უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი პოლონეთის, ჩეხეთისა და სლოვენიის პრემიერ-მინისტრებს შეხვდა. როგორც ზელენსკიმ განაცხადა, ასეთი მოკავშირეების მხარდაჭერით ომს აუცილებლად უკრაინა მოიგებს. პოლონეთის, ჩეხეთისა და სლოვენიის ლიდერები პირველი დასავლელი სტუმრები არიან, რომლებიც უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ ჩავიდნენ.
გავრცელებულ ვიდეომასალაში უკრაინის პრეზიდენტი ამბობს, რომ რუსები თავს ესხმიან უკრაინის მთელ ტერიტორიას, მათ შორის დასავლეთის რეგიონებს. რუსეთის მხარეს მებრძოლი ადამიანების ნაწილი გაურკვეველ ენაზე საუბრობს. ზელენსკის აზრით, რუსეთს ისინი, სავარაუდოდ, სირიიდან ან სხვა ადგილებიდან ჩამოჰყავს“.
“ჩვენ ვენდობით ამ ქვეყნების ლიდერებს. როდესაც ვსაუბრობთ უსაფრთხოების გარანტიებზე, ჩვენს მომავალზე ევროკავშირში ან სანქციებზე, 100%-ით დარწმუნებული ვართ, რომ ყველაფერს, რასაც განვიხილავთ, მოჰყვება დადებითი შედეგები ჩვენი ქვეყნისთვის”, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
“ჩვენ არასდროს დაგტოვებთ მარტო. ჩვენ ვიქნებით თქვენთან ერთად, რადგან ვიცით, რომ თქვენ იბრძვით არა მხოლოდ თქვენი თავისუფლებისთვის ან უსაფრთხოებისთვის, არამედ სხვებისთვისაც”, – თქვა პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა მატეუშ მორავეცკიმ შეხვედრის დასრულების შემდეგ.
დასავლეთ ევროპის ქვეყნების ლიდერებმა კიევი მანამდე დატოვეს, სანამ ქალაქში კომენდანტის საათი გამოცხადდებოდა. მათ განაცხადეს, რომ ევროკავშირის მისიით იმყოფებოდნენ უკრაინაში, თუმცა ბლოკის სხვა წევრი ქვეყნების წარმომადგენლებმა აღნიშნეს, მათ დამოუკიდებლად მიიღეს უკრაინაში ჩასვლის გადაწყვეტილება.