მთავარი საქართველო საქართველოში COVID-19-ის გამო დაწესებული თითქმის ყველა შეზღუდვა უქმდება

საქართველოში COVID-19-ის გამო დაწესებული თითქმის ყველა შეზღუდვა უქმდება

ჯანდაცვის მინისტრის თქმით, საქართველო კორონავირუსის სამკურნალო პრეპარატ „პაქსლოვიდს" უახლოეს დღეებში მიიღებს

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, საქართველოში კორონავირუსის გამო დაწესებული ყველა შეზღუდვა, გარდა ტრანსპორტსა და დახურულ სივრცეში პირბადის ტარების ვალდებულებისა, უქმდება. აღარ იქნება განსაზღვრული სოციალურ თუ სხვა ღონისძიებებზე სტუმართა რაოდენობა. ასევე აღარ იმოქმედებს თვითიზოლაციის ვალდებულება საქართველოს იმ მოქალაქეებისთვის, რომელთაც ქვეყანაში დაბრუნებისას არ ექნებათ პისიარტესტის უარყოფითი პასუხი. თუმცა უცხო ქვეყნის მოქალაქეებს კვლავ მოუწევთ ამ დოკუმენტის წარდგენა.

„შენარჩუნდება ვაქცინაციაზე დაწესებული წახალისების პროგრამა. პრაქტიკულად ყველა რეგულაცია, გარდა დახურულ სივრცესა და საზოგადოებრივ ტრანსპორტში პირბადის ტარების ვალდებულებისა, ამ ეტაპზე უქმდება“, – ამბობს გიორგი ღიბრაძე, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს ოპერაციული შტაბის ხელმძღვანელი.

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის ზურაბ აზარაშვილის განცხადებით, კოვიდპანდემია დასასრულს უახლოვდება, რადგან ქვეყანაში მნიშვნელოვნად არის შემცირებული როგორც ინფიცირების მაჩვენებელი, ისე ჰოსპიტალიზაციის შემთხვევები და სიკვდილიანობა. მისივე თქმით, საქართველო ამ კვირაში მიიღებს „პფაიზერის“ წარმოების სამკურნალო პრეპარატს.

„ეს არის სპეციალური პრეპარატი „პაქსლოვიდი“,  რომელიც „პფაიზერის“ შექმნილია. ეს პრეპარატი მსოფლიოს მხოლოდ რამდენიმე ქვეყანას აქვს და მიხარია, რომ ერთ-ერთი ჩვენი ქვეყანა იქნება. პრეპარატი გადაეცემა მათ, ვინც ინფიცირების შემთხვევაში პოტენციურად შეიძლება დამძიმდეს და ქრონიკული დაავადებები ახლავს. მათ უფასოდ დავურიგებთ და ისინი იმკურნალებენ. ინფიცირებიდან პირველი ხუთი დღის განმავლობაშია აუცილებელი ამ მედიკამენტების მიღება. რაც შეეხება დოზებსა და ფასს, მირჩევნია კონფიდენციალურად დავტოვო, იმიტომ, რომ ეტაპობრივი მოწოდებაა და გაუთქმელობის კონტრაქტი გვაქვს დადებული“, – ამბობს საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი.

საქართველოში გრძელდება ვაქცინაციის წამახალისებელი პროგრამა, რომლის თანახმადაც, 50 წელს ზემოთ ასაკის აუცრელ მოქალაქეებს ვაქცინის პირველი დოზის მიღების შემთხვევაში გადაეცემათ 200 ლარი, ხოლო ე.წ. ბუსტერდოზით აცრის დროს, ამავე ასაკის პირებს 100 ლარი ჩაერიცხებათ.

„შარშან ქვეყანამ ვაქცინის 5 მლნ დოზას გაუკეთა მობილიზება. უპრეცედენტო იყო ეს ჩვენი პატარა ქვეყნისთვის. „პფაიზერის“ 2 მილიონზე მეტი დოზა გვქონდა. აქედან დაახლოებით 400 ათასი დოზაა, რომელსაც ვადა 31 მარტამდე აქვს და აუთვისებელი რჩება. პირდაპირ გეტყვით გული მწყდება, გაბრაზებული ვარ ჩემს თავზე, ასევე თქვენზეც, ვინც არ აიცერით. გვქონდა ასეთი ძვირფასი და სისხლით ნაშოვნი ვაქცინა, რომელსაც შეეძლო ბევრი ადამიანის სიცოცხლე დაეცვა, მაგრამ მიუხედავად ბევრი ხვეწნისა და მუდარისა, ადამიანები არ აიცრან. ამ ეტაპზე ქვეყანაში „სინოფარმისა“ და „სინოვაკის“ ვაქცინების დაახლოებით მილიონ 600 ათასი დოზა გვაქვს, რომელსაც ვადა 2023 წლის ივლისამდე აქვს“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა.

ცვლილებაა კოვიდკლინიკების მობილიზების საკითხშიც. 2020 წლიდან კლინიკებს, რომლებიც კოვიდპაციენტებს მკურნალობდნენ, ჯანდაცვის სამინისტროს უნაზღაურებდა როგორც ინფიცირებულის მკურნალობის ხარჯებს, ასევე თანხას თავისუფალი საწოლის მობილიზებისთვის. ახლა ეს წესი იცვლება და კლინიკებს, რომლებიც კოვიდპაციენტებს მკურნალობენ, სახელმწიფოსგან მხოლოდ პაციენტების მკურნალობის ხარჯები აუნაზღაურდებათ.

ანანო ღუდუშაური

უახლესი

სხვა ამბები

Send this to a friend