ტკივილი, შიში… ეს ის გრძნობებია, რომლებიც ომს ყოველთვის თან სდევს. მაგრამ ომისაგან მიყენებული ზიანის ნამდვილი მასშტაბი, მხოლოდ მას შემდეგ ჩანს, როცა ომი მთავრდება.
„დიდი ხანია, რაც გარემო ომის ჩუმი მსხვერპლია“ — ეს შეფასება გაეროს ყოფილ გენერალურ მდივანს, პან გი მუნს ეკუთვნის. მისივე თქმით, ომის დროს ბუნებისათვის მიყენებული ზიანი ხშირად დამანგრეველი და მასშტაბურია.
ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის უკრაინის ოფისში აცხადებენ, რომ ომისაგან მიყენებული ზიანი უკრაინაში უკვე ძალიან დაეტყო გარემოს.
„ზეგავლენა გარემოზე ძალიან დიდია, რუსულმა აგრესიამ უზარმაზარი ტერიტორიები მოიცვა, განსაკუთრებით საშიშია ინდუსტრიული ზონები. უკრაინაში ბევრგანაა სახიფათო ნარჩენები, ომის გამო ეს საწყობები ახლა მიტოვებულია. რისკი დიდია, რომ მათი დაზიანების შემთხვევაში გარემო ძალიან დაზარალდეს. თუ ასეთი საცავები განადგურდება, შესაძლოა, დიდი მდინარეები დაბინძურდეს, რომლის წყალსაც მოქალაქეები სასმელად და სარწყავად იყენებენ, ეს ეკოლოგიური კატასტროფა იქნება. დაიწვა ნავთობის მარაგებიც, რამაც, შესაძლოა, შავი ზღვა საშინლად დააბინძუროს, ასევე, ჰაერში გამოიყოფა ნახშირორჟანგი და საშიში ელემენტები. ამ ჰაერით სუნთქვა მომავალში ადამიანებსა და ცხოველებს მოუწევთ. რუსეთის თავდასხმის გამო ჩვენი პროექტების უმეტესობა გაჩერდა, ახლა ჩვენი თანამშრომლებისა და მათი ოჯახების უსაფრთხოებაზე ვზრუნავთ, ჩვენგან ძირითადი ნაწილი ქალაქ კიევში მუშაობდა, რომელიც ახლა სახიფათო მდგომარეობაშია“, — აცხადებს ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის უკრაინის ოფისის ხელმძღვანელი ბოგდან ვიხორი.
ირაკლი ღვალაძე 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი იყო, ის იხსენებს, რა ეკოლოგიური ზიანი მიადგა ქვეყანას ომის პერიოდში.
„2008 წელს, ამდენი წლის შემდეგ, უკვე დარწმუნებული ვარ, რომ გარემოს ზიანი მიზანმიმართულად მიადგა, იყო სხვადასხვა ობიექტი, ზღვაში ჩაღვრაც, მაგალითად, როდესაც ფოთში გაანადგურეს სამხედრო გემები, ძალიან კარგად იცოდნენ, რომ იქ იყო ნავთობი, საწვავი და ჩაიღვარა პირდაპირ და დაბინძურდა აკვატორია. გარემოსთვის მიყენებული ყველაზე დიდი ზიანი, ეს იყო, რა თქმა უნდა, ბორჯომის ხეობასა და ატენის ხეობაში. აქ დაახლოებით 950 ჰექტრამდე იყო ხანძარი. მოგეხსენებათ, მაშინ ცენტრალური გზა გადაკეტილი იყო და ერთადერთი შემოვლითი გზა იყო დარჩენილი ბორჯომის ხეობაზე და ზუსტად სოფელ დაბასთან, სადაც ეს გზა გადიოდა, ზუსტად იქ, სავარაუდოდ ტერიტორია ცეცხლგამჩენი ჭურვებით დაბომბეს, რის შედეგადაც გაჩნდა ვრცელი ხანძარი, რა თქმა უნდა, მაშინ ყველაფრის დასაფიქსირებლად, როგორც ეს დღეს ხდება, მაშინ ამის ტექნიკური საშუალებები არ იყო. მეორე მომენტიც იყო, ამხელა ზარალის მიუხედავად, საერთაშორისო დონეზე დიდი გამოხმაურება არ ჰქონია, მაშინ რუსეთს ყველა ერიდებოდა. პირვანდელი სახით ტერიტორიის აღდგენას დიდი დრო უნდა და შეუძლებელია. ეს უდიდესი ზარალია, ამიტომაც არის დაცული საერთაშორიოს სამართლით ასეთი საკითხები, ეს კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაულებია“, — ამბობს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების ყოფილი მინისტრი ირაკლი ღვალაძე.
წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის მიერ 2020 წელს გამოქვეყნებულ ანგარიშში ვკითხულობთ, რომ კონფლიქტების დროს, შესაძლოა, ჰაერში დიდი რაოდენობით სათბურის აირები გაიფრქვეს. ეს აირები კლიმატის ცვლილების ერთ-ერთი მთავარი გამომწვევი მიზეზია.
„მწვანეთა მოძრაობა — დედამიწის მეგობრების“ ხელმძღვანელის, ნინო ჩხობაძის განცხადებით, ომი დიდ პრობლემას უქმნის ცხოველებსაც.
„ფლორისა და ფაუნის საკითხიც არის, დღესაც შეიმჩნევა… როგორც უკრაინაში, საქართველოშიც შეიმჩნეოდა რა ცვლილებებს განიცდიდნენ გარეული ცხოველები, საით მიდიოდნენ და მიგრირებდნენ, ესეც პრობლემა იყო. ჩვენ ამას ვუყურებდით ჩეჩნეთის ომის დროს, როდესაც ჩეჩნეთში რუსეთი ომობდა, რა ხდებოდა საქართველოს ტერიტორიაზე, როგორ გადმოდიოდა, არამარტო ხალხი… კიდევ ერთხელ ვამბობ, ეს არის ყველაზე დიდი უბედურება, რაც შეიძლება კაცობრიობამ მოიტანოს“, — ამბობს ის.