მთავარისაქართველო10 ნაბიჯი ევროპის კავშირში გაწევრიანების გზაზე - სამოქალაქო სექტორის ინიციატივა

10 ნაბიჯი ევროპის კავშირში გაწევრიანების გზაზე – სამოქალაქო სექტორის ინიციატივა

საქართველოს ევროინტეგრაციის დასაჩქარებლად, 32 არასამთავრობო და სამოქალაქო ორგანიზაცია „ღია საზოგადოების ფონდის“ ორგანიზებით, ხელისუფლებას და ოპოზიციას ათპუნქტიან სამოქმედი გეგმას სთავაზობს.

არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ შეთავაზებული სამოქმედო გეგმის ძირითადი ნაწილები მოიცავს: ეროვნული სტრატეგიის შემუშავებას, შარლ მიშელის შეთანხმებით გათვალისწინებულ რეფორმებს, დიპლომატიური ძალისხმევის გაწევას, ევროპის კავშირში გაწევრიანების საბჭოს შექმნას, შიდა და საგარეო კომუნიკაციის წარმოებას.

„ზუსტად ახლა არის დრო, როდესაც უნდა ჩატარდეს რეფორმები. 10 ნაბიჯი, რომელზეც დღეს სამოქალაქო საზოგადოება საუბრობს, სწორედ ამ რეალური რეფორმების ჩამონათვალია. ბოლოს და ბოლოს ქვეყანამ ახლა უნდა გადადგას ნაბიჯი დემოკრატიის გზაზე, ევროპასთან ნამდვილად დაახლოების გზაზე. ჩვენ გვჭირდება თავისუფალი და დამოუკიდებელი სასამართლო, შარლ მიშელის დოკუმენტით ნაკისრი ვალდებულებების ზედმიწევნით შესრულება და მჭიდრო კონტაქტები ჩვენს დასავლელ პარტნიორებთან“, – განაცხადა „ღია საზოგადოების ფონდის“ დირექტორმა ქეთი ხუციშვილმა.

არასამთავრობო ორგანიზაციები აცხადებენ, რომ კრიტიკულად მნიშვნელოვანი ახლა სასამართლო და საარჩევნო სისტემების რეალურად დემოკრატიული გზით რეფორმირებაა. ყველა დანარჩენი საკითხი, სწორედ ამ მოთხოვნების შესრულების შედეგად შეიძლება მოგვარდეს. ამისთვის კი პირველ რიგში ხელისუფლებამ პოლიტიკური ნება უნდა იქონიოს.

მათი თქმით, მნიშვნელოვანია ოპოზიციის ჩართულობაც, თუმცა გადაწყვეტილების მიმღები და პასუხისმგებელი მმართველი პარტიაა.

„პირველ რიგში ხელისუფლებამ, სხვა ოპოზიციურ პარტიებთან და სამოქალაქო სექტორთან აქტიური თანამშრომლობით და დიალოგის გზით შექმნას ეროვნული სტრატეგიის გეგმა ევროპასთან დაახლოების მიმართულებით. იმიტომ რომ, სამწუხაროდ დღეს ჩვენ არ ვიცით და არ გვესმის მთავრობისგან, თუ რას აკეთებს და რა ნაბიჯებს დგამს დაჩქარებული წესით ევროინტეგრაციისთვის. აქ, მხოლოდ რეზოლუციების მიღება და განაცხადის შეტანა არ არის საკმარისი. ჩვენ ამ მიმართვით ვურჩევთ ხელისუფლებას თუ რა მიმართულებით უნდა წავიდეს ევროინტეგრაციის მიზნის მიღწევისთვის“, – განაცხადა „სამართლიანი არჩევნების“ აღმასრულებელმა დირექტორმა ნინო დოლიძემ.

პროდასავლური და დემოკრატიული იდეების გამტარებელი არასამთავრობო ორგანიზაციები, საქართველოს ევროპული ინტეგრაციის მიმართულებით კიდევ ერთხელ გაერთიანდნენ. სამოქალაქო სექტორი ახლა პოლიტიკური აქტორებისგან ელოდება თანამშრომლობას.

ალეკო გვეტაძე

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend