დასავალეთ უკრაინაში ერთ-ერთი თეატრის შენობა მოხალისეების სამზარეულოდ გადაკეთდა. მსახიობები და თეატრის თანამშრომლები ჯარისკაცებისა და დევნილებისთვის საკვებს ამზადებენ. მსახიობები წესით დიდ სცენაზე უნდა იდგნენ, თუმცა ისინი ახლა ქალაქ დროგობიჩის თეატრის განათებულ კაფეტერიაში ფრონტის ხაზზე გასაგზავნად პელმენებს ახვევენ.
ალა შკონდინა მსახიობია. როგორც ამბობს, მათი საქმე სცენაზე დგომა და ახალი პერსონაჟების შექმნაა, თუმცა ახლა ამის დრო არ არის. თეატრის შენობა ახლა ცარიელია, სცენაზეც არავინ არის. უკრაინელებს ასეთი გამოთქმა აქვთ: „როდესაც სროლის ხმა ისმის, მაშინ მუზა დუმს“. თუმცა ალა და მისი მეგობრები დუმილს არ ირჩევენ. ისინიც ჩართული არიან ამ ომში, როგორც მოხალისეები, უბრალოდ მებრძოლების უკან დგანან და ისე ეხმარებიან უკრაინას.
გარეთ, ეზოში მამაკაცები მუშაობენ და ცხელი საკვების მოსამზადებლად საჭირო შეშას ჩეხენ.
როგორც თეატრის დირექტორი მიკოლა ნატენკო ამბობს, 26 თებერვლიდან მათ მოამზადეს 3000-ზე მეტი ხორცის ბურთულა, 150 კილოგრამი ჩაშუშული კომბოსტო ხორცით, 10 000-ზე მეტი პელმენი კარტოფილით, 70 კილოგრამი შიგთავსი ბორშისთვის, 80 კილოგრამი შემწვარი თევზი, 2000 ცალი ბლინი და 500 ცალი პატარა ნამცხვარი. ახლა კი გადაწყვიტეს, რომ ისეთი საკვები დაამზადონ, რომელშიც უფრო მეტი პროტეინი იქნება.
მსახიობების ინიციატივას 150-მდე მოხალისე შეუერთდა, მათ შორის არიან მსახიობები უკრაინის სხვა რეგიონებიდანაც. ისინი ომს გამოექცნენ და ახლა აქ, თეატრის შენობაში, ცხოვრობენ.