გასულ უქმეებზე მალტაზე გამართულ საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვება მმართველმა „ლეიბორისტულმა პარტიამ“ მოიპოვა.
მალტის პრემიერ-მინისტრმა, რომელიც „ლეიბორისტული პარტიის“ წევრია, განაცხადა, რომ, წინასწარი გამოკითხვებით, კვირას გამართულ საპარლამენტო არჩევნებში მისმა პარტიამ ხმათა უმრავლესობით მოიპოვა გამარჯვება, თუმცა რობერტ აბელას კონკრეტული ციფრები არ დაუსახელებია.
არჩევნებზე, როგორც წესი, აქტივობა 90 პროცენტს სცილდება ხოლმე, ამჯერად კი, საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, დაახლოებით 85 პროცენტი იყო. ეს არის ისტორიულად ყველაზე დაბალი მაჩვენებელი მას შემდეგ, რაც 1964 წელს მალტამ დიდი ბრიტანეთისგან დამოუკიდებლობა მოიპოვა. მალტა ევროკავშირის წევრი ქვეყანა კი 2004 წელს გახდა.
ეს არჩევნებში პირველი გამარჯვება იქნება აბელასთვის, რომელიც მთავრობის ხელმძღვანელად 2020 წლის დასაწყისში დაინიშნა, როდესაც ჯოზეფ მუსკატი თანამდებობიდან გადადგა.
ჯოზეფ მუსკატს ბრალს სდებენ, რომ იგი ჟურნალისტის დაფნე კარუანა გალიციას მკვლელობის გამოძიებაში ჩარევასა და საქმის სათავისოდ წარმართვას ცდილობდა. გალიცია ის ჟურნალისტი იყო, რომელიც ყოფილი პრემიერ-მინისტრის კორუფციულ გარიგებებში შესაძლო მონაწილეობას იძიებდა
წელს მალტაზე გამართულ არჩევნებში 16-დან 18 წლამდე მოქალაქეებს პირველად მიეცათ ხმის მიცემის უფლება.