მთავარიმსოფლიოNATOჯო ბაიდენის განცხადებით NATO ასეთი ერთიანი არასდროს ყოფილა

ჯო ბაიდენის განცხადებით NATO ასეთი ერთიანი არასდროს ყოფილა

ბრიუსელში გამართულ ნატოს საგანგებო სამიტზე ამერიკის შეერთებული შტატები და დასავლელი მოკავშირეები შეთანხმდნენ, რომ რუსეთს ახალ სანქციებს დაუწესებენ, უკრაინას კი ჰუმანიტარულ დახმარებას გაუწევენ. სამიტზე პრეზიდენტმა ბაიდენმა რუსეთის დიდი ოცეულიდან გარიცხვა მოითხოვა. პრეზიდენტი ბაიდენის განცხადებით, ნატო ასეთი ერთიანი არასდროს ყოფილა

„ჩემი გზავნილია ერთიანობა. ეს არის ის, რისი დარღვევაც პრეზიდენტ პუტინს პირველივე დღიდან სურს. ამას მაშინაც ვამბობდი, როდესაც ვიცე-პრეზიდენტი ვიყავი. პუტინის მიზანი ნატოს დაშლაა. მას ურჩევნია, რომ 30 ქვეყანას ცალ-ცალკე ებრძოლოს, ვიდრე ამერიკის შეერთებულ შტატებთან გაერთიანებულ 30 სახელმწიფოს“, – განაცხადა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა.

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ნატოს საგანგებო სამიტს ვიდეოზარით ჩაერთო. ის ნატოს მოუწოდებს, უკრაინას მეტი სამხედრო დახმარება გაუწიოს. უკრაინამ უკვე აჩვენა თავისი არმიის სიძლიერე. ახლა კი ნატოს ჯერია, დაამტკიცოს, რომ ალიანსი მართლაც თავდაცვის ყველაზე ძლიერი კავშირია.

„დიახ, მართალია, ჩვენ არ ვართ ნატოს წევრი ქვეყანა. არ ვართ ყველაზე ძლიერი თავდაცვითი კავშირის წევრი სახელმწიფო. ჩვენ არ შევდივართ იმ 30 ქვეყანაში, რომლებსაც საერთო ძალები იცავენ. უკრაინაზე არ მოქმედებს მეხუთე მუხლი. თავს ისე ვგრძნობთ, თითქოს უკრაინა ნაცრისფერ ზონად იქცა რუსეთსა და დასავლეთს შორის. თუმცა ჩვენ ვიცავთ ჩვენს საერთო ღირებულებებს. ჩვენ მამაცი ხალხი ვართ. უკვე ერთი თვეა, ამ მდგომარეობაში ვართ. ეს წინააღმდეგობის ერთი თვეა,“ – ამბობს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი.

მოკავშირეებმა ადრე ხაზგასმით აღნიშნეს, რომ აშშ და ნატო არ განათავსებენ ჯარებს უკრაინაში. თუმცა პრეზიდენტი ბაიდენის განცხადებით, შეერთებული შტატები უკრაინას დამატებით ერთი მილიარდი ღირებულების დახმარებას გაუწევს. ასევე შეერთებული შტატები 100 000 უკრაინელ ლტოლვილს მიიღებს. ამავდროულად, ნატო ოთხ ახალ საბძოლო დანაყოფს განათავსებს სლოვაკეთში, უნგრეთში, ბულგარეთსა და რუმინეთში.

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ დასავალეთი დემოკრატიული უკრაინის მხარდაჭერასა და კრემლის წინააღმდეგ ბრძოლას აგრძელებს. დიდი ბრიტანეთი უკრაინას 6 000 რაკეტას და სამხედრო ტექნიკისთვის 25 მილიონ ფუნტ სტერლინგს გადასცემს. ბორის ჯონსონმა განაცხადა, რომ ნატოს ლიდერები ენერგოუსაფრთხოების პოლიტიკას შეცვლიან და დასავლეთი რუსულ გაზზე დამოკიდებული აღარ იქნება.

„პუტინის მარცხი უკრაინაში სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ყველა ჩვენგანის უსაფრთხოებისა და კეთილდღეობისთვის. მისმა ბარბაროსულმა შეჭრამ საერთაშორისო საზოგადოება გააერთიანა. ჩვენს მოკავშირეებთად ერთად ვმუშაობთ, რომ გავზარდოთ უკრაინის დახმარება. პრეზიდენტ ზელენსკის იმ რაოდენობით და ხარისხით დავეხმაროთ, რომელიც მას თავისი ქვეყნის დასაცავად სჭირდება. ვაცხადებ, რომ დიდ ბრიტანეთი გამოგიგზავნით დამატებით 6 000 რაკეტას და 25 მილიონ ფუნტ სტერლინგს უკრაინის შეიარაღებული ძალების შეუზღუდავი დაფინანსებისთვის, რაც გააორმაგებს ჩვენს მიერ დღემდე მოწოდებულ დახმარებას,“ – განაცხადა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა.

საგანგებო სამიტზე სიტყვით გამოვიდა თურქეთის პრეზიდენტი, რომელმაც რუსეთის ქმედებები დაგმო და მხარეებს ბრძოლის შეწყვეტისკენ მოუწოდა. მისი განცხადებით, თურქეთი მზადაა, ორ ქვეყანას შორის მოლაპარაკებები უზრუნველყოს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend