მთავარიევროპაუკრაინაუკრაინული არმია კონტრშეტევაზეა გადასული

უკრაინული არმია კონტრშეტევაზეა გადასული

უკრაინულმა არმიამ დაიბრუნა ქალაქები ირპინი და ტროსტიანეცი

უკრაინელმა ჯარისკაცებმა ქვეყნის აღმოსავლეთში მდებარე ქალაქი ტროსტიანეცი დაიბრუნეს.

უკრაინელ ჯარისკაცებსა და ტანკებს მოსახლეობა სიხარულით შეეგება. ქალაქში მიმოფანტულია განადგურებული რუსული სამხედრო ტექნიკა.

მოსახლეობის თქმით, უკრაინელმა ჯარისკაცებმა ქალაქი მძიმე ბრძოლის შედეგად დაიბრუნეს. სვეტლანა, რომელიც რუს ოკუპანტებს ორკებად მოიხსენიებს ამბობს, რომ უხარია უკრაინელი ჯარისკაცების გამარჯვება.

”ჩვენი ქალაქი რუსმა ორკებმა დაიპყრეს. ამ მოედანზე კი მათი ტანკები ეყენა. ამ შენობის სიახლოვეს, ავტობუსის გაჩერებასთან კი მათი არტილერია და დონეცკელი და ლუგანსკელი ჯარისკაცები იყვნენ. ისინი ჩვენ თითქმის ყოველდღე გვძარცვავდნენ“, – ჰყვება სვეტლანა ნემცოვა.

უკრაინის ხელისუფლების შესაბამისი სამსახურები კი დაბრუნებულ ქალაქში მოსახლეობას ეხმარებიან.

“როგორც ხედავთ, ამ მიდამოებში დიდი შეტაკებები იყო, ყველგან ჭურვები ეცემოდა და ხალხი შეშინებული იყო. მოსახლეობას სასმელი წყალი და საკვები აკლდა. ჰუმანიტარული თვალსაზრისით მძიმე მდგომარეობა იყო. ახლა კი როდესაც აქ ბრძოლები აღარ მიმდინარეობს უკვე ვახერხებთ მოსახლეობის დახმარებას. ყველა ღონეს ვიხმართ, რომ მოსახლეობის უსაფრთხოება დაცული იყოს”, – ამბობს ევგენი კოსინი, უკრაინის სასწრაფო დახმარების მუშაკი.

ბოლო რამდენიმე დღეა, უკრაინული არმია კონტრშეტევაზეა გადასული. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ დაადასტურა ქალაქ ირპინიდანაც რუსი ოკუპანტების გაძევება, მაგრამ პრეზიდენტის თქმით, კიევის რეგიონის ჩრდილოეთ მიდამოებს კვლაც რუსული არმია აკონტროლებს.

“კარგი ამბავი უნდა გითხრათ, ჩვენი ჯარისკაცები კიევის რეგიონში წინ მიიწევენ და ჩვენს მიწას იბრუნებენ. ირპინი თავისუფალია, დიდება უკრაინას. ოკუპანტები კიევის რეგიონში უკან იხევენ, მაგრამ ამ რეგიონის უსაფრთხოებაზე საუბარი ჯერ კიდევ ადრეა, ბრძოლა გრძელდება. რუსი ჯარისკაცები კვლავ იმყოფებიან კიევის რეგიონის ჩრდილოეთ მიდამოებში. მათ აქვთ ბევრი რესურსი და ცოცხალი ძალა, განადგურებული შენაერთების შევსებას ცდილობენ, 90% იანი დანაკარგები მათთვის შეჩერების მიზეზი არ არის”, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

ერთ – ერთმა ამერიკელმა სამხედრო მაღალჩინოსანმა ანონიმურობის დაცვით, გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, რუსული არმია უკრაინაში დიდი სირთულით მიიწევს ცოტათი წინ, მისი თქმით, რუსული სამხედრო გენშტაბი კიევის  ნაცვლად, რესურსს დონბასის რეგიონისკენ მიმართავს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend