მთავარისაქართველოშს მინისტრის ვახტანგ გომელაურის მოხსენება და შეფასებები

შს მინისტრის ვახტანგ გომელაურის მოხსენება და შეფასებები

პარლამენტის 17 მარტის სხდომაზე, ე.წ. „მინისტრის საათის“ ფორმატში დეპუტატებმა შინაგან საქმეთა მინისტრის ვახტანგ გომელაურის ანგარიში მოისმინეს. მოხსენების განმავლობაში ძალოვანი უწყების მინისტრმა რამდენიმე სტატისტიკა წარმოადგინა. მისი თქმით, ქვეყანაში კრიმინალი მკვეთრად შემცირდა, რუსეთის მოქალაქეების შემოსვლის ნაკადი 2019 წელთან შედარებით განახევრდა, პოლიციის სხვადასხვა დეპარტამენტში უამრავი რეფორმა განხორციელდა და საზღვრის კონტროლიც ეფექტურად ხორციელდება. მიმდინარე გამოძიებებზე, მათ შორის 5-6 ივლისის საქმეებზე კი მინისტრმა ტრადიციულად თქვა – „დაველოდოთ გამოძიებას“.

„მე, როგორც რიგითი ქართველი და როგორც შინაგან საქმეთა მინისტრი, კიდევ ერთხელ, სრულ და ღია მხარდაჭერას ვუცხადებ ჩვენს მეგობარ უკრაინელ ხალხს.

საზღვარზე საუბრისას, მინდა, გამოვეხმაურო ბოლო პერიოდში გავრცელებულ ინფორმაციებს რუსეთის ფედერაციის მოქალაქეების მიერ საზღვრის კვეთასთან დაკავშირებით. საყოველთაოდ ცნობილია, რომ 2020-2021 წლებში პანდემიის გამო საზღვარი ძირითადად ჩაკეტილი იყო. შევადარებ 2019 წლის და 2022 წლის ანალოგიურ პერიოდებს და მოგახსენებთ, რომ დღეს ეს ციფრი, მაშინდელთან შედარებით, 50 პროცენტით ნაკლებია.

საქართველო არასდროს განიხილავდა და არ განიხილავს ჩეჩნეთთან დამაკავშირებელი გზის მშენებლობას. გზის მშენებლობის საკითხი არასდროს მდგარა ქართული მხარის დღის წესრიგში, შესაბამისად, ნებისმიერი ინფორმაცია ამასთან დაკავშირებით, მცდარია.

ჩემზე ძალიან არავის უნდა, რომ ბადრი ესებუა დავიჭიროთ. გავიდა წელიწადნახევარი. მას არ მოუკლავს არავინ და არ დაუჭრია, თუმცა უმძიმესი დანაშაული ჩაიდინა, ყველაფერს ვაკეთებთ, ოპერატიულად ვმუშაობთ ყველანაირად, რომ ეს ადამიანი დავიჭიროთ.

ალტ-ინფო“ უნდა დაიხუროს თუ არა, ამაზე შესაძლოა ჩემი აზრი მქონდეს. ბევრი რამ უნდა დაიხუროს, ან არ უნდა დაიხუროს, მაგრამ კანონი უნდა დაიხვეწოს და კანონით უნდა ვიხელმძღვანელოთ. მაგას ვერც გომელაური დახურავს და ვერც შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები”, – განაცხადა შს მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა მოხსენებისას.

მინისტრის მოხსენებას მწვავე კრიტიკით შეხვდა საპარლამენტო ოპოზიცია. დეპუტატების თქმით, მინისტრისგან ქვეყნის უსაფრთხოებასთან, კრიმინალურ ვითარებასთან, ძალადობრივი ჯგუფების საქმიანობის აღკვეთასა და ბოლოდროინდელ გამოწვევებთან დაკავშირებით, დეტალურად ვერაფერი მოისმინეს.

„დამაკლდა ძალიან გამოწვევებზე საუბარი. მაინტერესებდა იცავს თუ არა მოქალაქეების უსაფრთხოების დივერსიული რუსული ჯგუფებისგან სამინისტრო. სათანადო პასუხი ვერ მოვისმინე. წარმოუდგენელია, რომ ასეთი პასუხისმგებლობის უწყებას გამოწვევები არ შეხვედროდა, არ უსაუბრია ქოლ-ცენტრების სკანდალზე, 5 ივლისის ძალადობაზე, თითქოს არ მომხდარა. 2021 წლის ინსპექტორის ანგარიშში წერია, რომ ლექსო ლაშქარავას პერსონალური მონაცემები სამინისტროს რომელიღაც თანამშრომელმა გაასაჯაროვა და წერია, რომ გენინსპექცია მოკვლევას აწარმოებდა. კონკრეტული შედეგები არ მოუწოდებია ამ მოკვლევაზე. „ალტ-ინფოს” ძალადობრივი ჯგუფი, რომელმაც აქ დღისით, მზისით თბილისში ადამიანი მოკლა, რატომ არ არიან ეს ადამიანები მართლმსაჯულების წინაშე წარდგენილები? ამაზეც არ არის შესაბამისი პასუხი“, – განაცხადა დეპუტატმა პარტია „ლელოდან“ ანა ნაცვლიშვილმა.

მინისტრს კითხვები საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატებმაც დაუსვეს, თუმცა არა კრიტიკული. „ქართული ოცნების“ წევრები შინაგან საქმეთა სამინისტროს და მინისტრის ვახტანგ გომელაურის საქმიანობას დადებითად აფასებენ.

„მე მინდა ზოგიერთი გზააბნეული პოლიტიკოსის გასაგონად ვთქვა: ეს მარტო ანგარიში არ არის მეგობრებო, კოლეგებო. იმათ ვისაც არ გინდათ რეალობის დანახვა, ამის უკან დგას ძალიან ბევრი გაკეთებული საქმე, რომელიც შეიძლება აქ არ იყოს. ცალსახად, დადებითად ვაფასებთ მთელი ჩვენი გუნდი შინაგან საქმეთა სამინისტროს თითოეული დეპარტამენტის და თანამშრომლის, პირადად მინისტრის საქმიანობას და მათ მადლობას ვეუბნებით“, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ალუდა ღუდუშაურმა.

მინისტრის მიმართ დასმული შეკითხვების უმრავლესობა ქვეყნის წინაშე არსებულ საფრთხეებსა და გამოწვევებს დაეთმო. ვახტანგ გომელაურმა შემაჯამებელ პასუხებში თქვა, რომ საქართველოს მთავრობა და მის დაქვემდებარებაში მყოფი უწყება სირთულეებს სათანადოდ უმკლავდება.

ალეკო გვეტაძე

 

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend