მთავარი გადაცემები კუბი რომან აბრამოვიჩს სავარაუდო ქიმიური მოწამვლის სიმპტომები გამოუვლინდა - Bellingcat

რომან აბრამოვიჩს სავარაუდო ქიმიური მოწამვლის სიმპტომები გამოუვლინდა – Bellingcat

საგამოძიებო ჟურნალისტური ორგანიზაცია „ბელინგქეთის“ ინფორმაციით, რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებებში მონაწილე სამ ადამიანს ქიმიური ნივთიერებით მოწამვლის მსგავსი სიმპტომები აღენიშნებოდა. ერთ-ერთი მათგანი ბიზნესმენი რომან აბრამოვიჩია.

„ბელინგქეთმა“ დაადგინა, რომ აბრამოვიჩი რუს ბიზნესმენთან ერთად, რომლის სახელი არ საჯაროვდება, კიევში უკრაინის უმაღლესი რადის დეპუტატს რუსტემ უმეროვს შეხვდა.  რუსტემ უმეროვი მოლაპარაკებებში მონაწილეობს.

შეხვედრა 3 მარტს დღისით გაიმართა და საღამოს ათ საათამდე გაგრძელდა. დღის ბოლოს შეხვედრის მონაწილეებს დაეწყოთ ძლიერი ტკივილი თვალის არეში, მათ კანიც გაუღიზიანდათ. სიმპტომები მეორე დღის დილამდე გაგრძელდა.

ბელინგქეთის“ ინფორმაციით, მსგავსი სიმპტომები ქიმიური იარაღით მოწამლვის შემთხვევაში აღენიშნება ხოლმე ადამიანს. შესაბამისად, შეხვედრის მონაწილენი, შესაძლოა, სწორედ ამ ნივთიერებით იყვნენ მოწამლული, თუმცა მისი სახეობა   ჯერ არ არის დადგენილი.

მოწამვლის კიდევ ერთ ვერსიად მიკროტალღური გამოსხივების ზემოქმედება განიხილება. როგორც  „ბელინგქეთი“ იუწყება, სიმპტომების გამოჩენამდე არცერთ მათგანს, წყლისა და შოკოლადის გარდა, არაფერი ჰქონდა მიღებული.

ბელინგქეთი“ ექსპერტების დასკვნებს ეყრდნობა და წერს, რომ სავარაუდოდ, ამ გზით შეხვედრის მონაწილეების დაშინება სურდათ. ამ მოსაზრებას ამტკიცებს გამოყენებული ნივთიერების შემადგენლობა და დოზა. უცნობია, რომელი ნივთიერება გამოიყენეს, რადგან ლაბორატორიული კვლევა ჯერჯერობით არ ჩატარებულა.

ამავდროულად, უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის ოფისი არ ადასტურებს ინფორმაციას მოლაპარაკებების წევრების მოწამვლის შესახებ. როგორც უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველი მიხაილ პოდოლიაკი ამბობს, მოლაპარაკებაში მონაწილე პირები ჩვეულებრივად აგრძელებენ მუშაობას. მისივე თქმით, ეს ინფორმაცია სპეკულაციისა და კონსპირაციის თეორიის ელემენტებს შეიცავს.

მოწამვლას არ ადასტურებს არც რუსტემ უმეროვი. მან ტვიტერზე დაწერა, რომ კარგად გრძნობს თავს და მოუწოდებს საზოგადოებას, ნუ ენდობა ინფორმაციას გადამოწმების გარეშე.

უახლესი

სხვა ამბები

Send this to a friend