაბულობას, როცა ჩვენს ირგვლივ ბევრად უფრო საკვანძო საკითხები წყდება. საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია კიდევ ერთხელ იმეორებს: 2021 წლის პირველი იანვრიდან 2022 წლის 21 მარტის ჩათვლით, ელჩის და დიპლომატიური წარმომადგენლობის ხელმძღვანელის თანამდებობაზე დასანიშნად მთავრობამ პრეზიდენტს წარუდგინა 12 კანდიდატურა და თორმეტივეს დანიშვნის თაობაზე პრეზიდენტის მიერ გამოცემულია შესაბამისი განკარგულება“,- აღნიშნულია განცხადებაში.

პრეზიდენტის განცხადებას უპასუხეს მმართველ პარტიაში. „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ პრეზიდენტმა თავისი კომპეტენცია და შესაბამისად კონსტიტუცია დაარღვია. რადგან სალომე ზურაბიშვილმა გონივრულ ვადაში არ დანიშნა მთავრობის მიერ წარდგენილი ელჩები. მისივე თქმით, ახლო მომავალში მთავრობა პრეზიდენტს საკონსტიტუციო სასამართლოში უჩივლებს, რათა სასამართლოს გზით დადგინდეს დარღვევის ფაქტი. კობახიძის თქმით, ამით არა პოლიტიკური ანგარიშსწორება, არამედ სიმართლის დადგენა მოხდება.

„გასული ერთი წლის განმავლობაში, ხუთი ელჩი არ დანიშნა პრეზიდენტმა, მთავრობის წარდგინების მიუხედავად და ერთის განთავისუფლებაზე თქვა უარი. ეს არის ოფიციალური დოკუმენტებით დადასტურებული. არის ოფიციალური მიმოწერა საქართველოს მთავრობასა და პრეზიდენტს შორის. შესაბამისად, რატომ დასჭირდა არასწორი ინფორმაციის გავრცელება პრეზიდენტის ადმინისტრაციას, არის გაუგებარი. ერთი, რაც ჩანს, აშკარაა, რომ პრეზიდენტმა დაიხია უკან. აშკარად ხდება ის, რომ ელჩების დანიშვნა-გათავისუფლება რეალურად, პრაქტიკული თვალსაზრისით, არ არის მისი კომპეტენცია და როგორც ჩანს, ამიტომ უწევს არასწორი ინფორმაციის გავრცელება. საჯაროდ განვაცხადეთ, რომ საქართველოს მთავრობა აპირებს, საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი შეიტანოს. ამ სარჩელის მიზანი იქნება საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ იმის დადგენა, რომ განიმარტოს ესა თუ ის კომპეტენცია. ამ შემთხვევაში, ელჩის დანიშვნის კომპეტენცია. ეს იქნება სარჩელის მიზანი. იყო სპეკულაციები იმის თაობაზე, რომ ვიღაცას პრეზიდენტის დასჯა უნდა, რაც არის ცარიელი სპეკულაცია მარტივი მიზეზის გამო. საკონსტიტუციო სასამართლო არავის სჯის. ერთადერთი, რასაც საკონსტიტუციო სასამართლო გააკეთებს, არის კომპეტენციის შინაარსის განმარტება“, – განაცხადა კობახიძემ.

პრეზიდენტის ინსტიტუტთან პოლიტიკური თუ სამართლებრივი დავების საფუძველზე „ქართულმა ოცნებამ“ საკონსტიტუციო სასამართლოს უფლების გაზრდისთვის, საკანონმდებლო ინიციატივა წარადგინა. ამ ნაბიჯს ოპოზიციამ სალომე ზურაბიშვილისა და ზოგადად პრეზიდენტის ინსტიტუტის წინააღმდეგ მიმართული ქმედება უწოდა. მოგვიანებით, მმართველმა პარტიამ განხილვა შეაჩერა. 30 მარტის პლენარულ სხდომაზე კი ალტერნატიული საკანონმდებლო ცვლილება წარადგინა, პარლამენტის ოპოზიციურმა ჯგუფმა პარტია „ლელო“-დან. ინიციატივა საკონსტიტუციო სასამართლოსთვის კონკრეტული ვადის დაწესებას გულისხმობს, რა დროშიც მან არა მხოლოდ უნდა განიხილოს საქმე, არამედ უნდა გადაწყვიტოს იგი.

“სამწუხაროდ, არაერთი შემთხვევა დაფიქსირდა, როდესაც საკონსტიტუციო სასამართლო წლების განმავლობაში არ აცხადებს გადაწყვეტილებას. ჩვენი კანონპროექტი ითვალისწინებს საკონსტიტუციო სასამართლოსთვის კონკრეტული ვადის დაწესებას, რა დროშიც მან არა მხოლოდ უნდა განიხილოს საქმე, არამედ უნდა გადაწყვიტოს იგი. სამართლიანი სასამართლოს უფლება არ გულისხმობს მხოლოდ საქმის განხილვას, აუცილებელია გადაწყვეტილება მიღებულ იქნას დროულად, რადგანაც მოქალაქეებს ლოგიკურ ვადაში შეეძლოთ თავიანთი სადავო უფლებების აღდგენა. სხვა შემთხვევაში, სასამართლოსათვის მიმართვის უფლება ხდება ფიქცია და ის ვერ ჩაითვლება სათანადოდ განხორციელებულად. მიგვაჩნია, რომ სწორედ ეს არის ის უმნიშვნელოვანესი საკითხი, რისი ცვლილებაც აუცილებელია „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ ორგანულ კანონში”, – განაცხადა ოპოზიციონერმა დეპუტატმა დავით უსუფაშვილმა.

ჯერ უცნობია იტყვის თუ არა უარს „ქართული ოცნება“ საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელებაზე ორგანულ კანონში „საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“. გაურკვეველია მთავრობის მიერ პრეზიდენტის მიმართ საკონსტიტუციო სასამართლოში საჩივრის შეტანის თარიღიც.

ალეკო გვეტაძე

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend