მთავარისაქართველობელარუსები საქართველოში

ბელარუსები საქართველოში

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ბევრი ხალხია. ზოგი ნათესავს ელოდება, ზოგიც – სტუმარს.

მინსკის რეისს ბელარუსის მოქალაქეები ჩამოჰყავს თბილისში. ზოგი მათგანი კამერასთან საუბარს თავს არიდებს. კამერის მიღმა კი ყვებიან, რომ საქართველოში ოჯახთან ერთად, ბელორუსში შექმნილი პოლიტიკური ვითარების  გამო ჩამოვიდნენ. თუმცა, არიან ისეთებიც, რომლებიც საქართველოში ჩამოსვლასა და აქაურ სამომავლო გეგმებზე ღიად საუბრობენ.

„საქართველოში მეუღლესთან ერთად, დასასვენებლად ჩამოვედი“;

„აქ სამუშაოდ ჩამოვედი, ვნახოთ, შეიძლება, საქართველოში სამუდამოდ დავრჩე“;

ბელარუსიიდან საქართველოში სამუშაოდ ჩამოვედი. აქ მეგობრები მყავს, რომლებიც საქართველოში უკვე ნახევარი წელია ცხოვრობენ და ახლა მეც ჩამოვედი მათთან. ორი თვე დავრჩები, შემდეგ – ვნახოთ“;

„საქართველოში რამდენიმე დღით ჩამოვედი, დასასვენებლად“, – ამბობენ აეროპორტში ბელარუსიდან ჩამოსული მოქალაქეები.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, ვიზიტორების თვალსაზრისით, ბელორუსი 2022 წლის იანვარში მე-9 ადგილზე იყო, ხოლო თებერვალში მეშვიდეზე გადმოინაცვლა. ევროპული კვლევების დირექტორი, კახა გოგოლაშვილი, იმ მიზეზებზე საუბრობს, თუ რატომ ტოვებენ ბელარუსები თავიანთ ქვეყანას.

„დიდი ნაწილი, ვისაც არ გააჩნია სიმპათიები არსებული რეჟიმის მიმართ და ვერ მალავს უბრალოდ მათ ამ ანტიპათიას, მათ ეშინიათ იქ დარჩენის და გარბიან ქვეყნიდან. მეორე არის, თავსითავად, ეკონომიკური სანქციებიც, რომელიც ბელარუსისთვის დააწესა დასავლეთმა. ძალიან ბევრი დაკარგავს სამუშაოს ბელარუსში. ბევრმა, ალბათ, უკვე დაკარგა კიდეც, რომლის სამუშაოც დამოკიდებული იყო დასავლეთთან. მოსახლეობის ეს სეგმენტი – რომელიც შეიძლება, ღიად ოპოზიციური არ იყო, მაგრამ დარწმუნებული ვარ, სიმპათიები არ ჰქონდათ რეჟიმის მიმართ, მაგრამ, ყოველ შემთხვევაში, რაღაცნაირად ახერხებდნენ რეჟიმთან კოაბიტაციას – ახლა ხედავენ, რომ ვერ მოახერხებენ, აუცილებლად მათ ეკონომიკურ ინტერესებს მიადგება დიდი ზიანი“, – თქვა ევროპული კვლევების დირექტორმა, კახა გოგოლაშვილმა.

კახა გოგოლაშვილი ამბობს, რომ ბელარუსის მოსახლეობის უდიდესი ნაწილისთვის მიუღებელი აღმოჩნდა ის პოზიცია, რომელიც ალქსანდრ ლუკაშენკამ უკრაინის მიმართ დაიჭირა.

„თავად ფაქტი იმისა, რომ ბელარუსის ჯარი ჯერ არ ჩართულა სამხედრო მოქმედებებში, იმაზე მიანიშნებს, რომ ჯარშიც კი არა არის ერთი აზრი იმასთან დაკავშირებით და არ არის სრული მორჩილება ბელარუსის პრეზიდენტის მიმართ, როდესაც საქმე უკვე უკრაინაში შეჭრას შეეხო“, – აღნიშნა ევროპული კვლევების დირექტორმა, კახა გოგოლაშვილმა.

თბილისის აეროპორტში, ყოველდღიურად მოფრინავენ თვითმფრინავები მინსკიდან თუ სხვა ქალაქებიდან და მათ ბელარუსის მოქალაქეები სულ უფრო მეტად მოჰყვებიან.

ანა ალელიშვილი

 

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend