შაქარი, ფქვილი, ხორბალი – ეს ის პროდუქტებია, რომლებიც, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის განცხადებით, ქვეყანაში შეუფერხებლად შემოდის და არც მომავალშია მოსალოდნელი მათი დეფიციტი.
ოთარ შამუგიას თქმით, საქართველოში არსებობს სხვა საკვები პროდუქტების საკმარისი მარაგიც.
„შესყიდვების გაზრდა იწვევს მიწოდების ჯაჭვში გარკვეულ შეფერხებებს, ამ პრობლემების აღმოსაფხვრელად გარკვეული დროა საჭირო. ზოგიერთ მაღაზიებში შესაძლოა, იყოს რაღაც დროით შეფერხება, თუმცა რამდენიმე დღეში გვარდება პრობლემა და ივსება მარაგები. მარაგების პრობლემა რომ იყოს, მაღაზიაში პროდუქტით ვერ შეივსებოდა და დეფიციტი გვექნებოდა. ყოველდღიურ რეჟიმში ვაკვირდებით და ვუწევთ მონიტორინგს ბიზნესთან ერთად. უახლოეს მომავალში პროდუქციის იმპორტთან დაკავშირებით არანაირი შეფერხება არ გველოდება. რისკი ნამდვილად არ არის“, – განაცხადა ოთარ შამუგიამ, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა.
ოთარ შამუგიას განცხადებით, საქართველოს რუსეთთან სავაჭრო ურთიერთობები აქვს. რუსეთიდან შემოდის გარკვეული პროდუქტები, საქართველოც ამარაგებს რუსეთის ბაზარს. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, იმ ქვეყნების რაოდენობა, სადაც ქართული პროდუქცია იმპორტზე გადის, ყოველწლიურად იზრდება.
„ჩვენი პოლიტიკაა, რომ დღევანდელ ვითარებაში სრულ მხარდაჭერას და სოლიდარობას ვუცხადებთ უკრაინას, თუმცა, მნიშვნელოვანია, ვიფიქროთ ჩვენი მოსახლეობის ინტერესებზე და მაქსიმალურად ვეცადოთ, ავირიდოთ დიდი ზიანი. შესაბამისმა კვლევებმაც აჩვენა, რომ იმ პოლიტიკასა და გადაწყვეტილებებს, რომლებიც ბატონმა პრემიერ-მინისტრმა მიიღო ამ საკითხებთან დაკავშირებით, მოსახლეობის უმეტესი ნაწილი უჭერს მხარს“, – განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა.
დღეს, 21 მარტს მთავრობის სხდომაზე მხარი დაუჭირეს ორ ახალ პროექტს, რომლებიც მთავრობის წევრების აზრით, ხელს შეუწყობს სოფლის მეურნეობის წარმოების ზრდას.
პირველი პროექტის ფარგლებში, ფერმერებს საშუალება ექნებათ, აიღონ სესხი, რომლის 9%-ს მთავრობა დაასუბსიდირებს, ხოლო ბანკის მიერ გაცემული საპროცენტო განაკვეთი არ უნდა აღემატებოდეს 18%-ს.
ხოლო მეორე გადაწყვეტილების თანახმად, ფერმერებს შეუძლიათ გაერთიანდნენ და შექმნან კოოპერატივი. იმ შემთხვევაში, თუ ისინი დააკმაყოფილებენ პირობებს, სახელმწიფო მათ 80%-ით დაუფინანსებს ისეთი სათავსოების შექმნას, რომლებშიც ფერმერები სტანდარტების დაცვით შეძლებენ პროდუქციის შენახვას.
ანანო ღუდუშაური