2022 წლის 4 მარტია, პარასკევი. თუმცა, ამას აღარ აქვს მნიშვნელობა, დღეებს ახლა სხვანაირად ითვლიან, კალენდარული პრინციპით აღარ… და დღეს მე-9 დღეა…
30 წლის იულია სნიტკო რვა თვის ორსულია და სულ რაღაც ათი დღის წინ იმაზე ნერვიულობდა, თუ როგორი ამინდი იქნებოდა მაშინ, როდესაც მშობიარობა დაეწყებოდა. ახლა მისთვის აღარც ამინდი იცვლება და აღარც – ტემპერატურა. ცა უკვე მეცხრე დღეა არ უნახავს. საათის გარეშე იმის გარკვევაც უჭირს, გარეთ დილაა თუ ღამე, რადგან ზუსტად ცხრა დღეა მიწისქვეშ, უფანჯრო ბუნკერში ცხოვრობს.
სულ რაღაც შვიდი თვის წინ, მაშინ, როდესაც იულიას ორსულობის ტესტმა დადებითი პასუხი აჩვენა, ეგონა, რომ მის ცხოვრებაში ყველაზე ბედნიერი პერიოდი იწყებოდა. ვერ ითმენდა და დღეებს ითვლიდა. თუმცა, დღეების თვლა შეწყვიტა მაშინ, როდესაც უკრაინაში პირველი რუსული ბომბი ჩამოვარდა… 24 თებერვალს, გამთენიისას… ამის შემდეგ მისი ცხოვრება ორად გაიყო – ომამდე და ომის შემდეგ.
„ომის პირველ ღამეს ბუნკერში მუყაოს ყუთებზე მეძინა. ზურგი ძალიან მტკიოდა. მე და ჩემი მეუღლე მივხვდით, რომ ეს ყველაფერი ერთ დღეში არ დასრულდებოდა, ამიტომ ვცადეთ, აქაურობა ცოტა მიგველაგებინა. ჩემმა მეზობელმა სახლში დივანი დაშალა და მისი ნაწილები მოგვცა. ახლა დაძინება უფრო მეტად კომფორტულია“, – გვიყვება იულია და თან ბუნკერს გვათვალიერებინებს.
მეორე მსოფლიო ომის დროინდელ ბუნკერში ძალიან ცივა. აქ ყველა რკინა დაჟანგულია. ყველა კედელი ძალიან სქელი და ობმოდებულია. ელექტროენერგიის კაბელები, ისევე, როგორც ყველაფერი ამ ბუნკერში, ძველია, როგორც იტყვიან, დენიკინის დროინდელი. თუმცა, წყლის მილებისგან განსხვავებით, მუშაობს მაინც და ბუნკერის ახალ მოსახლეებს ბნელ დღეებსა თუ ღამეებს უნათებს.
თავშესაფარში კორპუსის 50-ზე მეტი მოსახლეა გამოკეტილი. მათ განგაშის სირენები უწყვეტად ესმით, ეს ხმა მთელ უკრაინაში ისმის.
განგაშის ხმა 36 წლის ნატალია ვაინილოვიჩის სახლშიც გამაყრუებლად ისმის. იულიასგან განსხვავებით, ნატალიას კორპუსს ბუნკერი არ აქვს, ამიტომ რამდენიმე დღე მეტროსადგურში გაატარა. შემდეგ გაცივდა, ძალიან ცუდად გახდა და სახლში დაბრუნება მოუწია. მის ბინაში სააბაზანო ერთადერთი განათებული ადგილია. ერთადერთი ადგილი, სადაც ღამით შუქის ანთება შეიძლება, რადგან ყველა სხვა ოთახს ფანჯარა აქვს და შუქი რომ აანთოს, რუსული რაკეტა სამიზნეში მარტივად ამოიღებს.
მაშინ, როცა კედლებს მიღმა განგაშის ხმა ისმის, სწორედ სააბაზანოს ოთხ კვადრატულ მეტრში ატარებენ დღეებს ნატალია და მისი შეყვარებული. იქ სძინავთ, იქ ჭამენ, იქიდან მუშაობენ…
„მე კიევში დარჩენა გადავწყვიტე. არ წავედი არც სხვა ქალაქში და არც სხვა ქვეყანაში. იმიტომ, რომ აქ დავიბადე. ეს სახლი ჩემია, მანამდე ჩემი წინაპრების იყო. რატომ უნდა წავიდე სახლიდან, მაშინ, როცა უცხო მოდის ჩემს ქვეყანაში?! მინდა, აქ ვიყო. მინდა, გამოსადეგი ვიყო. ყველაზე ცოტა, მინდა ჩემი და სხვა ადამიანების ამბები შევაგროვო. ეს ჩემი მთავარი მიზანია”, – გვესაუბრება ნატალია ვაინილოვიჩი სააბაზანოდან, მაშინ, როდესაც მასთან შორიახლოს ბომბები ცვივა.
როდესაც განგაშის სირენები წყდება, სააბაზანოდან გამოდიან და საკვებისა თუ წყლის მომარაგებას იწყებენ. ნატალია ამბობს, რომ ქალაქში სურსათის მხოლოდ რამდენიმე მაღაზიაა ღია და იქაც საკვების დეფიციტია.
„ზოგიერთი მაღაზია ღიაა. მხოლოდ ის, სადაც საკვები პროდუქტები იყიდება. ამ მაღაზიებთან ძალიან დიდი რიგებია, რადგან საკვები არ არის ბევრი. სუპერმარკეტებიდან საკვების დიდი ნაწილი უკრაინელ ჯარისკაცებს მისცეს. ასეც უნდა მოქცეულიყვნენ. თუმცა, ამის გამო მაღაზიაში შეუძლებელია ბოსტნეულის შეძენა. ასევე ამოიწურა რძის ნაწარმი. მაღაზიაში ვერ ნახავთ კვერცხს. თუმცა, ჩვენ, სამოქალაქო პირები, ერთმანეთს ვეხმარებით. მაგალითად, ჩემს კორპუსში, მეზობლები ერთმანეთს ვუნაწილებთ საკვებს. მათ, ვისაც ავტომობილი ჰყავთ, შემოგვთავაზეს, რომ მაღაზიებში ივლიან. ჩვენ ერთმანეთის ძალიან დიდ მხარში დგომას ვგრძნობთ“, – ამბობს ნატალია.
ნატალია საკუთარი თავის გარდა, ბებიასა და კატაზეც ზრუნავს, რომლებიც კეივის შემოგარენში ცხოვრობენ. და მაშინ, როდესაც შედარებით უსაფრთხოა, მათთან მიდის. გზად პროდუქტებს ყიდულობს.
ომის მე-14 დღეს შედარებით სიმშვიდეა და ბებიასთან წასვლა გადაწყვიტა. კორპუსის კიბეზე ადის და სახლის კარს აღებს. იქ მხოლოდ კატა ხვდება. ბებია, ალბათ, მაღაზიაშიაო – ამბობს ნატალია და პროდუქტების ამოლაგებას იწყებს. მალევე ამჩნევს, რომ სახლში წყლის მარაგი თითქმის ამოწურულია. იცის, რომ წყალს ვერც მაღაზიაში იყიდის, თუმცა ცარიელი ბოთლებით ქუჩაში ბრუნდება. იმ იმედით, რომ მათ აავსებს.
„ბიჭი დავინახე, რომელსაც ხელში წყლით სავსე ბოთლი ეჭირა. ვკითხე, სად აავსე წყალი-მეთქი და მიმასწავლა. მითხრა, რომ ეს ადგილი ბევრმა არ იცის და რიგიც არ არისო. იღბლიანი დღეა“, – გვიყვება ნატალია, კიევის შემოგარენიდან, ჩვენთვის ვიდეოს იღებს და თან ბებიასთვის წყლის მოპოვებას ცდილობს.
ბოთლების წყლით ავსების შემდეგ ნატალია მაღაზიასთან ბებიას შემთხვევით გადაეყარა. ბებია ნატალიას მისი დღის შესახებ უყვება. ნატალია კი ჩვენთვის ამ ყველაფერს იწერს.
„დილის 11 საათზე ჩამოვედი მაღაზიასთან. ის პროდუქტები, რომლებიც დარჩენილი ჰქონდათ, მალევე ვიყიდე. თუმცა, პურიც მინდოდა. არადა, არ ჰქონდათ. შემდეგ კი მითხრეს, რომ დრო სჭირდებოდა მის გამოცხობას და შემეძლო, დავლოდებოდი. მეც დაველოდე. ამიტომ მომიწია ოთხი საათი მაღაზიაში ყოფნა და ამიტომ არ დაგხვდი სახლში“, – უყვება ნატალიას ბებია სახლისკენ გზაზე.
ნატალია 82 წლის ბებიას პროდუქტების მე-8 სართულზე ატანაში ეხმარება. და კიდევ ცოტა ხნით რჩება მასთან. ბებია ემოციებს ვეღარ იკავებს და ცრემლები მოსდის.
„მეორე მსოფლიო ომის დროს დავიბადე. რატომ უნდა დავასრულო ცხოვრება ისევ ომის დროს. ისტორიამ ვერაფერი გვასწავლა?!“ – ტირილით უზიარებს ფიქრებს ნატალიას მისი ბებია.
მერე კი ნატალია ვაინილოვიჩი სახლში დაბრუნდა, კომენდანტის საათის დაწყებამდე უნდა მიესწრო. დაბრუნდა კიდევ უფრო დამძიმებული, ვიდრე იყო. ამბობს, რომ ქუჩაში გასვლა და ამ ყველაფრის საკუთარი თვალით კიდევ ერთხელ ნახვა, საყვარელი ადამიანების ტკივილი და ცრემლები, მისთვის ძალიან მძიმეა. სახლში დაბრუნებიდან რამდენიმე წუთში კვლავ ჩაირთო განგაშის სირენები. კვლავ შეაფარა ნატალიამ თავი სააბაზანოს, ისევ დახურა კარი და მაინც დაბრუნდნენ ფიქრები…
„ვზივარ და ვფიქრობ, კარგი თუ ეს დაბომბვაა, მე რა შემიძლია გავაკეთო? არაფერი. შეიძლება ეს ჩემი ბოლო ღამეა. შეიძლება შემდეგი ბომბი ჩემს კორპუსს მოხვდეს. ცხოვრება ნორმალური აღარ არის. არ არის ნორმალური, რომ აქ ვზივარ. სააბაზანოში. ვერასდროს ვიფიქრებდი, რომ აქედან ჩავწერდი ინტერვიუს“, – ცდილობს არ იტიროს და სიმწრისგან გაღიმებული ამას სააბაზანოდან გვიყვება.
ნატალიას სახლიდან არც თუ ისე შორს, ფრონტის ხაზთან ახლოს, 26 წლის კატერინა ბილიკი პატარა ძმას ომობანას ეთამაშება. ბავშვმა კუბიკებით კიევი ააშენა, ხელში ვერტფმრენი უჭირავს და სათამაშოებით აშენებული კიევის გარშემო აფრენს. ამბობს, რომ ასე ქალაქს რუსებისგან იცავს.
ფანჯრებს იქით კი ნამდვილი ომია. ზუსტად 32 დღეა. ფრონტის წინა ხაზი მათი სახლიდან 70 კილომეტრშია. აქ ხშირად განგაშის სირენებზე ხმამაღლა ბომბების ჩამოყრისა და აფეთქების ხმა ისმის…
„ვფიქრობ, რომ აქ უფრო საჭირო ვარ, რადგან ხანშიშესულ ადამიანებზე ვზრუნავ. მათთვის საკვები პროდუქტები მიმაქვს. ასევე ვარ მოხალისე და უკრაინულ ჯარს ვეხმარები სხვა მოხალისეებთან ერთად. აქ ყველას ვიცნობ. მთელი ჩემი ცხოვრებაა, აქ ვარ. როგორ წავიდე? როგორ დავტოვო სამშობლო? რა უნდა გავაკეთო სხვა ქვეყანაში? არსად წასვლას არ ვაპირებ, არც მე და არც ჩემი ოჯახი. ვერ ვეგუები იმ აზრს, რომ შეიძლება სამშობლო დავკარგოთ. სწორედ ამიტომ ვრჩები აქ. მირჩევნია, ჩემს სახლში მოვკვდე, ვიდრე გაქცევის დროს ქუჩაში ან უცხო ქვეყნის საზღვართან“, – ჩუმად გვიყვება კატერინა, ისე, რომ მისმა ძმამ ვერ გაიგონოს.
კატერინას მეგობრები ფრონტის წინა ხაზზე იბრძვიან. ამბობს, რომ მათ ვერ ეკონტაქტება. ისეთ ადგილას არიან, რომ წითელი ჯვარიც ვერ შედის მათ დასახმარებლად. ვერც საკვებს აწვდიან და ვერც – წყალს. რამდენიმე დღის წინ კი ლუჰანსკში კატერინას 22 წლის ბიძაშვილი სამშობლოს დაცვის დროს დაიღუპა.
„როგორ შეიძლება, ასეთ დროს კარგად ვიყო, მაგრამ სიმართლე რომ გითხრათ, ცუდადაც არ ვარ. ვხვდები, რომ დეპრესიაში ვარ, თუმცა ვცდილობ, ნერვებს არ ავყვე. ასევე ვცდილობ, ჩემი ოჯახის წევრებსაც შევუმსუბუქო ომის დროს ცხოვრება. მიუხედავად იმისა, რომ ბევრი პრობლემა გვაქვს, ამაზე საუბარი არ მინდა, რადგან ჩვენი მთავრობა ყველაფერს აკეთებს ჩვენს დასახმარებლად და არ მინდა, უმადური გამოვჩნდე. სასურსათო მაღაზიის რიგში ყოველდღიურად ერთ საათს მაინც ვატარებთ. რა თქმა უნდა, ზოგიერთი საკვები პროდუქტი აღარ იშოვება, ფასებიც გაიზარდა, მაგრამ ამას პრობლემას ვერ დავარქმევ, რადგან ადამიანები ჩემსა და ჩემს ოჯახზე ბევრად ცუდ მდგომარეობაში არიან. ამიტომ იმისთვისაც მადლობელი ვარ, რაც მაქვს.“
უკრაინის მოსახლეობა თავიანთ ცხოვრებას ორად ჰყოფს: ომამდე და მას შემდეგ… ომამდე თითოეული მათგანის ცხოვრება განსხვავდებოდა, ზოგი საბავშვო ბაღში დადიოდა, ზოგი სკოლაში, ზოგიც უნივერსიტეტში და ზოგიც სამსახურში. იყვნენ ისეთებიც, ვინც დილით სახლში რჩებოდა ან სხვაგან მიდიოდა, თუმცა 24 თებერვლის შემდეგ უკრაინელების ცხოვრება ერთმანეთს ისე ჰგავს, როგორც გაჭრილი ვაშლი. განგაშის სირენები, ბომბები, შიმშილი, სიცივე, შიში, იმედი და სიმამაცე, შემდეგ ისვე განგაშის სირენები, ბომბები, შიმშილი, სიცივე, შიში, იმედი, სიმამაცე და ასე გრძელდება ყოველდე, ყოველკვირა, ყოველთვე… ეს წრე უწყვეტია და ჯერ არ მთავრდება.
მოსახლეობას კიდევ ბევრი რამ აერთიანებს, თუმცა ყველაზე ხშირად პროტესტის გრძნობაზე საუბრობენ და ამბობენ, რომ არ უნდათ რუსეთთან რაიმე საერთო ჰქონდეთ.
„ჩვენ ამას ვერ დავივიწყებთ და არ ვაპატიებთ რუსებს. უკრაინულიც და რუსულიც მშობლიური ენასავით ვიცი. ომამდე რუსულ ენას ყოველდღიურად ვიყენები. ჩემს ოჯახში რუსულად ვსაუბრობდით. მე რუსულად ვფიქრობდი. ამის შემდეგ, კი მხოლოდ უკრაინულად ვისაუბრებ. არ მინდა, რუსებთან რაიმე საერთო მქონდეს“, – ამბობს 8 თვის ორსული იულია სნიტკო, ძალიან ცივი ბუნკერიდან.
ბომბები კი, რომლის აფეთქების ხმაც ნატალიას, იულიასა და კატერინას ესმით, ფატალური აღმოჩდა ბევრისთვის, მათ შორის იყვნენ ბავშვები, ორსულები, მოხუცები, ქალები და კაცები, ჯარისკაცები, დედები, მამები და ბებია-ბაბუები. ყველა მათგანს აქვს ისტორია და ეს ამბები ერთმანეთზე უფრო მძიმეა…
გარდაცვლილთა ისტორიებს ჰყვებიან დედები, ბებიები, მამები, შვილები, მეგობრები თუ სხვები და უყვებიან ყველას, ვისთანაც ხმა მიუწვდებათ. უყვებიან ყველა ფორმითა და ყველა ენაზე, გარდა ერთისა – რუსულისა, რადგან არ უნდათ, რუსეთთან რაიმე საერთო ჰქონდეთ.
ანანო ღუდუშაური