უკვე ერთი თვეა, რაც რუსული არმია უკრაინულ ქალაქებს და მშვიდობიან მოსახლეობას ბომბავს. საარტილერიო და სარაკეტო შეტევის სამიზნეა კიევი, ხარკოვი, მარიუპოლი, ოდესა და ლვოვი. ეს ვლადიმერ პუტინის მეხუთე და მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ევროპაში ყველაზე მასშტაბური ომია.
ინტერვენციის დაწყებამდე 3 დღით ადრე, მოსკოვმა დონბასში მდებარე ეგრეთ წოდებული დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების დამოუკიდებლობა აღიარა, 24 თებერვალს დღის 5 საათზე კი ვლადიმერ პუტინმა უკრაინის დენაციფიკაციისა და დემილიტარიზაციის მოგონილი საბაბით, ეგრეთ წოდებული სპეციალური სამხედრო ოპერაციის დაწყების შესახებ გამოაცხადა.
რუსული არმია უკრაინაში ოთხი მიმართულებით შეიჭრა, ჩრდილო დასავლეთში დედაქალაქ კიევის მიმართულებით, ჩრდილოეთ აღმოსავლეთით ხარკოვის მიმართულებით, სამხრეთში ანექსირებული ყირიმის ნახევარკუნძულიდან და ოკუპირებული დონბასიდან აღმოსავლეთში.
ერთი თვის რუსმა ოკუპანტებმა მოახერხეს ერთადერთი სტრატეგიული ქალაქის, სამხრეთში მდებარე ხერსონის დაკავება.
ხარკოვისა და კიევის მისადგომებთან კი მიმოფანტული განადგურებული რუსული სამხედრო ტექნიკა და რუსი ოკუპანტების გვამებია.
ალყაშია მარიუპოლი რომელსაც უკვე სამი კვირაა ქართველი სამხედროების გაწვრთნილი აზოვის ბატალიონი და უკრაინის ეროვნული გვარდიის შენაერთები ინარჩუნებენ.
ინტერვენციიდან ერთ თვეში რუსული არმიის დანაკარგები კოლოსალურია.
ბრიუსელში აცხადებენ, რომ რუსულმა არმიამ 7 ათასიდან 15 ათას ჯარისკაცამდე დაკარგა. მათ შორის 5 გენერალი და 4 პოლკოვნიკია.
უკრაინელი ჯარისკაცებისა სამხედრო პილოტებისა და დრონების მიერ განადგურებულია რუსული შეიარაღებული ძალების 100 – ზე მეტი სამხედრო და სატრანსპორტო თვითმფრინავი, 120 – ზე მეტი სამხედრო შვეულმფრენი, 500 – ზე მეტი ტანკი, 260 – ზე მეტი საარტილერიო ერთეული, 1500 – ზე მეტი ჯავშანმანქანა, 40 – ზე მეტი სამხედრო დრონი და ოთხი საზღვაო სამხედრო ხომალდი.
მოსკოვი მხოლოდ 498 ჯარისკაცის დაკარგვას აღიარებს.
უკრაინაში რუსული ინტერვენციის დაწყების დღიდან მოსკოვსა და კიევს შორის მოლაპარაკებების 5 რაუნდი გაიმართა, ბოლო ორი ონლაინრეჟიმში შედგა, ანტალიაში პირისპირ შეხვდნენ უკრაინელი და რუსი საგარეო საქმეთა მინისტრებიც. ყველა რაუნდი უშედეგოდ დასრულდა.
რუსული ინტერვენციის შემდეგ უკრაინა უკვე დატოვა 4 მილიონამდე ადამიანმა, მათი დიდი უმრავლესობა პოლონეთის ტერიტორიაზეა.