მთავარისაქართველო"ინფლაცია და გაზრდილი ფასები მსოფლიო გამოწვევაა და საქართველო ვერ იქნება გამონაკლისი"- ირაკლი...

“ინფლაცია და გაზრდილი ფასები მსოფლიო გამოწვევაა და საქართველო ვერ იქნება გამონაკლისი”- ირაკლი ღარიბაშვილი

ინფლაცია და გაზრდილი ფასები მსოფლიო გამოწვევაა და საქართველო ვერ იქნება გამონაკლისი -ასე გამოეხმაურა საწვავის ფასებთან დაკავშირებით თბილისში, გუშინ, 27 მარტს გამართულ საპროტესტო აქციას საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი.

მთავრობის სხდომაზე ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ 21 მარტის მონაცემებით, საწვავის ფასების მიხედვით მსოფლიოს 170 ქვეყანას შორის, ერთი ლიტრი ბენზინის სიიაფით საქართველო 71-ე ადგილს იკავებდა.

ირაკლი ღარიბაშვილმა მოსახლეობას წესრიგისკენ მოუწოდა და თქვა, რომ ქუჩების ჩაკეტვა ავტომობილებით პროვოკაციული ქმედებაა და მიუღებელია.

მთავრობის სხდომაზე განაცხადეს ისიც, რომ საქართველოს მთავრობა ინფლაციის შესამცირებლად ეროვნულ ბანკთან ყოველდღიურად მუშაობს.

“გამორიცხულია, რომ ვიყოთ გამონაკლისი. ჩვენ ვართ პატარა ქვეყანა, პატარა ეკონომიკით და მიერთებული ვართ მსოფლიო ბაზარს. რაც ამერიკაში და ევროპაში ხდება, ის, რა თქმა უნდა, ჩვენზეც აისახება. ასეთი ომი ევროპაში მეორე მსოფლიო ომის შემდეგ არ ყოფილა. ამას ბუნებრივია, ექნება გავლენა ყველაზე და ყველაფერზე. ფასებზე, ეკონომიკაზე, ინფლაციაზეც“, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა.

როგორც ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი ამბობს, საწვავის ფასი ბოლო ორი კვირის განმავლობაში 15-20 პროცენტით გაიზარდა. ამის მიზეზი კი ის არის, რომ საქართველო არ არის ნავთობის მწარმოებელი ქვეყანა და სრულიად დამოკიდებულია იმპორტზე.

„მინდა მოსახლეობას განვუმარტო, თუ რა შინაარსი აქვს იმ მოთხოვნებს, რომელიც დღეს არის დაყენებული საწვავის ფასთან დაკავშირებით. კონკრეტულად აქციზის და დღგ-ს გაუქმებასთან მიმართებაში. ეს ჯამურად ქვეყნის შემოსავლების ნაწილში შეადგენს 1.3 მილიარდ ლარს, ეს არის ჩვენი საგადასახადო შემოსავლების 8-დან 9 %-მდე. ბუნებრივია, ამხელა ტიპის შემოსავალზე, საგადასახადო შემოსავლების დაკლებაზე, როდესაც მიმდინარე წელი დაგეგმილია და დაგეგმილია იმ სოციალური ვალდებულებებით, რა ვალდებულებებიც ქვეყანას აქვს აღებული ჩვენი მოსახლეობის წინაშე, შეუძლებელია, ამაზე ამ ეტაპზე იქნას საუბარი“, – ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი.

გარდა საწვავის ფასების ზრდისა და ინფლაციისა, ეკონომიკის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა საქართველოში უკრაინელ დევნილებთან დაკავშირებით ისაუბრა.  მისი განცხადებით, უკრაინელი დევნილების დასახმარებლად გამოყენებულია ძირითადად ორი ტიპის დაფინანსება – სახელმწიფო ბიუჯეტი და კერძო სექტორის დონაცია.

“ბუნებრივია, ჩვენ გვქონდა საუბარი პარტნიორებთან და დონორებთან. ამ დროისთვის არ არსებობს რაიმე პაკეტი, რომელსაც საქართველო იღებს. დღეს ჩვენ სრულად ვიყენებთ არსებულ სახელმწიფო რესურსებს, თუმცა თუ გვექნება მეტი რესურსი და მეტი იქნება მხარდაჭერა, ჩვენ ამას მხოლოდ მივესალმებით“, – ამბობს ეკონომიკის მინისტრი ლევან დავითაშვილი.

მთავრობის წარმომადგენლები საწვავის ფასების ზრდასა და ინფლაციას უკრაინაში მიმდინარე მოვლენებით ხსნიან. მათი თქმით ეს არის ის ფასი, რომლის გადახდაც როგორც მსოფლიოს ყველა ქვეყანას, ასევე საქართველოს თითოეულ მოქალაქეს მოუწევს.

მარიამ ქუხილავა

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend