სოციალურ ქსელში გავრცელდა უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენკსის საუბრის ამსახველი რამდენიმეწამიანი ყალბი ვიდეო, რომელშიც ზელენსკი ამბობს, რომ თითქოს იგი ნარკოტიკის მოხმარებას ურჩევს ყველას, თუმცა არა მძიმე ნარკოტიკებისა. ამის შესახებ ფაქტების დამოუკიდებელი შემმოწმებელი “მითების დეტექტორი” წერს. თავიდან ზელენსკის ეს ვიდეო რუსულ ჯგუფებში გამოჩნდა, შემდეგ ქართულად თარგმნეს და უკვე სოციალურ ქსელის ქართველი მომხმარებლების გვერდებზეც გავრცელდა.
გავრცელებული ვიდეო პროგრამულად დამუშავებულია. კადრები ინტერვიუს ორი სხვადასხვა ფრაგმენტიდანაა ამოჭრილი. ერთ ნაწილში ვოლოდიმირ ზელენსკი არა ნარკოტიკების მოხმარებაზე, არამედ ყავისადმი დამოკიდებულებაზე საუბრობს, მეორე ნაწილში კი ამბობს, რომ ვარჯიშს ყველა ადამიანს ურჩევდა. დამუშავების შედეგად სიტყვა “ვარჯიში” “ნარკოტიკითაა” ჩანაცვლებული. ამავე ინტერვიუს ავთენტურ ვერსიაში ზელენსკი გარკვევით ამბობს, რომ ის ნარკოტიკებს არ მოიხმარს.
ნამდვილი ვიდეო გადაღებულია 2019 წელს, როდესაც ზელენსკი ჯერ კიდევ პრეზიდენტობის კანდიდატი იყო. ჟურნალისტი უსვამდა კითხვას, როგორ ახერხებდა ზელენსკი, რომ მუდმივად ასეთი ენერგიული ყოფილიყო. ჟურნალისტმა ისიც აღშნიშნა, მის ენერგიულობას საზოგადოების ნაწილი ნარკოტიკების მოხმარებას უკავშირებდა.
გაყალბებული ვიდეო აქტიურად ვრცელდებოდა 2019 წელს. ომის პერიოდში კი ისევ დაიწყეს მისი გაზიარება პროკრემლისტური ანგარიშების მფლობელებმა.