მთავარიევროპაუკრაინასაკუთარი ქვეყნის დასახმარებლად ლვოვში საზღვარგარეთ მცხოვრები უკრაინელები ჩადიან

საკუთარი ქვეყნის დასახმარებლად ლვოვში საზღვარგარეთ მცხოვრები უკრაინელები ჩადიან

უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ ქალაქ ლვოვში უამრავი უკრაინელი დევნილი  ჩავიდა. ამ კრიზისულ პერიოდში საკუთარი ქვეყნის დასახმარებლად ლვოვში ასევე ჩადიან ის უკრაინელები, რომლებიც საზღვარგარეთ ცხოვრობენ.

„ევრონიუსის“ ჟურნალისტი ანელის ბორჯესია ლვოვიდან.

რუსეთი კვლავ აგრძელებს სამხედრო აგრესიას უკრაინის წინააღმდეგ, რუსეთის ძალების მიერ ერთ-ერთ ყველაზე მომაკვდინებელ თავდასხმას სულ მცირე 30 ადამიანი ემსხვერპლა. კვირას დილით პოლონეთის საზღვრიდან 20 კილომეტრში დაბომბეს სამხედრო ბაზა, რომელსაც თებერვალში ნატოსა და უკრაინის სამხედრო ძალები ერთობლივი წვრთნების დროს იყენებდნენ. ახლა კი ბაზაზე ის უცხოელები იყვნენ, რომლებიც საბრძოლველად ჩავიდნენ. თვითმხილველები ამბობენ, რომ ცა წითლად იყო განათებული.  რუსულმა მოიერიშე თვითმფრინავებმა ცეცხლი გაუხსნეს მიმდებარე ტერიტორიებს.

ლვოვში ბევრი ადამიანი ფიქრობს, რომ უსაფრთხო ადგილი აღარ არსებობს. ომის დაწყების შემდეგ ქალაქი საგრძნობლად შეიცვალა. ამ ადგილას უამრავი დევნილი უკრაინელია. კრიზისულ პერიოდში საკუთარი ქვეყნის დასახმარებლად საზღვარგარეთ მცხოვრები უკრაინელებიც ჩამოდიან.

ეს ადამიანები თავდაუზოგავად მუშაობენ, რომ შექმნან ერთიანი ბაზა იმ უკრაინელებისთვის, რომლებსაც დახმარება ესაჭიროებათ. ისინი ცდილობენ, უკრაინელები დააკავშირონ ევროპის ქვეყნების იმ მოქალაქეებთან, რომლებსაც ამ ადამიანების დახმარება სურთ.  მოხალისეები ამბობენ, რომ  მზად არიან, დევნილებისთვის  მიიღონ ნებისმიერი სახის დახმარება არა მხოლოდ ქვეყნების მთავრობების მხრიდან, არამედ რიგითი მოქალაქეებისგანაც.

მოხალისეებს იმედი აქვთ, რომ ბევრი ევროპელი გამოთქვამს დახმარების სურვილს. რამდენიმე უცხოელი უკვე მზად არის, დააბინაოს დევნილები ჰოსტელებსა თუ სხვა ადგილებში.  მათ სურთ, ასეთ რთულ პერიოდში ცოტათი მაინც  შეუმსუბუქონ მდგომარეობა დევნილებს. მოხალისეებს დახმარება ორ მთავარ საკითხში სჭირდებათ, ეს არის ლოგისტიკური მხარე და ამ ადამიანების დაბინავება. ისინი ასევე საუბრობენ იმ ბავშვებზე, რომლებიც კონფლიქტის მსხვერპლნი გახდნენ.

უკრაინის სამხრეთ აღმოსავლეთ ნაწილში ალყაშემორტყმული მარიუპოლის 400 000 მოქალაქეს შორის ბევრი ბავშვია. გასულ უქმეებზე 24 საათის განმავლობაში რუსულმა სამხედრო ძალებმა 22 ავიაიერიში მიიტანეს. მარიუპოლიდან მშვიდობიანი მოსახლეობის გაყვანის მცდელობა წარუმატებლად დასრულდა, რადგან ჰუმანიტარულ დერეფნებს გამუდმებით ბომბავენ. თუკი ადამიანები მოახერხებენ მარიუპოლიდან გამოსვლას, მათი უმეტესობა აქ, ლვოვში, ჩამოვა. თუმცა ისიც გასათვალისწინებელია, რამდენად შეძლებს იმ დროისთვის ქალაქი მათ მიღებას.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend