პარლამენტის ბიურომ მხარი დაუჭირა „საკონსტიტუციო სასამართლოს“ შესახებ კანონში დაგეგმილი ცვლილებების პროექტის დაჩქარებული წესით განხილვას. ეს იმას ნიშნავს, რომ კანონპროექტს სამივე მოსმენით ერთი კვირის განმავლობაში განიხილავენ და მიიღებენ. დოკუმენტი პარლამენტში მას შემდეგ შევიდა, რაც მმართველი პარტიაში განაცხადეს საქართველოს პრეზიდენტის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელის შეტანაზე. ოპოზიციაში მიაჩნიათ, რომ მმართველი პარტია კვლავ დგამს ნაბიჯს, რომელიც პრეზიდენტსა და მთავრობას შორის პრობლემებს გაზრდის. ეს კი, მათი შეფასებით, ქვეყნის პრესტიჟზე აისახება.
„პარლამენტის ბიუროს სხდომა დაინიშნა გუშინ გვიან ღამით დღეისთვის, პარასკევისთვის. ეს უცნაური მოვლენაა, რადგან ბიურო ორშაბათობით ტარდება ხოლმე და რა თქმა უნდა, გულმა რეჩხი გვიყო ბევრს, ე.ი. რაღაცაშია საქმე და გაირკვა, რაშია საქმე -” ქართულმა ოცნებამ” გადაწყვიტა არათუ შეაჩეროს იმ ცნობილი კანონპროექტის განხილვა პარლამენტში, რომლითაც გარდაუვალია “ოცნებასა” და “ოცნების” მიერ შერჩეულ პრეზიდენტს შორის დღევანდელი დაძაბულობის პოლიტიკურ დაპირისპირებაში გადასვლა, არამედ აპირებს მისი დაჩქარებული წესით განხილვას“, – თქვა „ლელოს“ წევრმა, დავით უსუფაშვილმა.
„შემოიტანეს დაჩქარებული წესით კანონპროექტი, რომელიც ითვალისწინებს პრეზიდენტისთვის ჭკუის სწავლებას, ასე ვთქვათ, და პირდაპირ შემიძლია ვთქვა, რომ „ქართული ოცნება“, ირაკლი კობახიძე პირადად, სიამოვნებით გააუქმებდა პრეზიდენტის ინსტიტუტსაც, ისევე, როგორც გააუქმეს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური, რომ ჰქონდეს საკონსტიტუციო უმრავლესობა“, – აღნიშნა „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა, პაატა მანჯგალაძემ.
მმართველი პარტიისთვის გაუგებარია, რას ედავებიან და აცხადებენ, რომ პარლამენტის ნებისმიერ წევრს სრული უფლება აქვს, ბიუროზე, რეგლამენტის სრული დაცვით კონკრეტული საკითხის დაჩქარებულად განხილვა მოითხოვოს.
„როცა საუბრობენ კოლეგები ოპოზიციიდან, რომ რაღაც არ მოსწონთ, ამას სჭირდება ყოველთვის არგუმენტი. მე დღემდე არ მომისმენია არგუმენტი, რატომ არ უნდა განხორციელდეს ეს ცვლილება. კონსტიტუციასთან არის კანონი შეუსაბამობაში, უზენაეს კანონს ეწინააღმდეგება ქვემდგომი კანონი, ამ შეუსაბამობას ვასწორებთ, ეს არ არის მორგებული ერთ რომელიმე ინსტიტუციაზე“, – განაცხადა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა.
„ქართულმა ოცნებამ“ გადაწყვეტილება მიიღო, დაჩქარებული წესით განიხილოს „საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ კანონში ცვლილებები, რომლის თანახმადაც, საკონსტიტუციო დავის წამოწყება შესაძლებელი ხდება არა მხოლოდ ნორმატიული აქტის, არამედ „მოქმედება/უმოქმედობის“ საფუძველზეც, თუკი ერთი სახელმწიფო ორგანო ჩათვლის, რომ მეორემ მისი კონსტიტუციური უფლებამოსილება დაარღვია.
ანა ალელიშვილი