მთავარიმსოფლიორუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ ხორბლის ფასი 50%-ით გაიზარდა

რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ ხორბლის ფასი 50%-ით გაიზარდა

ევროკავშირის წევრი ქვეყნების სოფლის მეურნეობის მინისტრები ბრიუსელში განიხილავენ, როგორ დაეხმარონ ევროპელ ფერმერებს, გაუმკლავდნენ საწვავისა და სასუქების ფასების ზრდას. ამავე დროს ეძებენ გზებს, როგორ გაზარდონ მარცვლეულის წარმოება და მარაგი, ისე რომ, არ დაარღვიონ გარემოსდაცვითი რეგულაციები. საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, მსოფლიოში სასურსათო უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, ევროპას შესაბამისი ზომების მიღება მოუწევს.

„მთავარია, რომ ჩვენ მოვაგვაროთ მსოფლიო სასურსათო უსაფრთხოების საკითხები. ვიცით, რა მასშტაბისაა მარცვლეულის წარმოება უკრაინასა და რუსეთში და ვხედავთ, რა შედეგები აქვს ომს მოსავლის აღებაზე, დათესვასა და ექსპორტზე. მსოფლიო სასურსათო უსაფრთხოების სერიოზული პრობლემის მიზეზი სანქციები კი არა, ომია. სასურსათო სანქციები არ არსებობს. სწორედ ომი უშლის ხელს მომარაგებას, ამას კი აუცილებლად მოჰყვება შიმშილი“, – ჟან-ივ ლე დრიანი, საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი

უკრაინა და რუსეთი მარცვლეულის მსოფლიო მოხმარების დაახლოებით 30%-ს აწარმოებენ. რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ კი ხორბლის ფასი 50%-ით გაიზარდა.
გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის ინფორმაციით, უკრაინის სოფლის მეურნეობას მუშახელი დააკლდა, რადგან ათასობით უკრაინელი ქვეყნის დასაცავად იბრძვის, მილიონობით მოქალაქემ კი ქვეყანა დატოვა. უკრაინის საპორტო ინფრასტრუქტურა შავ ზღვაზე, ფაქტობრივად, უფუნქციოა. რუსეთში კი, რუბლის გაუფასურება გავლენას არა მხოლოდ ფასებზე, არამედ წარმოების პროდუქტიულობაზეც იქონიებს.

ამავდროულად, უკრაინამ და რუსეთმა მარცვლეულის ექსპორტი შეაჩერეს. მიწოდება სერბეთმაც შეაჩერა. სერბეთის პრეზიდენტის განცხადებით, ქვეყანამ ერთ დღეში მიიღო შეკვეთები, რომელთა მოცულობაც მთელი ეროვნული რეზერვის მეოთხედს აღემატება.

მოვლენების განვითარებას ყურადღებით ადევნებენ თვალს ის აფრიკული ქვეყნებიც, რომლებიც შავი ზღვის რეგიონის მიწოდებაზე არიან დამოკიდებული.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend