მთავარიევროპაუკრაინამარიუპოლი კვლავ ალყაშია

მარიუპოლი კვლავ ალყაშია

უკრაინული ქალაქი მარიუპოლი კვლავ რუსული ალყის ქვეშაა. ქალაქის ქუჩები ნანგრევებითა და გვამებითაა სავსე. ადგილობრივი უწყებების ცნობით, მარიუპოლში უკვე 2300 ადამიანი დაიღუპა. მათი უმეტესობა საერთო სასაფლაოზე დამარხეს. ქალაქში ჰუმანიტარული კრიზისია. ადგილობრივებს არ აქვთ საკმარისი წყალი და საკვები. ასევე შეზღუდულად მიეწოდებათ ელექტროენერგია და გაზი.

მოსახლეობის ნაწილმა მარიუპოლიდან გამოღწევა შეძლო და ლვოვში გაემგზავრა. მარინა გალა თავის 13 წლის შვილთან ერთად მარიუპოლის კულტურის სახლის სარდაფში სამი კვირა იმყოფებოდა.

„გამოვიქეცით, რადგან ქუჩის გადაღმა სახლები დაიბომბა. აფეთქებამ სახურავი დააზიანა, დაშავდნენ ადამიანები. კულტურის ცენტრში, სადაც ჩვენ ვიყავით, შუშები ჩაიმტვრა. იქაურობის დატოვება მოგვიწია. ჩემი ნათესავები დარჩნენ მარიუპოლში, მათ შესახებ არაფერი ვიცი. დედაჩემმა, ბებიაჩემმა, ბაბუაჩემმა და მამაჩემმა არც იციან რომ წამოვედი“, – ჰყვება უკრაინელი დევნილი მარინა გალა.

„მათ ჩვენი ქალაქის განადგურება დაიწყეს. სახლებს აფეთქებდნენ. ბრძოლა მიმდინარეობდა ყველა ქუჩაზე, ყველა სახლი იყო სამიზნე. სროლის შედეგად ჩაიმტვრა ფანჯრები. სახლში გამყინვარება იყო. გამოვიქეცი და ნათლიასთან მივედი. შემდეგ უკრაინელი სამხედროები მოვიდნენ და გვითხრეს, რომ მალე იქაურობა დაიბომბებოდა. ამის შემდეგ მოვკიდე შვილს ხელი და წამოვედი“, – იხსენებს დევნილი ოლგა ნიკიტინა.

მარიუპოლს ორი მხრიდან უტევენ სამხრეთ და აღმოსავლეთ უკრაინაში მდებარე რუსული ჯარები. მარიუპოლი აზოვის ზღვის სანაპიროზე მდებარეობს და სტრატეგიული მნიშვნელობისაა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend