მთავარისაქართველოომის გამოძახილი

ომის გამოძახილი

ელისო ბუავამ აფხაზეთი 30 წლის წინ დატოვა, ამ ომმა მას წლების წინ მიყენებული ტკივილი გაუღვიძა

ეს განგაშის ხმაა… უკრაინელებს ეს ხმა უკვე სამი კვირაა დღეში რამდენჯერმე ესმით… ამ ომმა მსოფლიო შეძრა, თუმცა უკრაინელების თავს დატეხილი ამბავი განსაკუთრებულად გაითავისეს მათ, ვინც ომი თავად გამოიარა. მათ, ვისაც ამ ომმა წლების წინ მიყენებული ტკივილი გაუღვიძა… ელისო ბუავამ აფხაზეთი 30 წლის წინ დატოვა. ომის შიში დღემდე გამოჰყვა. განგაშის ხმა კი მასზე ახლაც სხვა სიმძაფრით მოქმედებს….

„სულ მგონია, ტელევიზორში კი არა, გარეთ არის და სადღაც უნდა წავიდეთ ახლაც. სულ მაქვს ამის შიში. ალბათ, სანამ სკლეროზი არ დამემართება, მანამდე სულ მემახსოვრება. თითქოს მე ვარ იქ, იმ ომში. სამსახურში რომ მივდიოდი, შვილები სად უნდა დამეტოვებინა, სკოლის ბავშვები იყვნენ, არდადეგები ჰქონდათ, ვეუბნებოდით, განგაშის ხმა რომ იქნება, არ დაიბნეთ, დაყარეთ სათამაშოებიო. ია და გია ჰქვიათ ჩემს შვილებს, დიდი სახლი გვქონდა და ვეუბნებოდი – ია, იცოდე, დედი, ეს შენი კუთხეა, გია, ეს – შენი. არ დაიბნეთ, კუთხეში დადექით იქამდე, ვიდრე არ ჩამთავრდება ეს ყველაფერი-მეთქი. ბებიაჩემს ეგონა, ეგრევე დავბრუნდებოდით და სახლს შეგინარჩუნებთო, გვეუბნებოდა… ახლა რომ ვუყურებ, უკრაინელებს როგორ ექცევიან – საუკეთესო სასტუმრო, მგზავრობა უფასო, საუკეთესო ტრანსპორტში – ვაიმე, რა კარგია, როგორ მეამაყება. მეცოდება ის ხალხი, მაგრამ მეამაყება ის, რომ თბილად ხვდებიან“, – იხსენებს ელისო ბუავა.

ელისოს დიდხანს ეგონა, რომ აფხაზეთის გარდა, ვერსად  შეძლებდა ცხოვრებას. ადვილი არ იყო, თუმცა შეეგუა და ახალი ცხოვრება დაიწყო…

„იმდენი საზრუნავი გვქონდა – ჩვენთვის საბანი, დასაფარებელი, ტანსაცმელი, არაფერი არ იყო. დღე გადიოდა იმის ზრუნვაში, რომ რაღაც მოგვეტანა, რომ საღამოს ბავშვებს ეჭამათ. წყალი რომ არ იყო, სადღაც წყარო მოვძებნე და იქიდან ამოგვქონდა. დღე იმისთვის, რომ გეფიქრა, საიდან ჭურვი ჩამოვარდება და აქ სადა ვარო, მაგის დრო არ იყო“, – ამბობს ელისო ბუავა.

ომისგან დარჩენილი ტრავმები არსად ქრება… ამაზე ფსიქოლოგებიც საუბრობენ.

„ომის ტრავმა და ის ძალიან რთული გზა, რომელიც გამოიარა უმრავლესობამ ჩვენი იძულებით ადგილნაცვალი მოსახლეობის, ერთი გამოცდილება არის ძალიან მძიმე, მაგრამ მერე ის პირობები, რომელშიც მოუწიათ აქ ცხოვრება ეს კიდევ გრძელდება. ეს სტრესი გრძელდება. აქ დანაკლისი არის ძალიან დიდი. ძალიან მაღალია დანაკლისი. ადამიანი კარგავს თავის საცხოვრებელს, თავის კარ-მიდამოს“, – ამბობს ფსიქოლოგი, ჯანა ჯავახიშვილი.

ომამდელი აფხაზეთი ელისო ბუავასთვის ახლა მხოლოდ შორეული მოგონებაა. ამბობს, რომ უკრაინელებისა განსაკუთრებით ესმის. უხარია, რომ მათ დახმარების ხელი ბევრმა გაუწოდა. თავად კი… თავად ხშირად ესიზმრება ომამდელი აფხაზეთი, ზოგჯერ ომიც… ხშირად ეკითხებიან, როდის ჩავა აფხაზეთში – ამაზე კი ერთი პასუხი აქვს – „ჩემთან სახლში სტუმრად არ დავდივარ. თუ მოვედი, ე.ი. დავრჩები სახლში და მორჩა“…

ანა ალელიშვილი

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend