ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ვარშავაში პრეზიდენტ ანდჟეი დუდას შეხვდა. უკრაინის მხარდაჭერასთან ერთად მათ ლტოვილების საკითხიც განიხილეს. ლტოლვილთა კრიზისთან გასამკლავებლად შეერთებული შტატები პოლონეთს ფულით და მარაგით დაეხმარება.
შეხვედრაზე პრეზიდენტმა ბაიდენმა განაცხადა, რომ კრიზისისას ნატო ერთიანია.
„ჩვენ მეხუთე მუხლს ჩვენს წმინდა ვალდებულებად მივიჩნევთ. იმად რასაც არ უგულებელვყობთ. ეს ნატოს ყველა წევრ ქვეყანას ეხება. ამ დროს, როცა მსოფლიო იცვლება ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ნატო იყოს ერთიანი, რომ ჩვენს ხედვებში არ უნდა იყოს განსხვავებები. უნდა ვიყოთ ერთიანი და ყველა უნდა თანხმდებოდეს ამაზე. დარწმუნებული ვარ, რომ ვლადიმერ პუტინი ფიქრობდა, რომ ნატო გაიხლიჩებოდა. დაიყოფოდა დასავალეთ და აღმოსავლეთ ფლანგებად. თუმცა მან ეს ვერ შეძლო. ჩვენ ერთად დავდექით“, – განაცხადა ჯო ბაიდენმა.
ვარშავაში პრეზიდენტმა ბაიდენმა შეხვედრა გამართა უკრაინის საგარეო საქმეთა და თავდაცვის მინისტრთებთანაც. შეხვედრას, ასევე ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი და თავდაცვის მინისტრი ლოიდ ოსტინი ესწრებოდნენ. მხარეებმა რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი განიხილეს და სამომავლო გეგმებზე კონსულტაცია გაიარეს.
ამერიკის შეერთებული შტატები უკრაინას 1 მილიარდი ოდენობის დახმარებას გადასცემს. ასევე ქვეყანა მზადაა 100 000 უკრაინელი ლტოლვილი მიიღოს. ომის დაწყებიდან ერთ თვეში უკრაინა უკვე სამ მილიონზე მეტმა ადამიანმა დატოვა, საიდანაც დაახლოებით ორი მილიონი პოლონეთში იმყოფება.
პრეზიდენტი ბაიდენის სასტუმრო სწორედ იმ სადგურის წინა მდებარეობს, სადაც ათასობით უკრაინელი ლტოლვილი ჩამოდის ვარშავაში.
ფერად ჟილეტებში მომუშავე მოხალისეები, ლტოლვილებს ვაგზალზე ხვდებიან და უკრაინელებს პირველადი დახმარებითა და საკვებით უმასპინძლდებიან.