მთავარისაქართველოპოლიტიკური დავა პარლამენტში ახალ საკანონმდებლო ინიციატივაზე

პოლიტიკური დავა პარლამენტში ახალ საკანონმდებლო ინიციატივაზე

“ქართული ოცნების“ საპარლამენტო უმრავლესობის მიერ პარლამენტში ახალი კანონპროექტი დაინიცირდა.

მმართველი პარტიის დეპუტატებმა “საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ ორგანულ კანონში ცვლილებების შეტანის საჭიროება პრეზიდენტის ბოლოდროინდელი განცხადებების თუ ვიზიტების შემდეგ დაინახეს.

კანონპროექტის მიხედვით, სახელმწიფო ორგანოს შეეძლება კომპეტენციის შესახებ დავის წამოწყება მეორე ორგანოს წინააღმდეგ, მის მიერ გამოცემული არა მხოლოდ ნორმატიული აქტის, არამედ ასევე მოქმედების/უმოქმედობის საფუძველზეც, თუკი მიიჩნევს, რომ ამ ორგანომ მისი კონსტიტუციური უფლებამოსილება დაარღვია.

საპარლამენტო ოპოზიცია პირდაპირ ამბობს, რომ ამ ცვლილებას სამართლებრივი ხარვეზის გასწორებასთან არავითარი კავშირი არ აქვს და ის მხოლოდ პრეზიდენტის ინსტიტუტის ისედაც მწირი უფლებების მაქსიმალური შეზღუდვისკენაა მიმართული.

„საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ ორგანულ კანონში ცვლილებების პროექტი აბსოლუტურად დესტრუქციული ნაბიჯია, ინიცირებული ყველაზე შეუსაბამო დროს – ასეთი თემის ამაზე უარეს დროს წამოწევას მტერიც ვერ მოიფიქრებდა! პრეზიდენტი, რომელიც “ქართულმა ოცნებამ“ მოიყვანა და მოსახლეობას დაუნიშნა, ახლა მათთვის საფრთხე გახდა და ამის გამო ყველაფერზე მზად არიან“, – აცხადებს პარტია “ლელოს” წევრი დავით უსუფაშვილი.

მმართველ პარტიაში ამბობენ, რომ კონსტიტუციასა და “საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” ორგანულ კანონს შორის ცდომილება არსებობდა. ამის შესახებ მათთვის აქამდეც იყო ცნობილი, თუმცა მისი გასწორების საჭიროება მას შემდეგ დაინახეს, როდესაც ამის პრაქტიკული საჭიროება დადგა. ოპოზიციის კრიტიკას “ქართულ ოცნებაში” პოლიტიკურ სპეკულაციას უწოდებენ.

“საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ ორგანულ კანონში ინიცირებული ცვლილებები აღნიშნული კანონის კონსტიტუციასთან შესაბამისობაში მოყვანას ისახავს მიზნად. საუბარია იმაზე, რომ როდესაც კონსტიტუციურ ორგანოს შეუძლია საკონსტიტუციო სასამართლოს კონსტიტუციური სარჩელით მიმართოს, ხდება ნორმის გასაჩივრება და არა კონკრეტული ქმედების. აღნიშნული ცდომილება ჩვენთვის ადრეც იყო ცნობილი, მაგრამ კონკრეტული ინიციატივა ამ დრომდე იმის გამო არ დაგვიინიცირებია, რომ შეიძლება სპეკულაციების საგანი გამხდარიყო. აღნიშნულის საფუძველზე მთავრობის მიერ სარჩელის წარდგენა მოხდება, ხოლო საკონსტიტუციო სასამართლოს ექნება შესაძლებლობა კონკრეტული სარჩელის ირგვლივ იმსჯელოს და გადაწყვეტილება მიიღოს“, -განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გივი მიქანაძემ.

“ქართული ოცნების” ამ ახალ საკანონმდებლო ინიციატივას კრიტიკით ხვდება სამოქალაქო სექტორი. “საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში” საპარლამენტო უმრავლესობის გადაწყვეტილებაში ვიწრო პარტიული

ინტერესებს ხედავენ და პარლამენტს მოუწოდებენ, მხარი არ დაუჭირონ კანონპროექტს. არასამთავრობო ორგანიზაციამ განცხადებაც გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ – “ორგანიზაცია მიმართავს მმართველ პარტიას, შეწყვიტოს კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანის მექანიზმის თვითნებური, ვიწრო პოლიტიკური მიზნებიდან გამომდინარე გამოყენება, რომელიც საქართველოს პრეზიდენტის წინააღმდეგ პირად ანგარიშსწორებას ემსახურება”.
საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატებმა კანონპროექტი განსახილველად პარლამენტს 15 მარტს წარუდგინეს. ოპოზიციის დიდი ნაწილი მას მხარს არ დაუჭერს. სავარაუდოდ, ინიციატივის გატანა ისევ მხოლოდ “ქართული ოცნების” დეპუტატებს მოუწევთ.

ალეკო გვეტაძე

უახლესი

სხვა ამბები

00:01:45
spot_imgspot_img
Send this to a friend