მთავარიევროპაუკრაინაფრონტის ხაზთან ახლოს

ფრონტის ხაზთან ახლოს

"ადამიანები ჩემსა და ჩემს ოჯახზე ბევრად ცუდ მდგომარეობაში არიან.  ამიტომაც იმისთვისაც მადლობელი ვარ, რაც მაქვს.“ - ამბობს კიევში მცხოვრები 26 წლის კატერინა ბილიკი

უკრაინაში 6 მილიონზე მეტი დევნილი და 4 მილიონამდე ლტოლვილია. თუმცა მოსახლეობის უმეტესობა სახლებს არ ტოვებს და უკრაინაში რჩება. მათ შორისაა ჩვენი რესპონდენტი კატერინა ბილიკი. ამბობს, რომ ის თავის ოჯახთან ერთად არსად წასვლას არ აპირებს და ბოლომდე უკრაინაში დარჩება, რათა დაეხმარონ ერთმანეთს, მეზობლებს, ჯარს და ყველას, ვისაც დახმარება დასჭირდება.

ბავშვები ომობანას თამაშობენ და უკრაინას იცავენ. ვერტმფრენით, რომელიც სათამაშოებით აწყობილი კიევის ცას იცავს. ფანჯრებს იქით კი ნამდვილი ომია. ფანჯრებს იქით კი ნამდვილი ომია, უკვე თვეზე მეტია. ზუსტად 32 დღეა, 26 წლის კატერინა და მისი ოჯახის წევრები კიევს არ ტოვებენ. ფრონტის წინა ხაზი მათი სახლიდან 70 კილომეტრშია.

კატერინა ბილიკი:

„ვფიქრობ, რომ აქ უფრო საჭირო ვარ, რადგან ხანშიშესულ ადამიანებზე ვზრუნავ. მათთვის საკვები პროდუქტები მიმაქვს. ასევე ვარ მოხალისე და უკრაინულ ჯარს ვეხმარები სხვა მოხალისეებთან ერთად. აქ ყველას ვიცნობ. მთელი ჩემი ცხოვრებაა, აქ ვარ. როგორ წავიდე? როგორ დავტოვო სამშობლო? რა უნდა გავაკეთო სხვა ქვეყანაში. არსად წასვლას არ ვაპირებ, არც მე და არც ჩემი ოჯახი. ვერ ვეგუები იმ აზრს, რომ შეიძლება სამშობლო დავკარგოთ. სწორედ ამიტომ ვრჩები აქ. მირჩევნია, ჩემს სახლში მოვკვდე, ვიდრე გაქცევის დროს ქუჩაში ან უცხო ქვეყნის საზღვართან.“

კატერინას მეგობრები ფრონტის წინა ხაზზე იბრძვიან. ამბობს, რომ მათ ვერ ეკონტაქტება. ისეთ ადგილას არიან, რომ წითელი ჯვარიც კი ვერ შედის მათ დასახმარებლად, რადგან ხიდები განადგურებულია. შესაბამისად, ვერც საკვებს აწვდიან და ვერც წყალს. რამდენიმე დღის წინ კი ლუგანსკში კატერინას 22 წლის ბიძაშვილი სამშობლოს დაცვის დროს დაიღუპა.

კატერინა ბილიკი:

„როგორ შეიძლება ასეთ დროს კარგად ვიყო, მაგრამ სიმართლე რომ გითხრათ, ცუდადაც არ ვარ. ვხვდები, რომ დეპრესიაში ვარ, თუმცა ვცდილობ, ნერვებს არ ავყვე. ასევე ვცდილობ, ჩემი ოჯახის წევრებსაც შევუმსუბუქო ომის დროს ცხოვრება. მიუხედავად იმისა, რომ ბევრი პრობლემა გვაქვს, ამაზე საუბარი არ მინდა, რადგან ჩვენი მთავრობა ყველაფერს აკეთებს ჩვენს დასახმარებლად და არ მინდა, უმადური გამოვჩნდე. სასურსათო მაღაზიის რიგში ყოველდღიურად ერთ საათს მაინც ვატარებთ. რა თქმა უნდა, ზოგიერთი საკვები პროდუქტი აღარ იშოვება, ფასებიც გაიზარდა, მაგრამ ამას პრობლემას ვერ დავარქმევ, რადგან ადამიანები ჩემსა და ჩემს ოჯახზე ბევრად ცუდ მდგომარეობაში არიან.  ამიტომაც იმისთვისაც მადლობელი ვარ, რაც მაქვს.“

დღეში 5-ჯერ მაინც ესმით განგაშის ხმა, სახლში ყველაზე უსაფრთხო ოთახი მოძებნეს და იქ აფარებენ ხოლმე თავს და ელოდებიან დღეს, როდესაც უკრაინა გაიმარჯვებს.

ანანო ღუდუშაური

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend