NFT-ის აბრევიატურა რომ გავშიფროთ, სიტყვა სიტყვით ნიშნავს იმას ტოკენს, რომლის ჩანაცვლებაც სხვა რამით შეუძლებელია. NFT შეიძლება იყოს ყველაფერი, მაგალითად ნახატები, მუსიკა, ფოტოები და ფეისბუკპოსტებიც კი.
„NFT განსაზღვრავს ციფრულ სამყაროში საკუთრებას. რეალურად, ჩვენ როდესაც ვფლობთ რაღაცას, თუნდაც მიწას ციფრულ სამყაროში, ვფლობთ NFT ტექნოლოგიის მეშვეობით. რეალურად NFT-ის აქვს ძალიან ბევრნაირი გამოყენება და არ არის მხოლოდ ხელოვნება, რომელიც შეიქმნა და შეგიძლია იყიდო, ეს შეიძლება იყოს ბინაც, რომელსაც შენ ფლობ ან ციფრულ სამყაროში ან რეალურ სამყაროში. ნებისმიერ ადამიანს შეუძლია, რომ შეიძინოს NFT. სხვადასხვა პლატფორმები არსებობს ამისთვის მათ შორის არის Open Sea, სადაც იყიდება ჩვეულებრივად ბევრი სხვადსხვა NFT”, – ამბობს ქართული ინფლუენსერ მარკეტინგის პლატფორმა echolize-ის დამფუძნებელი გიორგი თუშურაშვილი.
გარდა იმისა, რომ NFT საშუალებას აძლევს ქართველო ხელოვანებს გამოიმუშავონ თანხა, ეს ქართველი ციფრული არტისტებისთვის, უკრაინელი ლტოლვილებისთვის დახმარების საშუალებადაც იქცა.
„ჩვენ გვინდოდა, რომ მხარდაჭერა გამოგვეხატა უკრაინისთვის. ამისთვის გადავწყვიტეთ, რომ შეგვექმნა NFT კოლექცია და გავაერთიანეთ საქართველოში ორასზე მეტი , შევქმენით ეს კოლექცია და დავიწყეთ გაყიდვა. მთლიანობაში დაახლოებით ათი ათასი დოლარი შევაგროვეთ, რომელიც პირდაპირ გავაგზავნეთ უკრაინაში“, – აღნიშნავს თუშურაშვილი.
იმისათვის, რომ საქართველოს მოქალაქეებმა უფრო კარგად გაიგონ რა არის NFT და რა სარგებლის მოტანა შეუძლია მას, მალე ილუზიების მუზეუმ „ჰოლოზეუმში“ გაიმართება გამოფენა, სადაც 50-მდე არტისტი თავის NFT-კოლექციას წარმოადგენს.
„ძალიან მზარდია NFT-ბაზარი დღესდღეობით და თვითონ NFTარის ძალიან მოსახერხებელი და საინტერესო ტექნოლოგია, რომელიც ადამიანებს გაუმარტივებს ცხოვრებას, ურთიერთობებს. ის სხვა დანიშნულებას აძლევს ხელოვნებას, ხელოვნების სხვადსხვა დარგებს და უფრო მეტ შესაძლებლობას აძლევს თვითონ ხელოვანებს, რომ იყონ უფრო რეალიზებულნი და გაყიდონ თავიანთი ნამუშევრები საერთაშორისო ბაზარზე. იქიდან გამომდინარე, რომ ძალიან დიდი იყო დაინტერესება საქართველოში ჩვენთან ზოგადად კრიპტოთემატიკაში და ასევე NFT-თემატიკაში, ბუნებრივად გაჩნდა სურვილი, რომ გაკეთებულიყო გამოფენა”, – ამბობს გამოფენის ორგანიზატორი იოგა დევდასი.
NFT-ის მიმართ დაინტერესება საქართველოში საკმაოდ მაღალია. საქართველოში NFT-ის ფეისბუკჯგუფებს ათასობით წევრი ჰყავს. მათ აინტერესებთ, თუ როგორი იქნება ინტერნეტის მომავალი, სადაც მათ ციფრულ საკუთრებას საფრთხე არ დაემუქრება.
ავტორი: ანეტ მიქელაძე